Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის გაფართოებისა და ევროპის დამონების პეტრე პირველისეული გეგმის მოკლე შინაარსი“ და ვილნიუსის სამიტი


"პეტრე დიდის პოლიტიკური ანდერძი"
"პეტრე დიდის პოლიტიკური ანდერძი"
ის, რაც ვილნიუსში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მოხდა, ათზე მეტი პუნქტისგან შემდგარ, რუსეთის იმპერიული გეგმების შემცველ „პეტრე დიდის პოლიტიკურ ანდერძში“ ჩამოყალიბებულ მიზნებთან შესაბამისობაში ვერ მოდის, - პირიქით. ან რატომ უნდა მოვიდეს? - თითოეული სახელმწიფო თვითონ ირჩევს თავის ორიენტაციას. ირჩევს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ წელში გაუმართავ ქვეყნებს აქეთ-იქიდან ექაჩებიან, როგორც ეს სომხეთსა და უკრაინას დაემართა, და საქართველოც ამისგან ვილნიუსის შემდეგაც ვერ იქნება დაცული. ვილნიუსში მომზადდა პირობა იმისათვის, რომ საქართველომ მომავალში ხელი მოაწეროს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მეზობელი რუსეთი საქართველოს მსგავსად ამავე დოკუმენტის ხელმოწერის მოსურნე ქვეყნებს თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევს და გულზე არ ეხატება დასავლეთთან მისი თანამგზავრების დაახლოება. რა კავშირი აქვს ვილნიუსის სამიტთან პეტრე დიდს და მის „პოლიტიკურ ანდერძს“? პირდაპირ - არავითარი.

„ამბივალენტურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, ის ყალბია. უფრო სწორად, რას ნიშნავს ყალბი?! ამ დოკუმენტებს აქვს პოლიტიკური მიზანი, პროპაგანდისთვისაა შექმნილი. მეორე მხრივ, მეფის პერიოდის რუსეთის, საბჭოთა კავშირის და, ასევე, შეიძლება ითქვას, დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა ისე მოქმედებს, როგორც ამ „ანდერძში“ წერია - ის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ასე რომ, უცნაურად ამბივალენტური ხასიათის ტექსტებთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, პროპაგანდისტული ფალსიფიკაციაა, მეორე მხრივ, პოლიტიკა ამ დოკუმენტების მიხედვით წარიმართება“, გვეუბნება მარკუს ოსტერრიდერი, მიუნხენელი ისტორიკოსი, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მკვლევარი, რომელიც დიდხანს მუშაობდა მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში, დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ თავისუფალი დოცენტია, პუბლიცისტი. ოსტერრიდერი ავტორია არაერთი მსხვილტანიანი მონოგრაფიის, უამრავი სტატიისა ევროპის და, საერთოდ, ისტორიის სფეროში. მისი ბოლო მსხვილი, ჯერ გამოუქვეყნებელი, მონოგრაფიის ერთი ქვეთავი სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ „პეტრე დიდის ანდერძს“ ეძღვნება.

„საქართველო ყოველთვის ორი დიდი იმპერიის გამყოფ ზოლზე იმყოფებოდა და შეკითხვაც უჩნდებოდა, რომელ მხარეს ვეკუთვნი მე - ერთს თუ მეორეს, თუ რაღაც თავისთავადი ვარ? ყოველთვის ძნელი იყო საქართველოსთვის გავლენებს შორის წონასწორობა შეენარჩუნებინა და თან საკუთარი ინტერესებიც არ დავიწყებოდა“, გვიზიარებს თავის შეხედულებას ოსტერრიდერი და მასთან ერთად ვიხსენებთ ისტორიას:
’ანდერძს’ მოიხმობდნენ ნაპოლეონის დროს, რუსეთის წინააღმდეგ მისი ლაშქრობის გასამართლებლად. ნაპოლეონის ომების შედეგი რუსეთის გაფართოება იყო. იგივე მოხდა ჰიტლერის დროს. ნაცისტებმა ასევე მოიხმეს „პეტრე დიდის ანდერძი“, რათა ეჩვენებინათ, რომ დასავლურ სამყაროს საბჭოთა კავშირისგან დაცვა სჭირდებოდა...
მარკუს ოსტერრიდერი
1783 წელს ირანისა და ოსმალეთის მიერ გაწამებულმა ქართლ-კახეთის სამეფომ „სამეგობრო“ შეთანხმება დადო რუსეთთან. მოსკოვის მფარველობის ქვეშ შესვლას უწოდებენ ურთიერთობის ამ ფორმას. რუსეთში ამ დროს პეტრე პირველის შვილიშვილის გერმანელი ცოლი, ეკატერინე დიდი მბრძანებლობს. მე-18 საუკუნის ამ მონაკვეთში ხდება საქართველოსთან ახლა ასე შეკავშირებული პოლონეთის დაყოფა. ეკატერინე დიდის რუსეთის მადა გაღვიძებულია, იმპერია ფართოვდება. რუსეთს რომიდან უყურებენ, როგორც ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების გაჩენის წინააღმდეგ სანდო მოკავშირეს. რუსეთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ამ პერიოდში კათოლიკობა რუსეთში წელგამართულია, ყველგან აკრძალული იეზუიტების ორდენი მხოლოდ რუსეთშია დაშვებული. მსოფლიოს არაერთი კუთხიდან მიაწყდნენ რუსეთს იეზუიტები, მეცნიერები, ტექნიკოსები, საერთოდ ყველა საქმის სპეციალისტები და იმპერატრიცა მათ სიამოვნებით იღებს. კათოლიკური ეკლესია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დეკლარაციას ღვთის გმობად აფასებს. ასეთია ეკატერინე დიდის შვილის, პავლე პირველის, რუსეთი, რომელიც 1801 წელს აუქმებს ქართლ-კახეთის სამეფოს. ამავე ხანებში, ოდნავ უფრო ადრე, რუსეთი თავის სახელგანთქმულ მხედართმთავარს ალექსანდრ სუვოროვს, რომელმაც ყველა ფრონტზე ყველა ბრძოლა მოიგო, იტალიაში გზავნის რომის აღსადგენად, ნაპოლეონის მიერ დატყვევებული პაპის დასახმარებლად. ეს უპრეცედენტო მომენტია ისტორიაში, რომ მართლმადიდებელი რუსეთი, პროტესტანტი ინგლისი და მაჰმადიანი ოსმალეთი ერთობლივად შველიან წმინდა საყდარს: რომის პაპი კვლავ ვატიკანში ბრუნდება. ასეთ რთულ ვითარებაში საქართველო, რომელიც, როგორც ასეთი, არც კი არსებობს, ხდება რუსეთის გუბერნია. გვასწავლიდნენ, რომ ერთმორწმუნე რუსეთმა საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა. არადა, ამ პერიოდის რუსეთისთვის და დიდხანს, დიდხანს, შემდგომაც და დღესაც, ეს მართლმადიდებლობა მხოლოდ პოლიტიკის იარაღია იმავე პოლონელებთან საბრძოლველად, რომლებიც იმდენად თავს არიან გასულები, რომ ნაპოლეონის მხარეს იბრძვიან, ჯანყდებიან. სწორედ ტადეუშ კოშჩიუშკოს მეთაურობით აჯანყების ერთი მონაწილის, მიხელ სოკოლნიცკის სახელს უკავშირდება „პეტრე დიდის პოლიტიკური ანდერძის“ ერთ-ერთი ვერსიის არსებობა. ამ ტექსტის ავთენტურობით, მისი რეალური არსებობით დაინტერესებული მკვლევრები ერთხმად აღიარებენ, რომ ტექსტის ორიგინალი არ არსებობს, მით უმეტეს, რუსულად. ის პარიზში გამოჩნდა, ზემოხსენებულ პოლონელ გენერალ სოკოლნიცკიმდე ვინმე ნიკოლა ტომბიორის, ვარშავაში გამომავალი ფრანგული „გაზეტ დე პოლონის“ რედაქტორის ხელით დაწერილი. „ანდერძის“ პირველი ვერსიის ავტორმა ტექსტი ავთენტურად გაასაღა.
მარკუს ოსტერრიდერი
მარკუს ოსტერრიდერი
ტომბური წერდა, პეტრე პირველმა დაწერა და თავის მემკვიდრეებს უანდერძა, ასე და ასე მოიქეცითო. ის 14 პუნქტისგან შედგებოდა. ერთი ვერსიის ტექსტის ფრაგმენტები პოლონელმა მეამბოხეებმა იხილეს ვარშავის არქივებში, მაგრამ ის განადგურდა. „ანდერძის“ მეორე ვერსია ეკუთვნის ვინმე პარადოვსკის, რომელმაც ის თავის მეგობარს, გენერალ სოკოლნიცკის გაუგზავნა პირადი წერილის სახით. პარადოვსკი წერდა: ანდერძის ტექსტი ეკატერინე დიდის კარზე ჩემი თვალით ვნახე, როცა მდივნად ვმუშაობდიო. მიხელ სოკოლნიცკის ამ ორისგან განსხვავებული ვერსიაც მოიპოვება, რომელიც პეტერბურგში, საპყრობილეში მედიტაციის დროს, ასე ვთქვათ, ჩაესმა თუ იხილა და ჩაწერა გენერალმა და შემდეგ გადასცა საფრანგეთის აღმასრულებელ დირექტორიას მემორანდუმის სახით. „რუსეთის გაფართოებისა და ევროპის დამონების პეტრე პირველისეული გეგმის მოკლე შინაარსი“ - ასე დაასათაურა პოლონელმა ოფიცერმა დოკუმენტი, რომელსაც მან დაურთო საკუთარი ესე, „რუსეთის მიმოხილვა“, რომელშიც ის და მისი მეგობრები ცდილობდნენ, პოლონური ლეგიონების გააქტიურებაზე ყურადღების გამახვილებას. აი, ასე: ტექსტი ვინმეს ან ზეპირად ახსოვს, ან მედიტაციისას „ეცხადება“. სოკოლნიცკის ვერსიაში გამოტოვებულია ორი - მე-8 და მე-14 - პუნქტი, რომელთა თანახმადაც, რუსეთი თითქოს ბრიტანეთს კონკურენციას უწევს ინდოეთში. ეს ორი პუნქტი მოგვიანებით, 1812 წელს, როცა ნაპოლეონის არმია რუსეთს შეესია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლავ ჩაამატეს „ანდერძში“, რადგან იმ დროს რუსეთი და ბრიტანეთი მოკავშირეები იყვნენ.
მიხელ სოკოლნიცკი
მიხელ სოკოლნიცკი
მარკუს ოსტერრიდერი, მიუნხენელი ისტორიკოსი, ამბობს, რომ „პეტრე დიდის ანდერძი“ (ის ამ გამოთქმას ხმარობს) ჯოჯოხეთური ტექსტია, რომელიც თან ყალბია, ყველამ იცის, და, ამასთან, ხშირად მოიხმობენ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის დღესაც აქტუალურია:

„’ანდერძს’ მოიხმობდნენ ნაპოლეონის დროს, რუსეთის წინააღმდეგ მისი ლაშქრობის გასამართლებლად. ნაპოლეონის ომების შედეგი რუსეთის გაფართოება იყო. იგივე მოხდა ჰიტლერის დროს. ნაცისტებმა ასევე მოიხმეს „პეტრე დიდის ანდერძი“, რათა ეჩვენებინათ, რომ დასავლურ სამყაროს საბჭოთა კავშირისგან დაცვა სჭირდებოდა, შედეგი კი რუსეთის გაფართოება იყო. შემდეგ, ცივი ომის პერიოდში, 1947 წელს აჩვენეს ჰერი ტრუმენს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სტალინმა იგივე გააკეთა, რაც „ანდერძში“ წერია. დღესაც ასევეა, ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს ჯონ ლიდონი, ამერიკელი ისტორიკოსი, რომელმაც 2004 წელს დაწერა წიგნი - „რუსეთის იმპერიის დიადი სტრატეგია“. ჯონ ლიდონი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსეთისა და ევრაზიის კვლევის დევისის ცენტრში მუშაობს, წერს, რომ პუტინი ახლა ასევე „მოიხმარს“ - უფრო სწორად, ისე ჩანს, თითქოს მოიხმარს - ამ ანდერძს, რომელიც, ყველამ იცის, რომ დოკუმენტურად არ არსებობს და დაიბეჭდა როგორც პროპაგანდის მასალა“.

მარკუს ოსტერრიდერი, ამ „ანდერძის“ წარმოშობის ერთ ვერსიას გვაცნობს:

„ენტონი კროსი, ბრიტანელი ისტორიკოსი, 2001 წელს გამოცემულ წიგნში „პეტრე დიდი - ბრიტანული თვალით დანახული“, წერს, რომ მან მიაკვლია პეტრე დიდის პერიოდის ცნობას, როცა ის ჰააგაში იყო: პეტრეს ინგლისელებმა მიაწოდეს საიდუმლო, შუასაუკუნეობრივი დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, პეტრეს გაუჩნდა იდეა, რუსეთი გაფართოებულიყო არა შვედეთის მიმართულებით, არამედ სამხრეთის, ბოსფორისკენ, არა ბალტიის ზღვის, არამედ ბალკანეთისა და შავი ზღვის მიმართულებით. ეს იდეა პეტრეს ინგლისელებმა მიაწოდეს ჰააგაში“.
საქართველო დასავლეთისთვის გეოპოლიტიკურად საინტერესოა. დაეხმარება თუ არა დასავლეთი საქართველოს, უცბად რამე რომ მოხდეს, ესეც საკითხავია. საქართველო დასავლეთისთვის გეოპოლიტიკურად საინტერესო რეგიონშია. სხვა ქვეყნები, რომლებიც გეოპოლიტიკურად არ არიან ასე საინტერესო, ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ...
მარკუს ოსტერრიდერი
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ინიცირებულია. რას ესწრაფვის რუსეთი, როცა საქართველოს მსგავს ქვეყნებზე ზეწოლას ახორციელებს - იმას, რომ „პეტრე დიდის ანდერძის“ შესრულება შეყოვნდა და სურს უკან დაიბრუნოს ძველი გავლენის სფერო? - ვეკითხები მიუნხენელ ისტორიკოსს:

„რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროს შექმნას ცდილობს, ისევე როგორც დასავლეთში არსებობს ეს კომბინაციები, როგორიცაა ტრანსატლანტური ეკონომიკური საზოგადოებრიობა და მსგავსი. რუსეთი ცდილობს ამას თავისი პოლუსი დაუპირისპიროს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სახელმწიფოს პოზიციიდან ეს ინტერესების პოლიტიკაა, რომელსაც საკუთარი თავდაცვის მიზნით წარმართავენ. რა თქმა უნდა, მასში არის ალექსანდრე მესამისა და ნიკოლოზ პირველის პერიოდის რეფლექსები, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის რეაქცია იმაზე, რაც ტრანსატლანტიკურ ნახევარსფეროში ხდება: ევროკავშირის სულ უფრო ძლიერი ინტეგრაცია შეერთებულ შტატებთან და ეკონომიკური კავშირის განმტკიცება. ამის საპირისპიროდ ევრაზიულ არეალში იქმნება სხვა პოლუსი. და ამ დროს პატარა ერები სათამაშო ბურთები არიან ორივე მხარისთვის“.

მაგრამ საქართველო ხომ აინტერესებს დასავლეთს?!

„საქართველო დასავლეთისთვის გეოპოლიტიკურად საინტერესოა. დაეხმარება თუ არა დასავლეთი საქართველოს, უცბად რამე რომ მოხდეს, ესეც საკითხავია. საქართველო დასავლეთისთვის გეოპოლიტიკურად საინტერესო რეგიონშია. სხვა ქვეყნები, რომლებიც გეოპოლიტიკურად არ არიან ასე საინტერესო, ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ“, ამბობს
მარკუს ოსტერრიდერი, რომელიც განმარტავს, რომ თუ კვლავ „პეტრე დიდის ანდერძს“ მივუბრუნდებით, ერთგვარი ტრაგედია ისაა, რომ გავლენის სფეროების, ეკონომიკური სივრცეების შექმნის, ურთიერთშერწყმის დროს, თუ რა სჭირდებათ საქართველოს მსგავს მცირე სახელმწიფოებს, იმპერიული თვალსაზრისით, ძნელი შესაფასებელია.

„საქართველოში ზაფხულში ყოფნისას ვფიქრობდი, რას შეძლებდა საქართველო ევროკავშირის შიგნით არა მხოლოდ იმპორტირების, არამედ საკუთარის ექსპორტირების თვალსაზრისით. ევროკავშირს, ცხადია, აქვს დიდი ინტერესი, სოფლის მეურნეობის პროდუქტი ბაჟის გარეშე შეიტანოს საქართველოში, ხოლო დასავლეთის ფირმებს აქვთ სურვილი, იქ საქმიანობა გაშალონ“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG