Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა ოთარაშვილი - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის"(N8) პროგრამაზე


19 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვაჟა ოთარაშვილი, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის" (N8) წარმომადგენელი, კასპის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. ვაჟა ოთარაშვილმა საუბარი განათლების სფეროს რეფორმირების თემით დაიწყო: „აუცილებელია კულტურის და განათლების ძირეული რეფორმის ჩატარება. უნდა შეიცვალოს მთლიანად განათლების სისტემა, რაც გულისხმობს შემდეგს: საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. სკოლამდელი, საშუალო და პროფესიული სასწავლებლები უნდა იყოს უფასო. ჩვენ შემოგვაქვს უფასო, სავალდებულო, უმაღლესი სამწლიანი განათლება“, - აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი და ამგვარ მიდგომას მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკური გაჭირვებით ხსნის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს უვადო შრომითი ხელშეკრულებები მასწავლებლებისთვის, რაც მათ დაიცავდა პოლიტიკურ პროცესებში ადმინისტრაციულ რესურსად გამოყენებისგან. ვაჟა ოთარაშვილის თქმით, მასწავლებლებით კომპლექტდება საარჩევნო კომისიები და წინასაარჩევნოდ მათ სახელისუფლებო კანდიდატებთან შეხვედრებზე დაატარებენ. „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე საქართველოს ისტორიის სწავლება სკოლებში უნდა იყოს პრიორიტეტული. ვაჟა ოთარაშვილმა საუბრის დიდი ნაწილი დაუთმო სოფლად არსებულ პრობლემებზე საუბარს. მან აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ყველა სოფელში გადაწყდება სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხი. ვაჟა ოთარაშვილმა მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის სისტემის ხარვეზებზეც ილაპარაკა. „პატრიოტთა ალიანსის“ კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი შეეხო გარემოს დაცვის საკითხს - როცა გარემოზე საწარმოს მავნე ზემოქმედების გამო ქართლის სოფლებში ცალკეული კულტურები ნადგურდება, სასმელი წყლის ჭები შრება და მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ექმნება. ვაჟა ოთარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ღია ნაგავსაყრელების პრობლემაზე. რაც შეეხება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს, ვაჟა ოთარაშვილმა განაცხადა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, მომხრე ვართ ევროპასთან ინტეგრაციისა. ჩვენ ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ, მაგრამ ჩვენ ევროპისგან გვინდა ის მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები, რომლებიც ადგილობრივ წარმოებებს შეგვიქმნის“, - აღნიშნა სტუმარმა და ილაპარაკა ადგილობრივი წარმოების კონკურენტულობის ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობის შეცვლაზეც, რაც ძირითადად თურქეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს გაართულებს. ვაჟა ოთარაშვილი ამბობს: „ჩვენ რუსეთთან გვჭირდება ღია, უვიზო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. რუსეთის ბაზარი ქართველი გლეხისთვის არის მშობლიური, ამიტომაც თავისუფლად უნდა გადადიოდეს საქართველოს მოქალაქე რუსულ ბაზარზე“. აქვე სტუმარმა აღნიშნა: „აქ დგება მეორე საკითხი - რომ რუსეთი არის ჩვენი დამპყრობი, რომელმაც ოკუპაცია მოახდინა საქართველოს მიწების 22%-ზე მეტისა, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ თურქეთს 35%-ზე მეტი აქვს ქართული ტერიტორიებისა... ორივე იმპერიაა საქართველოსთვის, ორივემ საკმაოდ დიდი მიწები წაგლიჯა...“. ნატოში ინტეგრაციას რაც შეეხება, ვაჟა ოთარაშვილი აცხადებს: „ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს, ეს არაერთხელ განაცხადა ნატოს ხელმძღვანელობამაც. უბრალოდ, ჩვენი ბიჭები ავღანეთში იბრძვიან და მსგავსი საზარბაზე ხორცი იბრძოდა საბჭოთა პერიოდშიც ავღანეთში“.

ვაჟა ოთარაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:20:51 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG