Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრად ჩვენს რადიოში


ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს მომდევნო 10-15 წელიწადში ევროპული პერსპექტივის მიცემას ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი. ამ და სხვა საკითხებზე სობოტკამ ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც ჩვენი რადიოს ერთ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ამ დღეებში რადიო თავისუფლება აღნიშნავს შტაბბინის პრაღაში გადმოტანის მე-20 წლისთავს. მიუნხენიდან, ანუ გერმანიის ქალაქიდან, სადაც 1949 წელსრადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლება დაარსდა, პრაღაში, ჩეხეთის დედაქალაქში გადმოსვლის ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის შეკრება, რომელსაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკაც დაესწრო. სწორედ ამ, 30 ივნისს გამართულ, შეკრებას მოჰყვა საუბარი ბოჰუსლავ სობოტკასთან. ჩვენმა კორესპონდენტმა საუბარი დაიწყო შეკითხვით, რა შეიძლება ისწავლონ დემოკრატიზაციის პროცესში მყოფმა ქვეყნებმა ჩეხეთისგან, რომელმაც უკვე გაიარა ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა.

„ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია წესების დაცვა და იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც მოქმედებს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოიარა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელსაც არ სდევდა საკმარისი აქცენტი კანონის აღსრულებაზე, კანონის უზენაესობაზე და ამას მოჰყვა დიდი იმედგაცრუება ხალხში. ამას მოჰყვა ასევე პრივატიზაციასთან დაკავშირებული თაღლითობის მრავალი შემთხვევა, რომლებმაც, თავის მხრივ, დაასუსტა დემოკრატიის მიმართ ნდობა. გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოახდინონ არა მარტო ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, არამედ აქცენტი გააკეთონ კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე“, - ასე ფიქრობს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი რადიოს მსმენელებისთვის - მათ შორის, საქართველოში - ჩეხეთის ბოლო რამდენიმე ათწლეულის ისტორია უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა, დისიდენტისა და პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის, სახელს -კაცს, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა ტოტალიტარულ რეჟიმს. დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტია მილოშ ზემანი, რომელიც ხშირად ლაპარაკობს მოსკოვთან დაახლოების საჭიროებაზე, უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის მიუხედავად.

ჩვენმა კორესპონდენტმა პრემიერ-მინისტრ სობოტკას ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბოლო წლებში შეიცვალა პრაღის გეოპოლიტიკური კურსი.

„არა მგონია, რაიმე ცვლილება მომხდარიყო ჩეხეთის რესპუბლიკის გეოპოლიტიკურ ხედვაში. ჩვენ ვართ ნატოს შემადგენლობაში, ევროპის კავშირის შემადგენლობაში და უნდა გითხრათ, რომ მივეკუთვნებით ორივე ორგანიზაციის აქტიურ წევრებს. შეიცვალა ის, რომ ევროპაში ბოლო წლებში ვითარება განიმუხტა: გაძლიერდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა - ეს ეხება არა მარტო ჩეხეთს, არამედ გერმანიასაც, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს. და ის, რაც ახლა მოხდა რუსეთის პოლიტიკაში უკრაინის მიმართ, ეს დიდი შოკია ჩვენთვის, ყველასთვის. ევროპამ უნდა იმუშაოს ამ საკითხზე, მასზე რეაგირება მოახდინოს და მიხარია, რომ ევროპის რეაგირებისას ჩვენ ყველა ერთად ვმოქმედებთ“, - უთხრა ჩვენს რადიოს სობოტკამ.

ინტერვიუში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოც ახსენა - კერძოდ, როცა პასუხობდა შეკითხვას, იზიარებს თუ არა ის ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის, მოსაზრებას, რომ რუსეთი, შესაძლოა, მომდევნო 20-მდე წელიწადში გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ევროპის კავშირი დაინტერესებული უნდა იყოს აღმოსავლეთის საზღვარზე ყოველგვარი რკინის ფარდის ჩამოშვების თავიდან აცილებით. ამის მიუხედავად, სანამ შევუდგებით რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაახლოების თუნდაც თეორიულად განხილვას, ჯერ უნდა გადავჭრათ ერთი წმინდა წყლის პრაქტიკული პრობლემა: რა ბედი ელის ჩვენი საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობისაკენ მიისწრაფვიან - ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევაა ევროკავშირში მათი გაწევრიანება. ნამდვილი ამოცანა მომდევნო 10 ან 15 წლისთვის არის - იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირში გაწევრიანების პირობების შესრულებას - მათთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა“, ასე ფიქრობს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება რუსეთთან ჩეხეთისა და ევროკავშირის დაახლოებას, პრემიერ-მინისტრი სობოტკა დასძენს: „რუსეთთან ევროკავშირის დაახლოება - ეს საკითხი უფრო მოგვიანებით არის განსახილველი და დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა რუსეთი აღიაროს ფაქტი, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი არიან სუვერენული ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთ მომავალთან დკავშირებით“, - განაცხადა ჩვენს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩეხეთის რესპუბლიკის (ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის) პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ.

სობოტკას აზრით, აუცილებელია ძალაში დარჩეს რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები, სანამ არ შესრულდება უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG