Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის პაკისტანელ გოგონას „სეკულარისტული პროპაგანდისთვის“ ესროლეს


მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, პაკისტანი, ისლამურ რესპუბლიკად არ მოიხსენიება ხოლმე. ბირთვული იარაღის მფლობელი ეს ქვეყანა თავის კანონმდებლობაში, ნაწილობრივ, შარიათს, ისლამურ კანონს ეფუძნება. თავდასხმას სკოლიდან შინ მიმავალ 14 წლის გოგონაზე, რომელსაც ორი ტყვია მოარტყეს თავის არეში, სწორედ შარიათის წესით ამართლებენ ისლამისტები. რომელი კანონი ამართლებს მცირეწლოვანი გოგონასთვის ცეცხლის გახსნას, რას ემართლებიან მას თანამემამულეები?

დღეს არ გესაუბრებით ქრისტიან მცირეწლოვან გოგონაზე, რომლის ცილისწამების ამბავს უკვე რამდენიმე თვეა ამცნობს მედია მსოფლიოს. რიმშა მასიჰს ცილს სწამებენ სხვა დანაშაულში, რომ მან ვითომ ყურანის ფურცლები დაწვა. ამ ერთ 14 წლის გოგონას აბრალებენ წიგნის დაწვას, ხოლო მეორეს, ასევე თოთხმეტი წლისას, ტყვიას ესვრიან, რასაც იმავე წიგნით ამართლებენ. საქმე ისაა, რომ მალალა იუსაფზაის მოკვლის სურვილი გაამხილა, ანუ თავდასხმა თავის თავზე აიღო, თალიბანის მოძრაობამ პაკისტანში. ამ ქვეყანაში, როგორც ითქვა, კანონი ნაწილობრივ ისლამურია - ოჯახის და მემკვიდრეობის საკითხებს, მაგალითად, შარიათი განსაზღვრავს. თალიბანი, რომელმაც ავღანეთი წლების განმავლობაში მართა, პაკისტანის რელიგიურ სკოლებში წარმოიქმნა. ის, მართალია, იმ ავღანელ ემიგრანტებს ეყრდნობოდა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას გაექცნენ, მაგრამ მას პაკისტანის პოლიტიკური ისლამური პარტია უწევდა ორგანიზებას. თალიბანი ისლამური სწავლების და პუშტუნური სამართლისა და ღირსების კოდექსის მიმდევარია. მალალა იუსაფზაი თალიბანის ტყვიის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ „ბი-ბი-სისთვის“ დღიურები წერა და თავის ამ ნაწერებში თალიბანის მიერ ქალთა სკოლების დახურვის გამო ჩიოდა. მალალა 11 წლის იყო, როცა დღიურების წერა დაიწყო ბრიტანული მაუწყებლის ურდუს ენაზე რედაქციისთვის. ახლა ის, თავსა და კისერში ნატყვიარით, საავადმყოფოში იმყოფება. მალალა წერდა ფსევდონიმით - გულ მაკაი. ეს მეტსახელი მაშინ იყო საჭირო, როცა ამ არეალში, სვატის რაიონში, დე ფაქტო მმართველად თალიბანი იყო. სწორედ ამ რელიგიური ჯგუფის განკარგულება, დაეხურათ სკოლა, შეიქნა მალალას გულისწყრომის მიზეზი, რაზეც ის წერდა. მამამისი, ზაიუდინ იუსაფზაი, ქალთა კერძო სკოლის მფლობელი იყო. ის თალიბანმა აიძულა დაეხურა სკოლა. 2009 წლის 8 თებერვალს მალალა წერდა:

„სევდანად ვუყურებ სკოლის ფორმას, ჩანთას, გეომეტრიის პენალს. ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და გული ჩამწყდა - აქაა სკოლის ფორმა, რომელსაც აღარ ვატარებ. ბიჭების სკოლას ხვალ გახსნიან, მაგრამ გოგონებისთვის სწავლა თალიბანმა აკრძალა. გამახსენდა სკოლა, განსაკუთრებით გოგოების ერთმანეთთან დავა.“

დღიურებში აღწერილია ისიც, თუ რას განიცდიდნენ სვატელი გოგონები, როცა თალიბები მათ თანამოქალაქეებს სჯიდნენ და ქალთა სკოლების შენობებს ანგრევდნენ.
მშვიდობის პრემიაზე წარდგენა ჩემთვის უდიდესი დაფასებაა . ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ პრემიაზე პაკისტანელი გოგონა წარადგინეს. ეს პაკისტანისთვისაც პატივია ...
მალალა იუსაფზაი

მალალას ოჯახმა სხვებთან ერთად მიატოვა სვატის რაიონი, როცა პაკისტანის არმიამ თალიბანს ომი გამოუცხადა და რეგიონში 12 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა თალიბანის წინააღმდეგ. როგორც კი სვატი თალიბანისგან გაწმინდეს, გოგონამ თავისი ვინაობა გაამხილა. მალალა ღიად უყვებოდა დასავლეთის მედიას იმის შესახებ, თუ როგორ იჩაგრებოდა ხალხი თალიბანის დროს. ის ლაპარაკობდა პაშტუზე, ურდუზე, ინგლისურად; პაკისტანის მთავრობამ მას ახალგაზრდებისთვის დანიშნული მშვიდობის პრემია მიანიჭა. მალალა იუსაფზაი მშვიდობის საერთაშორისო ბავშვთა პრემიაზეც იყო წარდგენილი. თვითონ მალალა ასე გამოეხმაურა პრემიაზე წარდგენას:

„მშვიდობის პრემიაზე წარდგენა ჩემთვის უდიდესი დაფასებაა . ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ პრემიაზე პაკისტანელი გოგონა წარადგინეს. ეს პაკისტანისთვისაც პატივია. და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს პატივი ხვდა ჩემს ქვეყანას.“

მალალა არა მხოლოდ ამ დაფასების გამო იყო ბედნიერი, მას თავისი ოცნებები და სურვილებიც დიდი ჰქონდა და არც მალავდა ამას, როცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა:

„ჩემი სურვილია გავხდე ამ ქვეყნის, პაკისტანის, შთაგონებული ლიდერი. ამასთან, მინდა როგორმე, რამენაირი სახით ვემსახურო კაცობრიობას“, უთქვამს მას მაშინ.

14 წლის გოგონამ თავისი მონათხრობით, თავისი გამონათქვამებით, ყურადღება მიიპყრო პაკისტანშიც და უცხოეთშიც. ბევრს ლაპარაკობს ის პაკისტანში ქალთა განათლებაზე. ამის გამო იქცა მალალა პაკისტანში თალიბანის მოძრაობის ერთ-ერთ სამიზნედ. ორგანიზაციამ თავის გასამართლებელი წერილი გამოუგზავნა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, ისევე როგორც სხვა ადგილობრივ და უცხოურ მედიას. ინგლისურად დაწერილ წერილში წაიკითხავთ, რომ თავდასხმა წარმატებული იყო, თუმცა თალიბანი არ ემხრობა ქალების მიმართ ძალის გამოყენებას. თალიბანის ამ წერილის თანახმად, გოგონა დაისაჯა, რადგან ვინც ისლამს და შარიათს ესხმის თავს, მოკლული უნდა იქნეს. თალიბანი თვლის, რომ იუსაფზაი პროდასავლურად არის განწყობილი, ის მაჰმადიანებს მოჯაჰედების სიძულვილისკენ მოუწოდებდა და ამიტომაც იქცა შარიათისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ. თალიბები ამ წერილში ცდილობენ გაამართლონ თავიანთი ქმედება და სვამენ საკითხს, შეიძლება თუ არა მოიკლას სკოლის მოსწავლე გოგონა. ამის დასტურად მოჰყავთ მაგალითები მაჰმადიანური წმინდა წერილიდან.
მათი სურვილია თავიანთი ნება თავს მოახვიონ სუსტ ადამიანებს. მალალა, უდანაშაულო გოგონა, ამის ერთი მაგალითია ...
საპროტესტო გამოსვლის მონაწილე

„წაიკითხეთ ჰაზრათ ხიზარის ამბავი, - წერენ ისინი, - როცა ის წინასწარმტყველ მუსასთან ერთად მოგზაურობს და ბავშვს კლავს. ეს ბავშვი ღვთისმოშიში მშობლების შვილია და მისი მოკვლა იმით მართლდება, რომ მომავალში მშობლებს სახელს გაუტეხდა“. პაკისტანელი თალიბების არგუმენტი მათ წინააღმდეგ, ვისაც მიაჩნია, რომ ქალს არ უნდა ესროლო, ასეთია: „მუჰამედის ბრმა მიმდევარმა მოკლა ცოლი, რადგან მან წინასწარმეტყველი ცუდად მოიხსენია. საქციელი წინასწარმეტყველმა შეუქო“.

წერილი ეხება სკოლების თემასაც და გვიხსნის, რომ გოგონას მოკვლის აუცილებობა არ უკავშირდება განათლების საკითხს: „არავინ იფიქროს, რომ მალალას განათლების გამო მოვუწყეთ თავდასხმა. ეს არასწორია და მედიის პროპაგანდაა. მალალას თავს დავესხით სეკულარიზმისა და განათლებული ზომიერების ქადაგების გამო“.

ამ პრეტენზიას, იქონიოს უფლება განსაჯოს, შემდეგნაირად აფასებს მარიამ ბიბი, მალალაზე თავდასხმის გამო ფეშავარში მოწყობილი საპროტესტო გამოსვლის მონაწილე:

„ამათ სურთ თავიანთი ნება ძალით მოგვახვიონ თავს. მათი სურვილია თავიანთი ნება თავს მოახვიონ სუსტ ადამიანებს. მალალა, უდანაშაულო გოგონა, ამის ერთი მაგალითია.“

14 წლის გოგონაზე თავდასხმა დაგმეს პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, მედიამ. პაკისტანის არმიის მეთაურმა, გავლენიანმა გენერალმა აშფახ კაიანიმ გოგონა საავადმყოფოში მოინახულა და დაგმო თავდასხმა, როგორც „ამაზრზენი ტერორიზმი“. მალალაზე თავდასხმა დაგმეს უცხოეთშიც - აშშ-ში, გაეროში. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიკმა პირობა დადო, ამის ჩამდენს დავაპატიმრებთ და გავასამართლებთო. ამ ერთი გოგონას მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ფონზე, ჯერ არაა ცნობილი რა ბედი ეწევა მეორე გოგონას, რომელსაც ყურანის ფურცლების დაწვას აბრალებენ და რომელიც თავდებით არის განთავისუფლებული ციხიდან. საქმე ისაა, რომ მის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მოსურნეთა რიცხვი ისლამურ რესპუბლიკაში ნაკლებია. მისი დანაშაული დამტკიცებული არ არის, არ არიან მოწმეები, დაპატიმრებულია ცილისწამებაში ეჭვის გამო ის იმამიც, ვინც ბრალად დასდო ქმედება, მაგრამ გოგონას სასამართლო და განაჩენი არ ასცდება. მის სახლთან, როცა ხმა გავრცელდა მის მიერ ვითომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ბრბო შეიკრიბა და მის დაწვას მოითხოვდნენ. არც ადამიანის დაწვისკენ მოწოდების ავტორები დაუკავებიათ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG