Accessibility links

უიარაღო ტაჯიკი მწყემსები და „ემ პი სამ პლეიერები“ აგრესიული მტაცებლების წინააღმდეგ


მტაცებელი ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლაში ტაჯიკი მწყემსების ერთ გონებამახვილურ მიგნებაზე გიამბობთ. თვითონ მივიდნენ ამ იდეამდე თუ საიდანმე შეიტყვეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ტაჯიკეთის ერთ სოფელში, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს, მწყემსებმა, საერთოდ სოფლელებმა, ვისაც ცხვრები და თხები ან სხვა შინაური ცხოველები ჰყავს, ხელოვნური, ჩაწერილი ხმებით დაიწყეს მგლების და ასევე ტახების შემოტევათა მოგერიება. სოფელ ყავოყის მცხოვრები რამზიდინ ფაზლიდიენოვი გვიამბობს:

„ხან მგლების შემოსევაა, მთელი ხროვა დაგვესხმის ხოლმე თავს, ხან გარეული ღორების მთელი კოლტი გადაუვლის ხოლმე ჩვენს ბაღ-ბოსტანს და ანადგურებს.“

ფაზლიდიენოვმა და მისმა თანასოფლელებმა შეიძინეს ეს „ემ პი სამ პლეიერები“, სადაც ჩაწერილია ძაღლების ყეფა-ღრენის, სროლის ხმა და ხმის გამაძლიერებლების საშუალებით, რომლებიც ფარეხზე ან ხეებზეა დამაგრებული, აფრთხობენ აგრესორებს. ფაზლიდინოვი კმაყოფილია:

ისეთ სოფლებში, როგორიც ჩვენია, - გარშემო ტყე და რთული არეალია, - მუდამ გიწევს ბრძოლა ველურ ცხოველებთან. აქ გადარჩენისთვის თოფია საჭირო ...

„დიდი შეღავათია ამ აპარატის გამოყენება. მტაცებლები გვინადგურებდნენ ცხვარსა და თხას. ახლა მათ დასაფრთხობად თითქმის ყველა იყენებს „ემ პი სამ პლეიერს“, ამბობს ის და ბოლო ზარალს იხსენებს:

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში 23 ცხვარი მოიტაცეს ან მოსპეს მგლებმა. გლეხებს იმედი აქვთ, რომ სიახლე, ჩინეთში წარმოებული აპარატურის სახით, შეაძლებინებს მათ მოიგერიონ თავდასხმები. საქმე ისაა, რომ ტაჯიკეთში მთავრობამ ძალიან მკაცრად აკრძალა ყოველგვარი ცეცხლსასროლი იარაღი და თვით მწემსებსაც, რომლებსაც მართლაც თავდასაცავად სჭირდებათ თუნდაც სანადირო თოფები, მათი შენახვის უფლება ჩამოერთვათ იარაღთან ერთად. ყავოყელი დიასახლისი მეჰრინისო აჰმადოვა საბჭოთა პერიოდს იხსენებს, როცა სოფელში თითქმის ყველას ჰქონდა სანადირო თოფი და ნადირობის უფლება:

„ისეთ სოფლებში, როგორიც ჩვენია, - გარშემო ტყე და რთული არეალია, - მუდამ გიწევს ბრძოლა ველურ ცხოველებთან. აქ გადარჩენისთვის თოფია საჭირო.“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაჯიკეთში სამოქალაქო ომი იყო. ყავოყი, სამხრეთ ტაჯიკეთის სხვა სოფლების მსგავსად, ბრძოლის ველად გადაიქცა. ადრე წყნარი სოფელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, როცა იქ 1993 წლის 13 ივლისს 25 რუსი მესაზღვრე დახოცეს ოპოზიციონერებმა, ისლამისტმა მებრძოლებმა. ერთი წლის შემდეგ ტაჯიკეთის მთავრობამ მთელ ქვეყანაში იარაღი აკრძალა და დაიწყო მოსახლეობისთვის ყოველგვარი ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა. ყველას ჩამოართვეს სანადირო თოფებიც. მეორე ფაზა განიარაღებისა, რაც უკვე მთავრობასა და ტაჯიკეთის ოპოზიციურ ძალებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოჰყვა, 1997 წელს დაიწყო. ომი დასრულდა, მაგრამ იარაღის აკრძალვა ძალაში დარჩა. სოფლის მთელი მოსახლეობა, ისევე როგორც ყავოყელები, იარაღის გარეშეა დარჩენილი. მაჰმად რაჰიმი, სოფლის მცხოვრები, ამბობს, რომ უშიშროების სამსახური ხანდახან რეიდებს აწყობს სოფლებში და კვლავ იარაღს ეძებს. გარემოს დაცვის რეგიონალური სამსახურის უფროსის, ამირყულ ჯურაევის თანახმად, გარეული ღორებისა და მგლების არნახულმა გამრავლებამ ხელისუფლებას უბიძგა გაეუქმებინა მათზე ნადირობის, ანუ მათი ხოცვის, აკრძალვა. ნადირობა დაშვებულია, მაგრამ რითი? ამ ეტაპზე „ემ პი სამ პლეიერებს“ ვხმარობთ და ჯერჯერობით მოქმედებს, მაგრამ ცხოველები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ ეს აპარატები მათ ზიანს ვერ მიაყენებს და მერე უკვე აღარაფერი გვეშველებაო, შიშობენ ტაჯიკი მწყემსები.
XS
SM
MD
LG