Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას მელია: „საქართველო მიიწევს კეთილდღეობისკენ, პოლიტიკური სტაბილურობისკენ “


თომას მელია
თომას მელია

12-13 აპრილს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევრაზიისა და ევროპის საკითხებში თომას მელია საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ძირითად მიზანს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა წარმოადგენდა, თუმცა გამგზავრების წინ თომას მელია გორსაც ეწვია და საოკუპაციო ზოლთან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. თომას მელიას გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მზია ფარესიშვილი ესაუბრა.

თომას მელია: „პირველ რიგში იმის თქმა მინდა, თუ რამდენად კმაყოფილი ვარ გორში ხელახლა ჩამოსვლით. ორიოდე წლის წინ ვიყავი აქ, რადგან გორი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. რამდენიმე მიზეზის გამო ჩამოვედი: მივსულიყავი ადმინისტრაციულ საზღვართან და მენახა ღობის გავლებით გამოწვეული ძალიან სამწუხარო შედეგი. ის ყოფს ფერმერებს მათი მინდვრებისგან, მეზობლებს -ერთმანეთისგან. ასევე მინდოდა მენახა როგორ მიდის ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკეთებს, ეხმარება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ გლეხებს, თემს, რათა ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფით გამოაცოცხლოს მათი ცხოვრება. ვიდრე ღობე აიღება და მშვიდობა დამყარდება სრულიად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იმის შემდეგაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხაზის გასწვრივ მცხოვრები ოჯახების დახმარებას. ამ მხრივ ძალიან საინტერესო რამ ხდება. ჩვენ ახლა ფერმერთა მომსახურების ცენტრ „აგროქართლიდან“ დავბრუნდით, რომელიც USAID-ის პროგრამის ( სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) ფარგლებში დაარსდა. ძალიან საინტერესო და ინოვაციური ცენტრია, რომელიც არა მხოლოდ სათეს-სახნავი ტექნიკის მიწოდებას უზრუნველყოფს ფერმერებისთვის, არამედ მათ ფინანსურ, საკრედიტო სერვისსაც სთავაზობს. იქ სასწავლო ცენტრიცაა, სადაც გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, პესტიციდების სწორად გამოყენებას ასწავლიან, ასევე იმის ორგანიზებას, თუ როგორ გააუმჯობესონ სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ხარისხი, დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ და წარმატებით გაყიდონ. ასე რომ,საინტერესო იყო მენახა, თუ როგორ იყენებენ ქართველები აშშ-ის მთავრობისგან მიღებულ საერთაშორისო მხარდაჭერას“.

რადიო თავისუფლება: ამ დროს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მეორე მხარეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს რეფერენდუმი ჩაატაროს აგვისტომდე, რათა მომავალში იოლად მიუერთდეს რუსეთის ფედერაციას. 8 წლის წინ აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო, შემდეგ კი რუსეთმა განდგომილი რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა ქართველი ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის, რომელიც ცდილობს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებით რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდეს, ჟენევის დისკუსიების ფორმატში კი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზა მოიძებნოს. რას იტყოდით ამის თაობაზე? თქვენ საერთაშორისო დახმარება ახსენეთ, რომელიც ძალიან სასარგებლო და საჭიროა საქართველოსთვის...

თომას მელია: „ნება დამრთეთ, ორიოდე რამ ვთქვა, განსაკუთრებით, იმ ხალხისთვის, რომლიც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს და ფიქრობს, რა მომავალი ელის. როცა სამხრეთ ოსეთს გარშემო უვლი, დადიხარ გზებზე, ფერდობებზე, აშკარად ჩანს, რომ მისი ბუნებრივი სასაქონლო ბაზარი, სავაჭრო პარტნიორები არიან აქ, საქართველოში. მეტად ეფექტური და ნაკლებად ძვირი იქნებოდა ხალხისთვის სამხრეთ ოსეთში ჰქონდეს ვაჭრობა მეზობლებთან, ადმინისტრაციული საზღვრის აქეთა მხარეს, როგორც ეს ხდებოდა ათწლეულებისა და საუკუნეების წინ. ხელოვნურად აღმართული გამყოფი ხაზი სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სამწუხარო ჩარევაა ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, თუკი ადამიანები ცხინვალიდან, მისი რაიონებიდან გამოიხედავენ სამხრეთით, დაინახავენ, რომ ფერმერებს, სხვა ადამიანებს, რომლებიც გორში და მის გარშემო ცხოვრობენ, აქვთ წარმატებები და უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამხრეთ ოსეთში ძალაუფლების მქონე პირებმა ურთიერთობის ნორმალიზების გზები ეძებონ თავიანთ მეზობლებთან, საქართველოში. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ დახმარებას და გვსურს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ სამხრეთ ოსეთის ბენეფიციარებიც“.

რადიო თავისუფლება: რეგიონში მარტო რუსეთის სამხედრო ძალებს არ ვხედავთ, იგრძნობა რუსეთის რბილი ძალაც. აქ, გორში, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ეს ჩანს. ბევრი შიშობს, რუსეთის რბილმა ძალამ, პროპაგანდამ ზიანი არ მიაყენოს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, დემოკრატიული ფასეულობებისკენ ლტოლვას. თქვენი აზრით, საპასუხოდ რა უნდა მოიმოქმედოს ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ?

თომას მელია: „პროპაგანდა ცხოვრებისეული ფაქტების დამახინჯებაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულს ჰქონდეს საშუალება განასხვაოს ყალბი თემები რეალური ამბებისგან. სინამდვილე, რეალური ვითარება კი ისაა, რომ საქართველო მიიწევს კეთილდღეობისკენ, პოლიტიკური სტაბილურობისკენ. აშშ რჩება ერთგული მხარდამჭერი საქართველოს ინტეგრაციისა ტრანსატლანტიკურ გაერთიანებებში და ეს არის ღირებულებების გაერთიანება, სადაც ადამიანის პირადი უფლებები დაცულია, სადაც ხალხის ხმა შეიძლება გაიგონონ, სადაც ხალხს კონსტრუქციული მეთოდებით შეუძლია გავლენა მოახდინოს მთავრობაზე, სადაც არის შესაძლებლობები ადამიანებისთვის, სადაც მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობებია, მათ შორის, მოგზაურობის, სწავლისა დასავლეთში, რაც საქართველოს უფრო ძლიერ, სტაბილურ და აყვავებულ ადგილად აქცევს“.

რადიო თავისუფლება: საქართველოში ასევე შიშობენ, რომ კრიზისი სირიაში, უკრაინაში, ყირიმის ანექსია გლობალური დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხს მოხსნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ისაუბრა, როცა ვაშინგტონში იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველო ამერიკის რადარებიდან ქრება. რამდენად რეალურია ასეთი შიში?

თომას მელია: „ნამდვილად კარგია, რომ თქვენი ქვეყნის ამბავი „ვაშინგტონ პოსტის“ და „ნიუ იორკ ტაიმსის“ პირველ ფურცელზე არ არის გამოტანილი, როცა კრიზისზეა საუბარი - ეს, მართლაც, კარგის ნიშანია. ამავე დროს, საქართველოს პრემიერ- მინისტრი აპირებს ვაშინგტონში ჩასვლას უახლოეს დღეებში. მას თბილად უმასპინძლებენ მაღალი თანამდებობის პირები. იგი ჩავა ჩიკაგოში, ბოსტონში, სხვა ადგილებში ეკონომიკური, სავაჭრო კონტაქტების დასამყარებლად, ამერიკელებისა და ქართველების კავშირების გასამყარებლად. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნიშანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიძლიერისა. თქვენ ნახავთ, რა თბილად მიიღებენ, დახვდებიან პრემიერ-მინისტრს და ეს ასე იქნებოდა კრიზისის შემთხვევაშიც და ნორმალურ პირობებშიც, როცა ორ ქვეყნას ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. და, ვფიქრობ, ეს კარგია“.

რადიო თავისუფლება: NDI-ს ბოლო გამოკითხვებით, 39 % მიიჩნევს, რომ საქართველო მცდარი მიმართულებით მიდის, მხოლოდ 20 %-ის აზრით კი, ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. თქვენი კარიერის გათვალისწინებით, საქართველოს დიდი ხანია და კარგად იცნობთ. თქვენი აზრით, რა მიმართულებით მიდის საქართველო?

თომას მელია: „ვფიქრობ, საქართველო იკიდებს ფეხს თავის არჩეულ გზაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მზარდი დემოკრატიაა, აქ იქნება ბევრი პოლიტიკური დებატი, უამრავი ალტერნატივა იქნება განხილული მედიაში და წარმოდგენილი საარჩევნო კამპანიისას. ვფიქრობ, კარგია, როცა ხალხს შეუძლია იმსჯელოს, რომელი გზა, პოლიტიკა არის უმჯობესი ქვეყნის წინსვლისთვის, რომელი პარტია ან კანდიდატია უკეთესი. არჩევნები, რომელიც შემოდგომით, ოქტომბერში, გაიმართება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აშშ არ ანიჭებს რაიმე უპირატესობას იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ კარგად ვითანამშრომლებთ იმ მთავრობასთან, რომელიც ამ არჩევნების შედეგად მოვა ხელისუფლებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მისწრაფებაში, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნას, ჰქონდეს წარმატება და მტკიცე ურთიერთობები აშშ-სა და დასავლეთთან. საქართველოს მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. სავსებით ნორმალურად მიმაჩნია საქართველოს მოქალაქეების სურვილი ჰყავდეთ უფრო ეფექტური მთავრობა, რომელიც უფრო მეტი წარმატებით შესთავაზებს ხალხს ახალ შესაძლებლობებს. ასევეა ჩემს ქვეყნაში. ხალხი კმაყოფილია მთავრობით, როცა მისგან უკეთეს ალტერნატივებს იღებს, ზოგჯერ ყურადღების მისაპყრობად კი შეუძლია შეაჯანჯღაროს მთავრობა და ეს არის ნაწილი ნორმალური დემოკარტიული პროცესის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG