Accessibility links

logo-print

წინააღმდეგობები, რომლებსაც ინვესტორები საქართველოში აწყდებიან


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სტატისტიკური ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას თან ერთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არასტაბილური ბიზნესგარემო სახელდება, რომელსაც საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის ზრდის მცდელობაც ქმნის. ამ და სხვა პრობლემებს შეეჯახა ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპი”, რომელმაც საქართველოში ხუთი სამკურნალო დაწესებულება შეიძინა.

4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სააგენტო ”ბლუმბერგის” ჟურნალისტი ჰელენა ბედველი ინვესტიციების გადინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა:

“რომელი ინვესტორები ნახეთ გადინებული? როდესაც ჟურნალისტი ამას ამბობს არა სააკაშვილის ენით, არამედ ამბობს ჟურნალისტი თავისი მტკიცებულებით, რომ ინვესტორები გაედინებიან საქართველოდან... აბა, ჩამომითვალეთ.”

”გადინებაზე არ არის ბატონო ბიძინა... არა, არა, “გაედინება” არ ეწერა, “შეჩერებული” ეწერა...”

ბიძინა ივანიშვილსა და ჰელენა ბედველს შორის გამართულ ამ დისკუსიამდე ორიოდე დღით ადრე თურქულ-გერმანული კომპანია ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპი” საქართველოში ინვესტირების დაწყების პირველ ეტაპზევე სერიოზულ პრობლემებს წააწყდა.
აბსოლუტურად გაუგებრად, იაშვილის ყოფილმა მფლობელებმა - ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხეს - გაყიდეს ეს დაწესებულება. ბოლო 5 დღეა განუწყვეტელი სკანდალები ხდება ახალი მფლობელის მხრიდან. მასაც არ შეუწუხებია თავი საქმის კურსში ჩავეყენებინეთ ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე...

2 სექტემბერს ხუთი სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კლინიკების ახალი მმართველი კომპანიის, ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” მისამართით. მედიკოსების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი კომპანიის წარმომადგენლის თექინ ატიკის ქმედებები გახდა:

”ღამით, დღისით - მნიშვნელობა არ აქვს - შემოდის განყოფილებაში, აყენებს შეურაცხყოფას ექიმებს”.

”წიხლით კარების გაღების და... მაგიდაზე ის და... ექიმს სათვალე დაამტვრია თავზე, მორიგე ექიმს”.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთმინების ფიალა დაახლოებით 10 დღის წინ აივსო, როდესაც ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” წარმომადგენელმა სამკურნალო აპარატურაც კი დაამსხვრია.

მედპერსონალის ასეთი ბრალდებების ადრესატი თექინ ატიკი კატეგორიულად უარყოფს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ათოდე დღის წინ მოხდა, ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” წარმომადგენლის განცხადებით, მისი განრისხება გამოიწვია რეანიმაციული განყოფილების კომპიუტერულმა აპარატურამ, რომელმაც ვერ შეძლო ავადმყოფის ინფორმაციის წაკითხვა.

ინვესტორის აზრით, ექიმების პროტესტის რეალური მიზეზი არა მისი ქმედებები, არამედ კონკურენტების ინტერესებია, კონკურენტებისა, რომელთაც მისი კომპანიის ბაზრიდან გაძევება განუზრახავთ. თექინ ატიკს ამ ეჭვებს აქციაზე გამოსული მედპერსონალის პოზიციაც უღრმავებს - ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბავშვების ჯანმრთელობა არ უნდა იყოს უცხოელი ინვესტორების ხელში:
შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ინვესტიცია, თუ თქვენი თანხმობა იქნება, თუ არადა, შეგვიძლია უარიც ვთქვათ ინვესტირებაზე...

”მთელი ის პედიატრიული სამსახური, რასაც ეფუძნება საქართველოს პედიატრია, გასხვისებულია. გასხვისებულია ისე, რომ მოდის ისეთი მფლობელი, რომელმაც არ იცის საქართველოს სპეციფიკა. მოვითხოვთ დაბრუნდეს ჩვენი, ძველი... საერთოდ, მოვითხოვთ, რომ ეს რეფერალური პროგრამა დაბრუნდეს სახელმწიფოში”.

კონფლიქტში ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერთო, რომლის მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე სწავლობს ახლახან მფლობელშეცვლილ სამკურნალო დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას.

იაშვილისა და ციციშვილის სახელობის კლინიკების, პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, ქალთა სამედიცინო ცენტრისა და ბათუმის ქალთა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის პრივატიზაცია ძველი ხელისუფლების დროს განხორციელდა. მაშინ ეს ხუთი სამკურნალო დაწესებულება ”ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპმა” შეიძინა, რამდენიმე დღის წინ კი ამ კომპანიამ ქონება ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს” მიჰყიდა. ამ გარიგების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ არაფერი იცოდაო, ამბობს მინისტრი დავით სერგიენკო:

დავით სერგიენკო

დავით სერგიენკო

”აბსოლუტურად გაუგებრად, იაშვილის ყოფილმა მფლობელებმა - ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხეს - გაყიდეს ეს დაწესებულება. ბოლო 5 დღეა განუწყვეტელი სკანდალები ხდება ახალი მფლობელის მხრიდან. მასაც არ შეუწუხებია თავი საქმის კურსში ჩავეყენებინეთ ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე”.

მინისტრის ეს განცხადება ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” წარმომადგენელმა თექინ ატიკმა ისმინა და ჯერ მინისტრის მოადგილეს შეხვდა, შემდეგ კი მინისტრთან შეხვედრაც ითხოვა. მხარეების შეხვედრა 5 სექტემბერს შედგა, რომელზეც თექინ ატიკმა ბოდიში მოიხადა შექმნილი მდგომარეობის გამო და 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების განხორციელების მზაობა გამოთქვა:

”შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ინვესტიცია, თუ თქვენი თანხმობა იქნება, თუ არადა, შეგვიძლია უარიც ვთქვათ ინვესტირებაზე“.

თექინ ატიკმა მინისტრისგან პასუხად მოისმინა, რომ არჩევანში თავისუფალია და რომ კარგად უნდა გარკვეულიყვნენ ვითარებაში, სანამ სამკურნალო დაწესებულებების შეძენას გადაწყვეტდნენ.

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, გააგრძელებს თუ არა ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპი” საქართველოს ჰოსპიტალურ ბიზნესში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას.
XS
SM
MD
LG