Accessibility links

logo-print

მარი აკრამი: შიშთან ბრძოლა ავღანელი ქალების მთავარი გამოწვევაა


მარი აკრამი

მარი აკრამი

36 წლის ქაბულელი უფლებადამცველი მარი აკრამი არასამთავრობო ორგანიზაცია „ავღანელ ქალთა უნარების განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. ის ათ წელზე მეტია ავღანეთში ქალთა უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველია, 2003 წელს კი ქაბულში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის პირველი თავშესაფარი გახსნა. მას ნინო თარხნიშვილი ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: შენ ხარ პირველი ადამიანი, რომელმაც ავღანეთში ქალთა თავშესაფარი გახსნა. როგორია შენი გამოცდილება?

მარი აკრამი: ჩვენმა ორგანიზაციამ, ჩემი ინიციატივით, მართლაც გახსნა პირველი თავშესაფარი ავღანეთში. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, არ მქონდა საკმარისი გამოცდილება ამ მიმართულებით, მაგრამ სისტემატურად ვაგროვებდი დამატებით ცნობებს იმ ქალთა თავშესაფრების შესახებ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებდა - მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პაკისტანი, ირანი. თავშესაფრის გახნის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც გავაცნობიერე, რამდენად ხშირად ირღვეოდა ჩემს ქვეყანაში ქალთა უფლებები. ქალები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი და მათ, როგორც უბრალო ნივთებს, ისე ეპყრობოდნენ. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, მათი უფლებების დამცველები კი არსად ჩანდნენ. ჩემს ინსპირაციად სწორედ ძალადობის მსხვერპლი ქალები იქცნენ და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, გამეხსნა თავშესაფარი, სადაც ქალები თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ. მას შემდეგ ვეძებდი ხელსაყრელ მომენტს და ასეც მოხდა: 2003 წელს ჩემს არასამთავრობო ორგანიზაცია „ავღანელ ქალთა უნარების განვითარების ცენტრთან“ ერთად გავხსენი ქალთა პირველი თავშესაფარი ავღანეთში.

რადიო თავისუფლება: თუ გახსოვს პირველი ბენეფიციარები, რომლებმაც შენს თავშესაფარს მოაკითხეს?

მარი აკრამი: კი, რა თქმა უნდა, მახსოვს ის ქალები, რომლებმაც პირველებმა მომართეს ჩვენს თავშესაფარს. ავღანეთში პრობლემაა ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ ტაბუ არსებობს, თითქოს, ისინი თავად იყვნენ ძალადობაში დამნაშავენი. თავშესაფარში მოსული თითოეული ქალის ისტორია განსხვავებულია, თუმცა მათი ამბავი ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ისინი საზოგადოებამ გარიყა. პირველი ქალი, რომელმაც ჩვენ მოგვაკითხა, იყო ყოფილი პატიმარი, რომელმაც წლები გაატარა საპყრობილეში, გათავისუფლების შემდეგ კი არსად ჰქონდა წასასვლელი. ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა და არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა და, რაც მთავარია, სახლ-კარისა და თანადგომის გარეშე იმიტომ დარჩა, რომ არც მისი ოჯახის წევრები და არც საზოგადოება არ იყო მზად მისთვის თანადგომა გაეწია, რადგან ცუდი რეპუტაციის ქალად მიიჩნევდნენ. ჩვენ მას მივეცით შესაძლებლობა ჰქონოდა უსაფრთხო თავშესაფარი და მისი უფლებები, შეძლებისდაგვარად, დაცული ყოფილიყო. თავშესაფრის მიცემის გარდა კი, იურიდიული დახმარებაც გავუწიეთ.

რადიო თავისუფლება: როგორ გაბედე ამ საქმიანობის დაწყება, არ იყო რთული თავშესაფრის ორგანიზება?

მარი აკრამი: სიტუაცია, მართლაც, რთული იყო. ჩვენი ორგანიზაციისთვის თავშესაფრის გახსნა იმ რთულ პირობებში, რაც ავღანეთშია, ნამდვილი გამოწვევა იყო. ჩვენი ტრადიციების მიხედვით, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის საქმიანობა მიუღებელია, მაგრამ 2002 წელს გაგვიჩნდა შანსი ეს გამოწვევა მიგვეღო და ყველაფერი ვიღონე იმისათვის, რომ მსხვერპლი ქალებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი გამეკეთებინა და გარდა ამისა, მათთვის იურიდიული დახმარებაც გაგვეწია. მინდა გითხრათ, რომ იმ დროისათვის საკმაოდ ძნელი იყო ავღანელი საზოგადოებისა და მთავრობისათვის ამ თავშესაფრის მნიშვნელობა გაგეცნო და დაგერწმუნებინა, რომ ასეთი თავშესაფრები ისეთ ქვეყანაში, როგორიც ავღანეთია, განსაკუთრებით აუცილებელია. დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ საზოგადოების თუნდაც გარკვეული ნაწილის ნდობა მოგვეპოვებინა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა.

რადიო თავისუფლება: საინტერესოა, თუ გქონია რაიმე სერიოზული პრობლემა იმის გამო, რომ შენ ავღანეთში ქალთა უფლებებს იცავ?

მარი აკრამი: დიახ, უამრავ პრობლემას ვაწყდებოდი. ეს მართლა დიდი რისკი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ დავაყენე და ჩემს იდეას ვუერთგულე. ხშირად მემუქრებოდნენ თავად დამნაშავეებიც კი. გარდა ამისა, ავღანეთში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, მასხარად იგდებს როგორც მსხვერპლთ, ისე მათი უფლებების დამცველებს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკმაოდ რისკიანი საქმეა. განათლების ნაკლებობა სერიოზული ბიძგია ადამიანებისათვის, დანაშაული, უკანონო ქმედება ჩაიდინონ. მათ ისიც აგულიანებთ, რომ დამნაშავე ხშირად დაუსჯელი რჩება. მთელი ამ წლების განმავლობაში ინტენსიურად ვამზადებ ჯგუფებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ ქალების მიმართ ძალადობა დანაშაულია. ყველა მიმართულებით ვაწყდებოდი პრობლემებს, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმედი და რწმენა, რომ თუკი ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტები საქმეს ბოლომდე მივყვებოდით, აუცილებლად მოვახერხებდით სიტუაციის შეცვლას. და ეს იმედი მაიძულებდა, წინ წავსულიყავი და ხელები არ ჩამომეყარა.

რადიო თავისუფლება: მარი, მინდა გკითხო პოლიციასა და სასამართლოზე. ავღანეთში უფლებადამცველები ხშირად ამბობენ, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა სასამართლო დონეზე საკმაოდ რთულია, რადგან როგორც სამართალდამცავების, ისე სასამართლოს აზრით, დამნაშავე ყოველთვის ქალია და მათი გამართლება მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული. როგორია ამ მხრივ შენი გამოცდილება?

მარი აკრამი: ეს კარგი კითხვაა. ორივე მხარე - პოლიციაც და სასამართლოც - ავღანეთში საკმაოდ კორუმპირებულია. ძალიან ხშირია და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ასეთ საკითხებს ძირითადად მამაკაცები განიხილავენ და ეს სფერო ქალების სერიოზულ ნაკლებობას განიცდის. ჩვენ ვცდილობთ ამ მიმართულებითაც შევცვალოთ მდგომარეობა. სოციალურმა ქსელებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია საიმისოდ, რომ ბევრი გამოუძიებელი და გადაუჭრელი საქმე წინ წამოგვეწია და გაგვეხმაურებინა. ამ ყველაფერს მე მთავრობის სისტემურ წარუმატებლობას ვუკავშირებ. სისტემა კორუმპირებულია. ჩვენმა ორგანიზაციამ პოლიციელი ქალების სასწავლო პროგრამა გამოაცხადა. პოლიციელი ქალების რაოდენობა ავღანეთში საკმაოდ მცირეა, არადა, მათ რეალურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქალთა უფლებების დაცვაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამას გრძელვადიანი პროგრამები სჭირდება. რაც უფრო მეტი პოლიციელი ჩაერთვება ამ პროგრამაში - არა აქვს მნიშვნელობა, პოლიციელები ქალები იქნებიან თუ კაცები - და რაც უფრო მეტი მათგანი გააცნობიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით ქალთა უფლებების კუთხით, მით უფრო კარგი იქნება ავღანელი საზოგადოებისთვის. მე ვიყავი ერთ-ერთი მოწმე სასამართლოზე ბოლო ხანებში ავღანეთში გახმაურებულ საქმეზე. ვგულისხმობ ავღანელ გოგონას, საჰარ გიულს, რომელიც 12 წლის ასაკში გაათხოვეს და რომელიც ქმრის ოჯახში ქმრისა და მისი ნათესავების მხრიდან სასტიკი, გაუგონარი წამების მსხვერპლად იქცა. ცოტა ხნის წინ დამნაშავეები სასამართლომ გაათავისუფლა, მაგრამ ჩვენ, უფლებადამცველები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საჰარ გიულის საქმეზე სამართლიანობა აღდგეს და დამნაშავეები დააპატიმრონ.

რადიო თავისუფლება: რამდენად აქტიურები არიან თავად ქალები ავღანეთში? იციან მათ საკუთარი უფლებების შესახებ? არ ეშინიათ საკუთარ უფლებებზე საუბარი, საუბარი მათ მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე, იმავე ოჯახურ ძალადობაზე?

მარი აკრამი: ახლა უფრო დაიწყეს ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ავღანეთში ქალთა უფლებებზე სასაუბროდ საკმაოდ არახელსაყრელი გარემოა. საბედნიეროდ, ავღანეთში არიან მამაცი ქალები, რომლებსაც არ ეშინიათ ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ მამაცი აქტივისტების უსაფრთხოება ქვეყანაში არ არის დაცული და ეს საკითხი დღემდე პრობლემად რჩება. ცხადია, მას, ვინც სხვისი უფლებებისთვის იბრძვის, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლებები. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში თითოეული ადამიანის უფლებაა. დარწმუნებული ვარ, ქალები ავღანეთიდან გამოძებნიან გზებს ხმა დანარჩენ მსოფლიოსა და საზოგადოებასაც მიაწვდინონ. ეს გამბედაობას და საქმის ერთგულებას მოითხოვს. ჩვენ ყოველთვის თან გვდევს, თავს დაგვტრიალებს შიში და ამ შიშის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენი უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნოს. მაგრამ, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლომდე შევძლოთ ამ შიშთან ბრძოლა და იმ იდეის ერთგულება, რომელსაც ვემსახურებით. ეს ავღანელი ქალების მთავარი გამოწვევაა.
XS
SM
MD
LG