Accessibility links

logo-print

ექსპერტული გათვლებით, 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება საქართველოს მასშტაბის ქვეყანაში დაახლოებით 7%-იან ეკონომიკურ ზრდას იწვევს. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის I კვარტალში სულ 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ინვესტიციების რეგიონალური განაწილების გადახედვა ქვეყნის რეგიონალური განვითარების პერსპექტივასაც უფრო უკეთ აღსაქმელს გახდიდა. სამწუხაროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგიონალურ კონტექსტში განხილვა შეუძლებელია, რადგან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ასეთი სახის მონაცემთა დამუშავება მათ უწყებაში არ ხორციელდება.

ერდადერთი სტატისტიკური მონაცემი ინვესტიციების შესახებ, რომელიც შეგვიძლია რეგიონალურ კონტექსტში განვიხილოთ, ეს არის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, ფიქსირებული აქტივი (ძირითადი კაპიტალი) განისაზღვრება როგორც წარმოებითი აქტივები, რომლებიც მრავალჯერ ან ხანგრძლივად (ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) გამოიყენება წარმოების ძირითად პროცესში. ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივში ნაწილობრივ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც მოიცავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ ეტაპზე ბოლო ინფორმაცია ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების შესახებ 2012 წლის ჩათვლით აქვს.

ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ინვესტიციების ძირითადი ნაწილი (ისევე როგორც ბიზნესაქტივობისა და ა.შ) თბილისზე მოდის:

მაგალითად, 2012 წელს საქართველოში ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 3 მილიარდ 245.6 ათასი ლარი. აქედან თბილისში განხორციელდა 2 მილიარდ 329.6 ლარის ინვესტიცია, რაც პროცენტულად საერთო რაოდენობის 70% - ია. მეორე ადგილას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია, სადაც 2012 წელს განხორციელდა 265.7 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც 8%-იან ნიშნულს უახლოვდება. შემდეგ ადგილზეა ქვემო ქართლი და მხოლოდ ამის შემდეგ - აჭარა. ხოლო ისეთ რეგიონებში, როგორიცაა რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი, ფიქსირდება ინვესტიციების ძალიან დაბალი დონე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია შეინიშნება თითქმის მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, მცირე ცვლილებებით. მაგალითად, 2006 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები რეგიონებიდან აჭარაში ჩაიდო; სამეგრელო-ზემო სვანეთმა პირველობა 2012 წელს მოიპოვა და 2007 წელსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა; ქვემო ქართლს 2009 წელს ინვესტიციებში სერიოზული ჩავარდნა აღენიშნებოდა; იმერეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს ზოგადად ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციებით საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვს, 2012 წელი მაინც ყველაზე შემოსავლიანი ჰქონდა, რაც, დიდი ალბათობით, პარლამენტის შენობის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოებთან შეიძლება იყოს კავშირში.

არსებული სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანამ აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიოს არა მარტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, არამედ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე აქტიური მუშაობა ჩაატაროს ამ ინვესტიციების რეგიონალური დივერსიფიცირებისათვის.

XS
SM
MD
LG