Accessibility links

logo-print

როცა სურთ წარსული დღევანდელობად აქციონ


კადრი ფილმიდან „მოგონებები უსაზღვრებოდ“

კადრი ფილმიდან „მოგონებები უსაზღვრებოდ“

ამ დოკუმენტური ფილმიდან, რომელზეც ახლა გიამბობთ, შეიტყობთ, მაგალითად, რომ ერევნის აზერბაიჯანული თეატრი პირველად 1915 წელს დახურეს და ირანში, თავრიზში, გადაიტანეს. შემდეგ აზერბაიჯანულენოვან თეატრს სომხეთის დედაქალაქში მუშაობა შეუჩერდა 1948 წელს და, ბოლოს, მთიანი ყარაბაღის მიმართ სომხეთის მიერ პრეტენზიის გამოთქმისა და ომის დაწყებისას მისი მსახიობები ემიგრანტებად იქცნენ. ამავე ფილმში მარსელიდან მთიან ყარაბაღში გადახვეწილ ერთ ოჯახსაც იხილავთ.

დოკუმენტური სურათი „მოგონებები უსაზღვრებოდ“ ოთხ ნაწილს შეიცავს და მის ერევნულ ეპიზოდში ეთნიკური აზერბაიჯანელი ელმირა ისმაილოვა, ძირძველი ერევნელი ქალი, გვიამბობს, რომ მისი პაპა და პაპის პაპა ერევანში ცხოვრობდნენ, თვითონ ისმაილოვაც იქ დაიბადა, გაიზარდა, გათხოვდა და შვილები გააჩინა. როცა ეკითხებიან, საიდან ხარო, ერევნიდანო, უპასუხებს, თუმცა, ამ ერევნული ფესვების მიუხედავად, მას სომხეთში მუდამ აგრძნობინებდნენ, რომ უცხოელი იყო:

„ერთხელ ჩემი ბიჭი ეზოში თამაშობდა - ცხადია, სომეხ ბავშვებთან ერთად - და უცბად ტირილით ამოვიდა სახლში. როცა ვკითხე, რა მოხდა, რა გატირებს-მეთქი, მითხრა, ბავშვები მეუბნებიან, შე თურქოო. მე დავამშვიდე, ნუ ტირი, თურქი რომ ხარ, უნდა გეამაყებოდეს-მეთქი. ხელი მოვკიდე და ეზოში ჩავიყვანე. მეზობლებმა, ცხადია, დამამშვიდეს და მითხრეს, ამაზე ნუ წუხარ, ბავშვები არიან, არ იციან, რას ამბობენო. მე სომხურად მივუგე, თქვენ რომ არ ლაპარაკობდეთ ამაზე სახლში, თქვენი შვილი არ გაიმეორებდა-მეთქი“.

კადრი ფილმიდან „მოგონებები უსაზღვრებოდ“

კადრი ფილმიდან „მოგონებები უსაზღვრებოდ“

ისმაილოვა ერთ-ერთი გმირია ამ ფილმისა, სადაც სხვა ბევრი, მსგავსი ბედის მქონე ადამიანი - სომხური წარმოშობის თურქი თუ ფრანგი, აზერბაიჯანელი და თურქი - თავის თავზე, ნაციონალისტურ გრძნობებსა და ეთნიკურ იდენტიფიკაციაზე გვიამბობს. ფილმის ამ ნაწილს „სულების თეატრი“ ჰქვია და სწორედ ამ თეატრის შესახებაა მოთხრობილი. მისი გმირისგან განსხვავებით, სხვა სტრატეგიას მიმართავენ ფილმში გამოყვანილი სხვა პირები.

ერთი სტამბოლელი კაცი ჰყვება, მუდამ ვმალავდი ჩემს წარმოშობასო. ერთხელ, თურმე, ბიძას შეუკრებია ოჯახის წევრები და გამოუცხადებია, ჩვენ სომხები ვართო. ამ აზრს ფილმის გმირის უფროსი ძმა არ დასთანხმებია და ამ, ასე ვთქვათ, „სომხურ იდეას“ შესწინააღმდეგებია. ცნობილია, რომ, თურქული კანონით, თუ კაცს თურქული პასპორტი აქვს, თურქია.

სტამბოლში მცხოვრები ჩიგდემ მათერი, სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტი, ჰრანტ დინკის ფონდის, სომხურ-თურქული პლატფორმის წევრი, ამბობს, ძნელია თქმა, ეთნიკურად ვინ ვარ, მაგრამ თავს თურქად მივიჩნევო, თუმცა, იქვე განმარტავს:

„ბებია, დედის მხრიდან, კავალიდან იყო, პაპა - უსაკიდან. მამაჩემის დედა თბილისში დაიბადა და მისი ქმარი კი მაკედონიელი იყო. ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ამის შემდეგ თურქი“.

მათერმა თბილისი ახსენა. სიტყვამ მოიტანა და აქვე გეტყვით, რომ ამ სომხურ-აზერბაიჯანულ-თურქული დაპირისპირების გარშემო გადაღებული ფილმის უკან დგას ორგანიზაცია „შერიგების რესურსები“, რომელიც საქართველოშიც აქტიურად საქმიანობს. კავკასიაში მისი უდიდესი პროექტი აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებული დაპირისპირების დაძლევას ემსახურება.

კადრი ფილმიდან „მოგონებები უსაზღვრებოდ“

კადრი ფილმიდან „მოგონებები უსაზღვრებოდ“

დავუბრუნდეთ საქარველოს მეზობლების კონფლიქტს, რომელსაც ძველი ფესვები აქვს და რომლის ჩარჩოებში უთანხმოების ყველაზე მძაფრი საგანი სომეხთა მასობრივი დახოცვაა ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დამდეგს. ფილმის გმირი, ჩიგდემ მათერი, გვიამბობს, რომ ამ მოვლენის მიზეზის თურქული ვერსია, რომელსაც სომხები „გენოციდად“ მიიჩნევენ და რომელსაც მოჰყვა ბევრი ეთნიკური სომხის გადაადგილება, ოსმალეთიდან გადასახლება, ოსმალელი სომხების მიერ რუსეთის მხარდაჭერაა:

„წიგნებში წაიკითხავდით, რომ იმ დროს,1915 წელს, სომხები გაწევრიანდნენ დაჯგუფებებში, რომლებიც რუსებს ეხმარებოდნენ. ოსმალეთის იმპერიამ ამიტომ გადაწყვიტა, გაენადგურებინა ისინი“.

ფილმში გამოყვანილია საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, ფრანგულად აშკარად უკეთ მოლაპარაკე არმენი, რომელშიც იმდენად ძლიერად გამოიღვიძა ბიოლოგიური წარმოშობის განცდამ, რომ თავისი წინაპრების საცხოვრებელს კი არ დაუბრუნდა, არამედ მთიან ყარაბაღში ჩასახლდა. თურქეთის ერთ-ერთ უდიდესი ქალაქის, ერთ დროს ოსმალეთის დედაქალაქის, ბურსის მახლობლად სახლობდნენ მისი წინაპრები, შეძლებული ოჯახი, რომელიც საფრანგეთში გაექცა ზემოხსენებულ დევნას. არმენი იხსენებს, პაპაჩემი სომხურ სოფელზე ლაპარაკობდა, მე კი ყარაბაღში ვბრუნდებიო:

„რატომ უნდა მსურდეს ბურსაში დაბრუნება? იმაზე რომ ვიფიქრო, რა სიმდიდრე დაკარგა პაპაჩემმა? რისთვისაა ეს საჭირო? პაპაჩემმა ოსმალეთი "გენოციდამდე" დატოვა. მეც დავტოვე საფრანგეთი და სხვაგან წავედი. დაკარგულის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ახლის შექმნა შეიძლება“.

არმენის ცოლიც მასავითაა - უცხოეთში მცხოვრები სომხური წარმოშობის ქალია, ისიც მხოლოდ მეოთხედითაა სომეხი, რომელსაც სომხურ ფესვებს უმალავდნენ. თავად ის ევროპაში, ტრანსილვანიაში, ახლანდელ რუმინეთში გაიზარდა, უნგრულ გარემოში. ახლა თავის ფრანგ ქმართან ერთად შუშაში, მთიან ყარაბაღში ცხოვრობს. არმენი, როცა ბავშვს ელოდნენ, როგორც ამ ფილმში ჰყვება, დარწმუნებული იყო, რომ ვაჟი ეყოლებოდა:

„ექიმებმა მითხრეს, ვაჟი გეყოლებაო. ეს ნიშნავს, რომ გვარი გაგრძელდება, ჩვენი ისტორია გაგრძელდება“, ამბობს ეს იდენტიფიკაციაგანახლებული კაცი.

თუმცა ყარაბაღელი ექიმები შეცდნენ და, ვაჟის ნაცვლად, გოგო ეყოლა. მე კი გითხარით, ბიჭი იქნება, მაგრამ არა უშავს, შემდეგ ჯერზეო, დაამშვიდა ექიმმა.

როგორც გითხარით, არმენი და მისი ცოლი შუშაში ჩასახლდნენ, დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომლის გამო კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის გრძელდება. სწორედ ამ კონფლიქტში მორიგებას ესწრაფოდნენ ამ ფილმის, საერთოდ, პროექტის ავტორები - სომეხი, თურქი და აზერბაიჯანელი კინოდოკუმენტალისტები, რომლებმაც გაბედეს და ხელი შეახეს ისტორიის ამ ჭრილობებს.

ფილმში თავის ცხოვრებაზე გვიამბობს თურქი ისტორიკოსი, პროფესორი ნადირ დევლეთი, რომელიც - მას მერე, რაც განმარტავს, ოსმალეთი პირველი მსოფლიო ომის დროს არაბებმაც გაყიდეს, მაგრამ მათ შევურიგდით და ახლა სომხებსაც უნდა შევურიგდეთო - თავის მოსაზრებას გამოთქვამს:

„სომხეთი რომ ძალიან მდიდარი იყოს, როგორც აზერბაიჯანი ან ყაზახეთი, უფრო იოლად გამოვნახავდით ერთმანეთთან დამეგობრების გზებს, რომ გაზი ან ნავთობი მიგვეღო, მაგრამ სომხეთი ღარიბი ქვეყანაა“.

ფილმი „მოგონებები უსაზღვრებოდ“ დააფინანსა ევროკავშირმა და ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „შერიგების რესურსებმა“. მისი თანამშრომელია ლორენს ბრუერსი, რომლის თქმითაც, ამ ფილმის იდეა 2009 წელს წარმოიშვა:

„ეს იყო თურქეთსა და სომხეთს შორის დაახლოების პერიოდი და ამ ინიციატივაზე აშკარად იმოქმედა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში წარუმატებლობამ. გადავწყვიტეთ, ფილმის საშუალებით პროფესიული დიალოგი წამოგვეწყო. გვსურდა ფილმში ადამიანების შესახებ თხრობის გზით - იმ კუთხით, თუ როგორ მოქმედებს მოუგვარებელი კონფლიქტები ყოველდღიურობაზე - თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანული ღერძისთვის შეგვეხედა. ფილმში გვსურდა თავი აგვერიდებინა ერთმანეთისკენ თითის აგრესიული გაშვერისთვის“.

ფილმის ავტორთა მიზანი იყო ეჩვენებინათ კონფლიქტის ორივე მხარისთვის (თუმცა ისტორიაზე მათი შეხედულებები ერთმანეთთან შეუთავსებელია), რომ აქვთ საერთო საფუძველი, როცა საქმე შედეგებს ეხება. ერთ-ერთი პროდიუსერი ფილმისა, რომელიც უკვე მსოფლოს არაერთ ქვეყანაში უჩვენეს, ნუნე სარგსიანი, ამბობს:

„არ გვინდა ხელოვნური რეალობის ჩვენება. რეალობაში სიმართლე გვსურს ვუჩვენოთ მაყურებელს. ამიტომ იყო, რომ ფილმი გადავიღეთ უბრალო ხალხზე, მათზე, ვისი გაგებაც ადვილია, მაგრამ, ამავე დროს, ვისი ცხოვრებაც განსაკუთრებულია და ვისაც აქვს რაიმე სათქმელი კონფლიქტების პირობებში მიღებული გამოცდილების შედეგად. სომხეთში ხალხი საკმარისად ღიაა საიმისოდ, რომ ასეთი ფილმი ნახოს. მართალია, ადამიანებს აქვთ გარკვეული უარყოფითი რეაქცია, - რეაქციები, მართლაც, განსხვავებულია, - მაგრამ ისინი მზად არიან მეტ-ნაკლებად მშვიდად იმსჯელონ ამ თემებზე“.

სარგსიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა იმედოვნებენ, რომ ახლა ფილმს ადგილობრივი ტელევიზიებიც აჩვენებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG