Accessibility links

logo-print

ბრიუს ენდრიუსი: საქართველო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის "ჰაბად" უნდა გადაიქცეს

  • ნიკო ნერგაძე

ბრიუს ენდრიუსი

ბრიუს ენდრიუსი

საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყო აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი. ფორუმის დასრულების შემდეგ მას ნიკო ნერგაძე შეხვდა და ამერიკისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობათა პერსპექტივებზე ელაპარაკა. თავდაპირველად კი ჰკითხა, თუ რითი შეიძლება იყოს საქართველოსნაირი მცირე მოცულობის ქვეყანა მომხიბვლელი აშშ-ისათვის.

ბრიუს ენდრიუსი: მე მგონია, რომ რამდენიმე რამის გაკეთება შეიძლება. პირველი ისაა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს - როგორც სავაჭრო, ისე გეოპოლიტიკური პერსპექტივით. ჩემზე ასევე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს თავის ყველა მეზობელთან, გარდა ერთისა. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს აღმოსავლეთის და დასავლეთის მიმართულებებით და ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც ახერხებს მეზობლებთან ურთიერთობას, უკვე დიდი უპირატესობაა. ასე რომ, ერთია შესაძლებლობა გადაიქცეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის "ჰაბად", სადაც იმოძრავებს საქონელი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი ერთი ადგილიდან მეორისკენ გადაადგილდება (საქართველოს საამისოდ ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს). მეორე - ეს სოფლის მეურნეობის სექტორია. აქ ბიზსნესის ამ სექტორის წარმომადგენლებს ველაპარაკე და ისინი აცნობიერებენ, რომ აქ საინტერესო შესაძლებლობები არსებობს. სავარაუდოდ, ამ სფეროში რეფორმები ჩატარდება, ცვლილებები იქნება, მაგრამ უკვე შეიძლება დაინახო, რომ ეს ამ ქვეყნის ძლიერი მხარეა. ასევე, საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შეასრულოს. როდესაც ამერიკელები ნახავენ, თუ რა ლამაზია საქართველო, თავისი მთებითა და მდინარეებით, მას საინტერესო ადგილად აღიქვამენ.

ამას გარდა, საქართველო საინტერესოა ამერიკელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ქვეყანას ბიზნესის საწარმოებლად. მე ველაპარაკე რამდენიმე მათგანს და, ვფიქრობ, ისინი აქ კარგ შესაძლებლობებს ხედავენ, რადგან მთავრობამ შეძლო ბევრი კარგი რამის გაკეთება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები ჩამოდიან და ხედავენ აქ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, როდესაც ხედავენ, როგორ იმართება ქვეყანა, ეს მათზე შთაბეჭდილებას ახდენს - მეტის გაგება უნდათ ხოლმე და ისინი საქართველოში ბრუნდებიან...

რადიო თავისუფლება: რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესისთვის ის უფრო შესამჩნევი გახდეს? კონკურენცია მთელ მსოფლიოში მაღალია. როგორ შეუძლია საქართველოს მათ აღუძრას სურვილი, რომ ფული დააბანდონ არა, ვთქვათ, გერმანიაში ან ჩინეთში, ან ლიტვაში, არამედ საქართველოში?

ბრიუს ენდრიუსი: მე მგონი, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებს. ძირითადად ეს ეხება რეფორმების ეფექტიანობის ამაღლებას. მაგალითად, გეტყვით: ვაჭრობის სამინისტრომ მარტში ჩამოიყვანა დელეგაცია, რომელიც რამდენიმე კომპანიისგან შედგებოდა. ბოლო წლების განმავლობაში სამი ასეთი ღონისძიება ჩატარდა. ჩვენ დავინახეთ, რომ როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები ჩამოდიან და ხედავენ აქ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, როდესაც ხედავენ, როგორ იმართება ქვეყანა, ეს მათზე შთაბეჭდილებას ახდენს - მეტის გაგება უნდათ ხოლმე და ისინი საქართველოში ბრუნდებიან. ყველაზე კარგი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ გააგრძელოს ქვეყნის წარმოჩენა და ფხიზლად იყოს რეფორმებთან მიმართებაში. საქართველომ უნდა გააგრძელოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაცია და იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მას ახლავს თან; გააგრძელოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; შეინარჩუნოს სასამართლო სისტემა, რომელიც სამართლიანად და მიუკერძოებლად არის მიჩნეული... სწორედ ასეთ რამეებს აქცევენ ყურადღებას ბიზნესმენები, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დგება. გეტყვით, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, სადაც ისინი ამას ვერ ხედავენ.

რადიო თავისუფლება: არ ვიცი, რამდენად თქვენ უნდა გისვამდეთ ამ შეკითხვას, მაგრამ თუ იცით: საქართელოში მთავრობის შეცვლასთან ერთად ხომ არ იცვლება მისი ამგვარი აღქმა? მსგავსი შთაბეჭდილება ხომ არ დაგრჩათ, მაგალითად, ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბრის შედეგად?

ქართული ღვინის გასინჯვის შემდეგ დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს ამერიკაში კარგად გაიყიდებოდა. ჩემი აზრით, მთელი რიგი ქართული პროდუქტებისა საინტერესო იქნებოდა ამერიკისთვის...

ბრიუს ენდრიუსი: ამაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ გაგცემთ. შევხვდი მთავრობის რამდენიმე ლიდერს, შევხვდი აქ ყოფნის პერიოდში და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა მათმა ხედვამ: ისინი ხედავენ საქართველოს მომავალს, როგორც ლოგისტიკის "ჰაბისას" და იყენებენ იმ შედარებით უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს აქვს. თუმცა ვერ შევადარებ ერთ მთავრობას მეორეს, ამისათვის საკმარისი კონტექსტი არ გამაჩნია.

რადიო თავისუფლება: რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ საქართველოსათვის საექსპორტო მიზანი გახდეს? შეუძლია ქართულ ბიზნესს, რომ პროდუქტი ამერიკაში გაყიდოს?

ბრიუს ენდრიუსი: ქართული ღვინის გასინჯვის შემდეგ დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს ამერიკაში კარგად გაიყიდებოდა. ჩემი აზრით, მთელი რიგი ქართული პროდუქტებისა საინტერესო იქნებოდა ამერიკისთვის. მე სხვადასხვა სფეროების სპეციფიკას არ გავცნობივარ, მაგრამ მგონია, რომ ღვინო შეიძლება კონკურენტული პროდუქტი გახდეს ამერიკაში.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ კარგი ურთიერთობა, რომელიც საქართველოს აქვს თავის მეზობლებთან. ზოგიერთი ექსპერტი წერდა, რომ ირანთან კარგი ურთიერთობა შესაძლოა აუარესებდეს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არის ამაში რამე სიმართლე?

მოახდინოს ფოკუსირება იმაზე, რაც კარგად გამოსდის - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელადაა საჭირო, მონაწილეობა მიიღოს რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის შექმნაში და გამოიყენოს თავისი უპირატესობა ჰიდროენერგეტიკის სფეროში, გააგრძელოს ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს განვითარება, გააგრძელოს ღვინის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარება...

ბრიუს ენდრიუსი: არა, შეერთებული შტატები მოელის, რომ ყველა ქვეყანა დაემორჩილება დაწესებულ სანქციებს. მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს, ბუნებრივია, ექნება ურთიერთობა თავის მეზობელ ირანთან. სანქციებისადმი დამორჩილების გარდა, ველით, რომ საქართველო არ დაუჭერს მხარს ირანის მცდელობას, თუ ასეთი იქნა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში. ამასთან, საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთანაც გვისაუბრია საქართველოს ირანთან შესაძლო სავაჭრო ურთიერთობებზე. რეალურად, ახლა ყველაფერი ირანზეა დამოკიდებული - ირანმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც იკისრა და როდესაც ეს ვალდებულებები შესრულდება, მაშინ ამერიკაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს სანქციებთან დაკავშირებით.

რადიო თავისუფლება: რომ მოვუბრუნდეთ საქართველოსნაირი მცირე მოცულობის ქვეყნის როლს გლობალურ ეკონომიკაში: როგორ შეუძლია საქართველოსნაირ ქვეყანას თავი დაიცვას გლობალურ ეკონომიკაში არსებული პრობლემებისგან, მაშინ როდესაც ის არანაირად არ არის წამყვანი მოთამაშე?

ბრიუს ენდრიუსი: მე მგონია, რომ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებს. მოახდინოს ფოკუსირება იმაზე, რაც კარგად გამოსდის - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელადაა საჭირო, მონაწილეობა მიიღოს რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის შექმნაში და გამოიყენოს თავისი უპირატესობა ჰიდროენერგეტიკის სფეროში, გააგრძელოს ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს განვითარება, გააგრძელოს ღვინის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. საქართველოს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, საბოლოოდ, როდესაც გლობალური პრობლემები წარმოიშობა, ბევრი რამისგან თავის დაცვა რთულდება. დღეს გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ის, რაც ევროპაში, რუსეთსა ან ჩინეთში ხდება, შემდგომ ყველაზე ახდენს გავლენას და ამ გავლენას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვგრძნობთ ხოლმე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG