Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლეის ენერგია


26 მარტს თბილისს ალტერ ვიჟენ ჯგუფის მოწვევით ესტუმრა ისლანდიელი მომღერალი, სოლეი და კონცერტი გამართა Spacehall-ში.

რადიო თავისუფლება: ისლანდიელი ხარ. ისლანდია ისეთივე პატარა ქვეყანაა, როგორიც საქართველო, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, ისლანდიური მუსიკა ბევრად პოპულარულია მსოფლიოში. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? საერთოდ, საინტერესო იქნება შენგან ისლანდიური მუსიკალური სცენის შეფასება.

სოლეი: ისლანდიური მუსიკა? არ ვიცი. პირველ რიგში, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ისლანდიაში გარკვეული ენერგიაა, რომელსაც მუსიკა გამოხატავს. ზოგადად, ხელოვნებაში ბევრი ისლანდიელია ჩართული, თუმცა ისე ცოტანი ვართ, სადღაც სამასი ათასი, რომ შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეს, რომ ყველა ხელოვანია. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ როცა ამდენი ხალხი მუსიკით არის დაკავებული, არ გინდა შენი მუსიკა შენი მეგობრის მუსიკას ჰგავდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ისლანდიური მუსიკა დიდი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა - ყველა ცდილობს რაიმე განსაკუთრებული შექმნას.

რადიო თავისუფლება: თუ შეგიძლია დაასახელო შენი საყვარელი შემსრულებლები ისლანდიიდან?

სოლეი: ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მუსიკოსია სქული (Skúli Sverrisson), რომელიც ბასზე უკრავს და, უჰ, გადასარევ მუსიკას აკეთებს. მისი მეგობარი გოგონაც, ოლაფ არნალდი, ძალიან მიყვარს. ის გიტარაზე უკრავს და ნამდვილად ძალიან ლამაზ სიმღერებს წერს.

რადიო თავისუფლება: და არაისლანდიელები?! ვის უსმენ უფრო ხშირად?

სოლეი: არაისლანდიელი ძალიან ბევრია. არ ვიცი, საიდან დავიწყო. ახლა ვუსმენ… ვის ვუსმენ? ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მუსიკოსია ჯონან იუსონი, არფაზე უკრავს.

რადიო თავისუფლება: სოლო კარიერამდე ჯგუფთან მუშაობის გამოცდილებაც გქონდა - Seabear-თან თანამშრომლობდი, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო ისლანდიური ჯგუფია.

სოლეი: მე ვფიქრობ, ორივე სახალისოა და საინტერესო. სოლო პროექტი საშუალებას გაძლევს ის აკეთო, რაც გინდა, მაგრამ ბენდთან მუშაობაც საინტერესოა - სწავლობ კომპრომისებს, რაც გეხმარება უკეთ მუშაობაში და კარგია, როცა ასეთი ჯანსაღი გამოცდილება გაქვს. მაგრამ ჩემი პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია, მიყვარს ჩემი პროექტი.

რადიო თავისუფლება: შეიძლება შენი მუსიკა სხვადასხვა პერიოდებად დავყოთ? და თუ კი, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?

სოლეი: თუ ალბომებზე ვილაპარაკებთ, ჩემი პირველი ალბომი, We Sink, რომელიც 2011-ში გამოვუშვი, ექსპერიმენტებით იყო სავსე. მეორე ალბომი, Ask the Deep, უფრო მძიმე იყო - ორღანით, ელექტროჟღერადობით. შემდეგ იყო მესამე ალბომი, „უსასრულო ზაფხული“, სადაც მეტი აქცენტი ინსტრუმენტებზე გადავიტანე. მინდოდა ეს ალბომი ყოფილიყო უფრო მსუბუქი, გაზაფხულზე, იმედზე… ეს არ არის ძალიან მხიარული ალბომი ბედნიერ დროზე ან მაინცდამაინც ზაფხულზე, ეს არის გრძელი ზამთრის მერე გაზაფხულის მოსვლის თანმდევ განწყობაზე, განახლებაზე...

რადიო თავისუფლება: პატარა გოგონა გყავს. რამდენად არის ჩართული შენს მუსიკაში? ესწრება კონცერტებს, რეპეტიციებს, უსმენს შენს მუსიკას?

სოლეი: რა თქმა უნდა, უსმენს ჩემს სიმღერებს და აქვს თავისი საყვარელი სიმღერები, ცდილობს იმღეროს კიდეც, მაგრამ ძალიან სასაცილო და საყვარელია, რასაც მღერის, ვინაიდან ინგლისური არ იცის. მანქანაში ვასმენინებ ხოლმე ახალ სიმღერებს, როცა ბაღიდან გამომყავს, - დღეს ხომ ძირითადად სტუდიაში ვატარებ. ის ჩემთვის შთაგონების წყაროც არის. ერთ-ერთი სიმღერა, მაგალითად, ბოლო ალბომიდან სწორედ ჩემს შვილს ეძღვნება. შვილის დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, როგორც ყველა დედის ცხოვრებაში იცვლება ხოლმე. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასე ძლიერად შეიძლებოდა ადამიანის სიყვარული.

რადიო თავისუფლება: დედობა გამოწვევა აღმოჩნდა შენთვის? როგორ ანაწილებ დროს?

სოლეი: რა თქმა უნდა, ძნელია, როცა სამუშაოდ მივდივარ და მეუბნება, დედა, არ წახვიდე, არ წახვიდე, შენთან მინდაო. ზრდასთან ერთად ვცდილობ გასართობი საქმეც საკმარისად ჰქონდეს. თუმცა მზრუნველი ქმარი მყავს, კარგი ოჯახი, რომლებიც მეხმარებიან და შემიძლია შედარებით მშვიდად ვიყო. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, სხვანაირად არ გამოვა.

რადიო თავისუფლება: რამდენად მნიშვნელოვანია ვიზუალი, რომელიც შენს მუსიკას სდევს თან? როგორ აკეთებ ალბომების ყდებს, ვიდეოებს, ინსტალაციებს ლაივ პერფორმანსისთვის?

სოლეი: ძალიან მნიშვნელოვანია. მე მყავს მეგობარი, ინგა, რომელსაც ეკუთვნის ყველა ჩემი ალბომის ყდის დიზაინი. როცა ალბომზე ვმუშაობ, სულ ვიცი, რომელი ფერის უნდა იყოს. შემდეგ ერთად მსჯელობთ ხოლმე და ერთად ვწყვეტთ როგორი იყოს. თუმცა შემოქმედებით თავისუფლებას სრულად ვაძლევ.

რადიო თავისუფლება: როგორია შენთვის მუსიკისთვის ტექსტების წერის პროცესი? საიდან იღებ შთაგონებას?

სოლეი: როგორც წესი, ერთი წინადადება ან პატარა ისტორია მაქვს ხოლმე, რომლებზეც ვაგებ დანარჩენ ტექსტს. ინსპირაცია შეიძლება იყოს წიგნი, ინტერნეტი, პოემები… ჩემს ალბომებს, ალბათ, უფრო წიგნებს შევადარებდი. ლექსი მაინც ინსპირაციის ყველაზე დიდ წყაროდ რჩება.

რადიო თავისუფლება: შეიძლება შენს ტექსტებში შენ გიპოვოთ ან შენი ემოციები, თუ სხვების ამბებზე მღერი?

სოლეი: ალბათ, ორივე. ძნელია სიმღერები ისე აკეთო, შიგნით შენი ემოციები არ ჩადო. მაგრამ ზოგად ამბებზეც ვმღერი. მაგალითად, ჩემს ახალ ალბომში არის სიმღერა მთვარეზეც და ჩემს შვილზეც.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG