Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის „მაიდანაკის ობსერვატორიის ტელესკოპები დედამიწის მცხოვრებთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“


უზბეკეთის დროშა
უზბეკეთის დროშა
უზბეკეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა სტატია - აგვისტოს 20-ში რუსულად, მომდევნო ორ დღეში კი ევროპულ ენებზე და არაბულად - სათაურით: „ახალ პლანეტას მაიდანაკის სახელი დაარქვეს“. წერილი ასე იწყება:

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავის წინ უზბეკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტში მოვიდა ცნობა, რომ იაპონელი მეცნიერების მიერ ახლახან აღმოჩენილ მცირე პლანეტას, ასტეროიდს #22948-ს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მაიდანაკის სახელი მიანიჭა“.

მაიდანაკი უზბეკში მდებარე ობსერვატორიაა, რომელიც პამირ ალაის მთებში მუშაობს. ეს ობსერვატორია მსოფლიო კლასის ასტრონომიულ ცენტრად ითვლება, რაც სტატიაშიც არის აღნიშნული. უზბეკეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ამ წერილში წერია, რომ ცნობა, რომელიც სამამულო ასტრონომიული მეცნიერების მიღწევის მაღალ აღიარებას ადასტურებს, კიდევ ერთი საჩუქარია უზბეკი ხალხისათვის ყველაზე დიადი, ყველაზე ძვირფასი ზეიმის დროს. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და მართლაც სასიამოვნო ამბავი იქნებოდა, რომ არა ფაქტი, რომელიც ცოტა არ იყოს აფერმკრთალებს ამ ამბის სიცინცხალეს: ასტეროიდი 1999 წელს აღმოაჩინეს, სახელი კი ოფიციალურად მიანიჭეს წელს, უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღემდე, პირველ სექტემბრამდე, ერთი თვით ადრე. ეს 22948-ე ასტეროიდი 1999 წლის 2 ოქტომბერს აღმოაჩინა არიზონის შტატში, დედამიწის მახლობელი ობიექტების კვლევის ლოუელის ობსერვატორიაში, ანდერსონ მესამ. როდის მიენიჭა მას სახელი, ცნობილი არ არის. ასტეროიდი „მაიდანაკი“ პირველად ჰარვარდის მცირე პლანეტების ცენტრის სიაში მოხვდა 2012 წლის მაისში. ორი შესაძლებლობაა: ცნობა ან ძალიან დიდხანს იყო გზაში, სანამ ჩააღწევდა უზბეკეთამდე, ან კიდევ მთავრობას ის ჰქონდა, მაგრამ ხალხს უმალავდა, სადღესასწაულო საჩუქრად უნახავდა. საქმე ისაა, რომ „მაიდანაკი“ არ არის უზბეკეთის უმნიშვნელოვანესი ასტრონომიული მარგალიტი. 2010 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა მაიდანაკის ობსერვატორიის მკვლევრების მიერ აღმოჩენილ ასტეროიდს „სამარყანდი“ უწოდა. სამარყანდი ქალაქია, რომელიც დღევანდელ უზბეკეთში მდებარეობს და რომელიც შუა საუკუნეებში ასტრონომიული კვლევის ერთ-ერთი ცენტრი იყო, სადაც მუშაობდა და ცხოვრობდა ასტრონომი, მათემატიკოსი და, ამავე დროს, მბრძანებელიც, თემურ ლენგის შვილიშვილი ულუღ ბეგი. მის სახელს ატარებს სამარყანდის ობსერვატორია. თუ სახელის მინიჭებას დიდ აღიარებად მივიჩნევთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ულუღ ბეგი დააფასა მთვარის გერმანელმა მკვლევარმა, მე-19 საუკუნის ასტრონომმა იოჰან ჰაინრიხ ფონ მედლერმა, რომელმაც მთვარის ერთ-ერთ კრატერს სამარყანდელი კოლეგის სახელი უწოდა. ყველაფერ იმასთან ერთად, რაც წარსულ დიდებას უკავშირდება, დღეს თუნდაც ასტეროიდისთვის სახელის მინიჭებას, აღიარებად მიიჩნევენ უზბეკეთში. უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინტიტუტის დირექტორმა შუხრათ ეგამბერდიევმა ჩვენი რადიოს უზბეკურ სამსახურს უთხრა, დიდი მიღწევაა 22948-ე ასტეროიდისთვის მაიდანაკის სახელის დარქმევაო:

„ბევრი ახალი პლანეტის აღმოჩენა ხდება, მაგრამ სახელს ყველას არ არქმევენ. და შეთავაზება, დაერქმიათ ერთ-ერთი მათგანისთვის „მაიდანაკი“, მიღებული იქნა. ეს ჩვენი ობსერვატორიის დიდი აღიარებაა.“

ეგამბერდიევი მართალია. ამერიკის კოსმოსის კვლევის უწყებას, ნასას, სიაში ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი ასტეროიდი. თითქმის ყოველდღე ხდება ახლის აღმოჩენა. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის თანახმად, მცირე პლანეტებისთვის სახელის დარქმევა აღმომჩენის წინადადების შესაბამისად ხდება. სახელს ამტკიცებს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის კომიტეტი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG