Accessibility links

logo-print

ოპერაცია „ნეპტუნის სამკაპი“ და მასზე წიგნი - „არაიოლი დღე“


"არაიოლი დღის" ეგზემპლარები წიგნის მაღაზიაში

"არაიოლი დღის" ეგზემპლარები წიგნის მაღაზიაში

ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ოპერაციას „ნეპტუნის სამკაპი“ ერქვა, მოკლულის კოდური სახელწოდება „ჯერონიმო“ იყო. წიგნი, რომელიც ამ ამბის მონაწილემ და თვითმხილველმა დაწერა, ასეა დასათაურებული: „არაიოლი დღე“. მისი წაკითხვის მსურველი ბევრი იქნებოდა, რომ არა დაბრკოლება, რომელიც მას შეექმნა: პენტაგონის თანახმად, ის შეიცავს აშშ-ის სახელმწიფო საიდუმლოებებს და ამიტომ მისი გავრცელება კითხვის ნიშნის ქვეშაა. შარშან მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ასე ამცნო ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული პირის ლიკვიდაციის ოპერაციის შედეგი მსოფლიოს: „ამ საღამოს მე შემიძლია ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს ვამცნო, რომ აშშ-მა ჩაატარა ოპერაცია, რომლის დროსაც მოკლულ იქნა ოსამა ბინ ლადენი, 'ალ ყაიდის' მეთაური და ტერორისტი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ათასობით უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის მკვლელობისთვის.“ მთავრობის მიერ მაშინ გავრცელებულ ცნობას, რომ ბინ ლადენმა წინააღმდეგობა გასწია და ამიტომ იქნა მოკლული, არ ეთანხმება ამ წიგნის ავტორის - სპეცრაზმელის - ნაამბობი.

ოპერაცია აშშ-ის საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმმა მოაწყო პაკისტანში, ქალაქ აბოტაბადში, სადაც ბინ ლადენს მისი კურიერის მეშვეობით მიაგნეს. მას მერე გავიდა დრო, ბინ ლადენი აღარ არის. შიგადაშიგ ვრცელდება ხოლმე ცნობები, რომ მოკლეს „ალ ყაიდის“ რანგით მეორე, ხან ადგილობრივი, რეგიონალური თუ სხვა ლიდერი. მაგრამ ოსამა ბინ ლადენი სულ სხვა იყო - ის იყო სიმბოლური ფიგურა და მისი განადგურება დიდ საქმეს წარმოადგენდა. ეს ოპერაცია, რომლის დროსაც სამიზნესთან ერთად განადგურდა კიდევ ოთხი ადამიანი, ჩაატარა, როგორც ითქვა, აშშ-ის საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმმა, რომლის მეტსახელივითაა „სელაპი“. მისი ინგლისური შესატყვისი, „SEAL“, შემოკლებაა სამი სიტყვისა - ზღვა, ჰაერი, მიწა - იმის აღსანიშნავად, რომ ეს რაზმი ყველგან თანაბრად ბრძოლისუნარიანია. აი, ამ რაზმის წევრმა, მეტ ბისონეტმა, დაწერა და გადაწყვიტა გამოაქვეყნოს წიგნი, სახელწოდებით „არაიოლი დღე: თვითმხილველის ნაამბობი მისიის შესახებ, რომელმაც მოკლა ოსამა ბინ ლადენი“. სპეცდანიშნულების რაზმს აქვს არაოფიციალური ლოზუნგი, რომელზეც ფიქრობდა მისი წევრი, როცა წიგნს დასახელება შეურჩია. ლოზუნგი კი ასე ჟღერს: „იოლი მხოლოდ გუშინდელი დღე იყო“. და ეს ლოზუნგი ახლა, ამავე რაზმის ერთი ყოფილი სხვა წევრის აზრით, მართლაც მუშაობს ავტორის შემთხვევაში, ოღონდ სულ სხვა თვალსაზრისით. აი, როგორია დონ მანის, აშშ-ის საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრის, ასევე ავტორის, აზრი იმის შესახებ, თუ რა საფრთხე მოელის ასეთი საიდუმლოს გამცემს: „მას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. „ალ ყაიდას“ არა აქვს ხანმოკლე მეხსიერება. მისი წევრები არასოდეს დაივიწყებენ, რომ „სელაპმა“ მოკლა მათი სულიერი ლიდერი. ახლა მათ ისიც იციან, თუ ვინაა კონკრეტულად ეს „სელაპი“. მე რომ მეტ ბისონეტი ვიყო, მთებში დავიმალებოდი, გავქრებოდი, გვარს შევიცვლიდი, ოჯახის უსაფრთხოებაზე ვიზრუნებდი. ახლა ის სამიზნეა. ის მთელი თავისი სიცოცხლე სამიზნე იქნება, ეს ეხება მის ოჯახსაც“, - ფიქრობს ყოფილი სპეცრაზმელი, რომელსაც ასევე აქვს დაწერილი წიგნი, სახელწოდებით „სელაპს შიგნით, რაზმი ნომერი ექვსი“. მანის მოსაზრებები იმ დასკვნამდე მიგიყვანთ, რომ მისი წიგნი არ შეიცავს საიდუმლოს. ამ საიდულოს გაცემა, მანის აზრით, არასოდეს შეიძლება: „ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ჩაატარა ოპერაცია, ყველა ჟურნალის, ყველა გაზეთის პირველ გვერდებზეც რომ ეწეროს, ან ამას ყველა საინტერნეტო საიტიც რომ იტყობინებოდეს, ან ყველა საბჭო მსჯელობდეს და ყველა ამბობდეს, რომ ეს საიდუმლოა, ავტორს მაინც არ აქვს უფლება გაავრცელოს მონაცემები, თუ ისინი საიდუმლოდ მიიჩნევა.“

ეს ზოგადი მსჯელობაა ყოფილი სპეცრაზმელისა. რა წერია ამ წიგნში კონკრეტულად ისეთი, რაც საიდუმლოა, გარდა იმისა, რომ გავრცელდა სულ მცირე ერთი მონაწილის ვინაობა? პენტაგონისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ჯორჯ ლიტლმა, პენტაგონის ბრიფინგზე, ვირჯინიაში, არლინგტონში, შემდეგი განაცხადა: „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ აუცილებელი იყო მასალის განხილვა მის გამოქვეყნებამდე. ეს არ მოხდა და ავტორმა არსებითად დაარღვია აშშ-ის მთავრობასთან საიდუმლოების შენახვის შესახებ დადებული ხელშეკრულება.“

იქვე ლიტლმა ისიც თქვა, წიგნს ვსწავლობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მგრძნობიარე და საიდუმლო ინფორმაციას უნდა შეიცავდესო. ნაშრომი, როგორც ითქვა, ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. აგვისტოს ბოლოსკენ, შეერთებული შტატების ერთი-ორმა გამოცემამ - მათ შორის, „ნიუ იორკ ტაიმსმა“, „ვაშინგტონ პოსტმა“ - გამოაქვეყნა ფრაგმენტები წიგნიდან. რედაქციებმა ნაშრომი სრული სახით მიიღეს, ის არაოფიციალური გზითაც გავრცელდა. წიგნის ავტორის მონათხრობით, იუწყება პრესა, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ამ ოპერაციის დროს, როცა მოულოდნელად დაესხნენ თავს ნომერ პირველი ტერორისტის ადგილსამყოფელს პაკისტანში, ოსამა ბინ ლადენს თავში ტყვია მოარტყეს, როცა მან ოთახის კარიდან გამოიხედა. ამავე წყაროს თანახმად, ოსამა ბინ ლადენს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არც მისცემია; ამ მომენტისთვის ავტორის, ოუენის თანახმად, ოპერაცია თხუთმეტი წუთის დაწყებული იყო, ანუ ბინ ლადენს საკმარისი დრო ჰქონდა თავი დაეცვა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. სპეცრაზმს, წიგნის თანახმად, ეშინოდა, რომ ჩასაფრებულები შეუტევდნენ და ესროლეს კაცს, რომელიც კარებში გამოჩნდა. ჯარისკაცები, ჩანს, მას მიჰყვნენ და ოთახში, მის საწოლთან მიაგნეს. ბინ ლადენს, სისხლში მცურავს, ორი ქალი დასტიროდა. „სელაპებმა“, წერს მათი თანარაზმელი, ყოველი შემთხვევისთვის, სხეულს რამდენიმე ტყვია კიდევ დაახალეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მართლაც მკვდარი იყო. ამასთან ერთად, ავტორი წიგნისა „არაიოლი დღე“, როცა ოპერაციის მზადების მომენტს აღწერს, იტყობინება, რომ მთავრობის ერთმა ადვოკატმა შეკითხვაზე, უნდა მოეკლათ ბინ ლადენი თუ უნდა შეეპყროთ, განაცხადა, ეს არ იქნებოდა თავდასხმა მოკვლის მიზნით, რომ თუ ის შიშველი იქნებოდა, ხელებს ასწევდა და არ შექმნიდა საფრთხეს, უნდა შეეპყროთ. 2011 წლის მაისში, როცა ამ ოპერაციის შესახებ იუწყებოდა, თეთრი სახლის მაშინდელმა წარმომადგენელმა ჯეი კანრიმ თქვა, რომ ბინ ლადენმა წინააღმდეგობა გასწია, რომ ბინ ლადენს ესროლეს და მოკლეს და რომ ის შეუიარაღებელი იყო.

თვითონ ავტორი წიგნისა, 36 წლის სპეცრაზმელი ალიასკიდან, მეტ ბისონეტი, - ფსევდონიმით, მარკ ოუენი, - სანამ წიგნის გამოქვეყნებაზე იზრუნებდა, დაინტერესდა თავისი უფლებებით და ნაშრომი შეამოწმა, ხომ არ იყო შიგ დეტალები, რომელიც მას და მის მეგობრებს ზიანს მიაყენებდა, ამბობს ცნობილი ადვოკატი რობერტ ლასკინი. იურისტი მარკ ზაიადი, რომელსაც სამხედრო და დაზვერვის სამსახურების არაერთი წევრი დაუცავს თავისი კარიერის მანძილზე სწორედ ინფორმაციის გამჟღავნების გამოძიების საქმეებში, ასე ფიქრობს: „არა აქვს მნიშვნელობა, შეიცავს თუ არა წიგნი საიდუმლო ინფორმაციას. თუ სავალდებულოა, რომ გამოსაქვეყნებელი დოკუმენტი ამ მხრივ შემოწმდეს, ეს უნდა გააკეთო და მთავრობას უნდა მისცე შესაძლებლობა, დაადგინოს, ხომ არ შეიცავს ის საიდუმლო ინფორმაციას. თუ დაადგინეს, რომ იქ მართლაც არის საიდუმლო მასალა, მაშინ სრული უფლება გაქვს საოლქო სასამართლოს მიმართო და მთავრობის დადგენილება გაასაჩივრო. მაგრამ მთავრობისთვის ამ შესაძლებლობის მიუცემლობა ყველას და ყველაფერს საფრთხეს უქმნის, სხვათა შორის, ავტორსაც, რომელსაც უკვე დაემუქრნენ კიდეც მოკვლით.“

შეერთებულ შტატებში ახლა სხვადასხვა აზრი გამოითქმის იმაზე, თუ რა გზას დაადგება მთავრობა. გამომცემლობას ის ვერ აუკრძალავს წიგნის დაბეჭდვას. იურისტები ვარაუდობენ, რომ სამოქალაქო პროცესის გზით შეიძლება ტირაჟს ყადაღა დაედოს. საკითხავი ისაა, საიდუმლოს გაცემისთვის თუ უჩივლებს მთავრობა გმირს, რომელიც ამერიკის მთავარი მტრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG