Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუტკარი - არამხოლოდ „აფთიაქარი“


უთაფლოდ ადამიანი გაძლებს, არაფერი დაემართება, მაგრამ თუ ფუტკარი გაწყდა, მცენარეთა დამტვერვა შეწყდება და მსოფლიოს მართლაც შიმშილობა დაემუქრება, რადგან ამ პროცესის 80 პროცენტი მუყაითი მწერის მეოხებით ხდება. ეს არის ფაქტი. ამის ფონზე, მაგალითად, გერმანიაში, როგორც ბუნების დამცველთა ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „გრინპისი“ იტყობინება, ყოველი მესამე ფუტკარი ზამთარს ვერ გადაიტანს. მთელ მსოფლიოშია ფუტკრის გადარჩენისთვის ბრძოლა გაჩაღებული, მაგრამ შხამს, რომელიც, სხვა მიზეზებთან ერთად, ამ მწერს სპობს, მძლავრი კონცერნები აწარმოებენ. ძლიერია მათი გავლენა, ძლიერია მათი ლობი. გასულ ორშაბათს ევროპის კავშირმა გადაწყვიტა დროებით მაინც აკრძალოს ის მავნე პესტიციდები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ფუტკარს. თავიდან ევროკავშირის ეს ინიციატივა ვერ გავიდა, რადგან ამ ორგანიზაციის ყველა წევრი არ მიემხრო მას. თუმცა, ევროკავშირისვე განაწესით, შესაძლებელია ზოგიერთი ზომის მიღება იმავე სფეროში, თუ უმრავლესობა (ამ შემთხვევაში - 27-დან 15 წევრი) მაინცაა მომხრე. საფრთხის ქვეშ მყოფი ფუტკრების დასაცავად 1 დეკემბრიდან აიკრძალება მცენარეთა დაცვისთვის შემუშავებული გარკვეული საშუალებები, რომელთაც, ზოგადად, პესტიციდები ჰქვია. თვითონ ეს ტერმინი მიუთითებს ამ სიტყვის არსზე - რომ კლავს დაავადებას, სენს. არსებობს სხვადასხვა დაავადებისა და სხვადასხვა მწერის თუ ცხოველის, ბაქტერიისა თუ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, რომელთა შორისაა ეს შხამები, სამი სხვადასხვაგვარი ნერვული შხამი - ნეონიკოტინოიდები. სწორედ ისინი ითვლება ფუტკრის გამანადგურებელ მავნე ნივთიერებებად. დასავლეთში იქმნება პეტიციები, გროვდება ხელმოწერები, საზოგადოების ნაწილი მაინც ფხიზლადაა. საქართველოში თაფლი უყვართ, ფუტკარიც, მასზე სიმღერებს წერენ. მიჩნეულია, რომ ქართულ ფუტკარს უგრძესი ნესტარი აქვს, რომ საოცრად შრომისმოყვარეა და სხვ., მაგრამ შეიძლება ამ ქვეყანაში ნაკლებად იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ფუტკრის გადაშენება-გაქრობა მხოლოდ უთაფლობას არ ნიშნავს. მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება „ქართული ფუტკრის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი გვიხსნის, რომ ფუტკარი, დედამიწა რომ შეიქმნა, იმ დროიდან არსებობს, რომ სწორედ მან გაამდიდრა ფლორა. ამიტომაა, რომ მეცნიერები ამბობენ, არ იქნება ფუტკარი, არ იქნება მოსავალი, უფუტკრობა გაანადგურებს ფლორას და ფაუნასო.

ფუტკარი რომ საჭიროა, ამაზე დავა არ არის, მაგრამ ვერავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერც სურსათის საჭიროებას - ეკონომიკურ მხარეს. როცა ევროკავშირმა გადაწყვიტა ზოგიერთი პესტიციდი აეკრძალა, ისეთი ქიმიური კონცერნი, როგორიცაა, მაგალითად, „ბაიერი“, აწუწუნდა, დანაკარგი მექნებაო. საქმე ისაა, რომ სწორედ „ბაიერი“ აწარმოებს ამ მავნე ნივთიერებათაგან ორს და, შესაბამისად, აკრძალვის შემთხვევაში, კონცერნი წარმობულ შხამქიმიკატებს ვეღარ გაასაღებს. „ბაიერის“ მსგავსმა კონცერნებმა პირი შეკრეს და ავრცელებენ ინფორმაციას, პესტიციდების შეზღუდვა მოსავლის შემცირებას გამოიწვევსო. თითქოს დილემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. საქმე მაინც სხვაგვარადაა. თუ შორეულ პერსპექტივაში შევხედავათ, ქიმიით მოყვანილი მცენარე მავნებელია მომხმარებლისთვის არამხოლოდ მოხმარების მომენტში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე სწორედ ამ ფაქტორზე - მავნე ნივთიერებების ხაგრძლივ მოქმედებაზე - ლაპარაკობს: არის პესტიციდები, რომლთა გამოყენება არ შეიძლება - მათ ნახევრად დაშლის პერიოდი იმდენად დიდი აქვთ, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ გამოყენებული პესტიციდის კვალი შეიძლება დღესაც ნიადაგში იყოს და, შესაბამისად, რადგან არ იშლება, შეიძლება მოხვდეს მცენარეში, ხოლო იქიდან უკვე - ფუტკარსა და ადამიანში.

ბუნებრივია, პესტიციდების გამოყენება რეგულირებულია. საჭიროა, რომ ეს იყოს დაცული, მიმდინარეობდეს მუდმივი კვლევა და, ზოგადად, ადამიანს ბუნების მიმართ არ ჰქონდეს მომხმარებლური დამოკიდებულება, ანუ არ ფიქრობდეს, მცენარეები მხოლოდ იმისთვისაა, რომ გამოგვკვებოსო, მთავარია რაოდენობა, თორემ დავიმშევითო. როცა, ბოლოს, კარს კატასტროფა მოგვადგება ხოლმე, იწყება კვლავ გზების ძიება, არადა, თავიდანვე, წინასწარ შეიძლებოდა ამაზე დაფიქრება. დღეს რეალობა ისაა, რომ ცდილობენ გააკონტროლონ პესტიციდების მოხმარება, გვეუბნება გიორგი კეპაშვილი, რომელიც გვიხსნის, სანამ მეხილე რომელიმე პესტიციდს მოიხმარს, ის უნდა მეფუტკრეს უთანხმდებოდეს, რომ არ ავნოს მეფუტკრეობასო. მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოში, როგორც პატარა ქვეყანაში, ვითარების გაკონტროლება უფრო ადვილია.

თუმცა თავს იჩენს სხვა პრობლემაც, განპირობებული ბუნების თავისებურებით, კერძოდ, იმით, რომ შხამი იქნება ეს თუ სხვა მავნე წესით - ვთქვათ, გენეტიკურად მანიპულირებული თესლით - გამოყვანილი მცენარე, მას ერთ ნაკვეთზე ვერ შემოფარგლავ. ეს პრობლემა ბიომეურნეებს ყველგან აქვთ. ბუნებისა და გარემოს მიმართ ფაქიზი მოპყრობის მომხრე გლეხებს საქმეს უძნელებთ მეზობელი, რომელიც მრეწველობის აგრესიული მეთოდის მომხრეა - არ ფიქრობს ბუნებაზე, მომხმარებელზე, მომავალზე და მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. გიორგი კეპაშვილსაც მოჰყავს ასეთი მაგალითი: მეფუტკრეები ამბობენ, რომ მე ვუვლი ფუტკარს, რომ მხოლოდ ისეთ პრეპარატებს მოვიხმარ, რომლებიც დაშვებულია, მაგრამ ჩემს გვერდზე მიხომ ისეთი პესტიციდებით მოწამლა ბაღი, რომ მთლიანად დამიხოცა ფუტკარი. ბაღი კი არ იწამლება, არამედ თესლია დამუშავებული და ასე გადადის მცენარეებში. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოშიო, ამბობს გიორგი კეპაშვილი. თანამოსაუბრე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ფუტკრის იმ განსაკუთრებულ უნარს, თაფლის წარმოების გარდა, რომელსაც დამტვერიანება ჰქვია. დამტვერიანების შედეგად, ხილ-ბოსტნის მოსავალი 125 პროცენტამდე იზრდება. მეფუტკრე ხშირად კმაყოფილდება იმ გასამრჯელოთი, რასაც იღებს არა თაფლში, არამედ იმაში, რომ საფუტკრე მეურნეობა პლანტაციაზე დააყენა. ფუტკრის დასაცავად მთელი ევროპის მასშტაბით გროვდებოდა ხელმოწერები პეტიციაზე, სახელწოდებით „ნუ იქნები ფუტკრის მკვლელი“ - მოთხოვნა იყო ამ მომაკვდინებელი პესტიციდების არძალვა. ფუტკრის დამცველებს მიაჩნიათ, რომ მათ ამ ეტაპზე გაიმარჯვეს: პეტიციას ორ-ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG