Accessibility links

logo-print

თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც რამდენიმე მოსწავლესა და ერთ პედაგოგს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში გამორიცხავენ მოსწავლეების საკვებით, წყლით ან ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს ბავშვებში პანიკის ნიშნებს.

139-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები ყვებიან, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებს ინტოქსიკაციის ნიშნები, მეორე, მუსიკის გაკვეთილზე გამოუვლინდათ. მასწავლებელთა ნაწილის სიტყვებით, სკოლის ერთ-ერთ დერეფანში უცნაური სუნი იდგა. ამის შესახებ საუბრობს „რადიო თავისუფლებასთან“ მეხუთე კლასის დამრიგებელი მანანა რაზმაძე: „რაღაც სუნი იგრძნობა. მეც ვიგრძენი და თვალებიც მეწვის. შეიძლება იმის ბრალია, რომ რაიმე ნივთიერების სუნია. ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი“.

კლასში არსებულ უცნაურ სუნზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან 139-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის დედაც: „ყველა ამბობს, რომ კლასში იგრძნეს რაღაცნაირი მცენარის სუნი. და მერე დაუწყიათ ბავშვების ჩხრეკა, დეზადორი ხომ არ გაუშვითო. მეხუთეკლასელები რეციდივისტები არ არიან, რომ დეზადორები გაუშვან“.

სასწრაფო დახმარების ექიმები 139-ე სკოლაში

სასწრაფო დახმარების ექიმები 139-ე სკოლაში

მასწავლებელთა ნაწილისა და მშობლების ვარაუდს, რომ სკოლაში, შესაძლოა, რაიმე მომწამვლელი ნივთიერება გაიფრქვა, არ ეთანხმება სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე. ის ასევე გამორიცხავს საკვები პროდუქტით მოწამვლის შესაძლებლობასაც.

„არაფერი არ იყო. სავარაუდოდ, იყო სიცხე და ერთმა ბავშვმა რომ თქვა, ცუდად ვარო, დანარჩენი აყვა. სავარაუდოდ, ეს იყო. არ ყოფილა არც ღებინება. ერთმა თქვა, სუნთქვა მეკვრისო და მეორემ თქვა, გული მტკივაო“, – ამბობს სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე.

სასწრაფო დახმარების ექიმი ხათუნა ხაზარაძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ამბობს, რომ სულ ინტოქსიკაციის ნიშნები, თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება და პულსის აჩქარება 11 ბავშვს გამოუვლინდა. მათ შორის, მეხუთე კლასის ექვს მოსწავლეს და, გარდა ამისა, მესამე და მეოთხე კლასელებს. ამათგან ექვსი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის ნიშნები გამოავლინდა ასევე სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს.

„ერთი პედაგოგია ცუდად. კიდევ ორი ბავშვი სახლიდან მოიყვანეს, სახლში გამოუვლინდათ თავბრუს ხვევა. ვერ გეტყვით მიზეზებს. პირველი, ვინც დამხვდა, ექვსი ბავშვი, იყვნენ კლასელები. ესენი სხვა კლასის ბავშვები არიან. სხვა ინტოქსიკაციის ნიშნები არ ჩანს. დანარჩენი, სიმპტომურად ხდება ბავშვების მკურნალობა და შესაბამის კლინიკებში გადაყვანა“, – თქვა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

არა ცრემლდენა, არა ბრონქოსპაზმი, არა სუნთქვის გაძნელება, მსგავსი ჩივილები არ ყოფილა. აქ უფრო ჰიპოქსია ფიქსირდება, უჰაერობა და, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ისტერიის მომენტი დგება...

139-ე სკოლის მოსწავლეები გამოკვლებისთვის მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ოთარ რუსაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს სკოლაში საკვები არ მიუღიათ, გამორიცხავს კვებით ინტოქსიკაციას. მისი თქმით, ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც შეუძლოდ შეიქმნა, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა აღმოაჩნდა. დანარჩენი მოსწავლეები კი მუცლის არეში ტკივილს უჩიოდნენ. ოთარ რუსაძის სიტყვებით, ამ ეტაპზე არ ვლინდება მოსწავლეების ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის ნიშნები: „არა ცრემლდენა, არა ბრონქოსპაზმი, არა სუნთქვის გაძნელება, მსგავსი ჩივილები არ ყოფილა. აქ უფრო ჰიპოქსია ფიქსირდება, უჰაერობა და, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ისტერიის მომენტი დგება“.

როგორც მოგვიანებით ოთარ რუსაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, ყველა პაციენტი კლინიკიდან ეწერება. არ დადასტურდა არც საკვებით, არც წყლითა და არც რაიმე ნივთიერებით ინტოქსიკაციის ფაქტი. მისი ვარაუდით, უკანასკნელ დღეებში მომატებულმა ტენიანობამ კლასში ჩახუთული სივრცე შექმნა, რის გამოც, ერთ-ერთ მოსწავლეს კოლაფსის ნიშნები გამოუვლინდა. რამაც დანარჩენ ბავშვებში პანიკა გამოიწვია.

სკოლის ტერიტორიაზე დილიდანვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. თბილისის მერიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სკოლაში ქიმიის ლაბორატორიის ოთახის შემოწმება დაიწყეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია მასობრივი დაავადება ან მოწამვლა. სამინისტროს განმარტებით, ფაქტის გამოსაკვლევად დაინიშნება ყველა სახის ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენის მიზეზი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG