Accessibility links

ბოლშევიკური გადატრიალების, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციად წოდებული მოვლენის, შემდეგ აშშ-ში გატანილი ძველი ფილმების დიდი კოლექცია, 350-მდე ფილმი, უკან, რუსეთში, ბრუნდება ისე, რომ რუსეთის მთავრობას და საზოგადოებას არაფერი ეხარჯებათ. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც ეს კოლექცია, ფაქტობრივად, შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, ფიქრობს, რომ ფილმები პეტერბურგის კინოსტუდია „ლენფილმში“ უნდა დაბრუნდეს. რუსული კინოს მოყვარულებისთვის ეს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენაა. ფილმები, ბუნებრივია, მუნჯია. მათი აღწერილობა ჯერ არ ქვეყნდება, მის ჯერ კიდევ მფლობელს ისინი არც უნახავს. ნაუმ კლეიმანი, მოსკოვის კინოს ისტორიის მუზეუმის დირექტორი, აღფრთოვანებას ვერ მალავს და ამბობს:

„ესაა სენსაცია, ჩვენი კინოისტორიის მთელი ეპოქის აღორძინება. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. რევოლუციამდელი სამასი ფილმის კვლავ მიგნება მთელი კონტინენტის აღმოჩენას ჰგავს.“

ამ, ასე ვუწოდოთ, კოლექციის მოგზაურობა, როგორც ითქვა, დაიწყო 1917 წელს, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი ამბოხების შემდეგ, როცა სამუელ კიპნისმა ხელი მოჰკიდა ამ ფილმებს და უცხოეთში წაიღო. მთელი ამ ისტორიის მთავარ გმირად გვევლინება სტივენ კრესი, კინოქტექნოლოგიის ფირმის, „მაგნაელექტრონიკის“, პრეზიდენტი, რომლის მონათხრობის თანახმადაც, კიპნისი დასახლდა მაიამიში, სადაც ამ ფილმებს უჩვენებდა ადგილობრივ თეატრში, ძირითადად, ალბათ, ნოსტალგიით დასევდიანებულ რუსსავე ემიგრანტებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კიპნისმა ეს ფირები განადგურებისგან იხსნა, რადგან ის, რაც რუსეთში დარჩა, ბოლშევიკებმა ან ბურჟუაზიულ ხელოვნებად მიიჩნიეს და ამის გამო მოსპეს, ან კიდევ, უბრალოდ, ამ ფირების შემადგენლობა, ძვირფასი მასალა, უკვე სხვა ფილმებისთვის მოიხმარეს. კიპნისი ამ ფილმებს უვლიდა, ინახავდა. ის 1982 წელს გარდაიცვალა და მისი არქივი ფლორიდის უნივერსიტეტის კინობიბლიოთეკას დარჩა. კრემსი ამ ფირებს სწორედ მაშინ გადაეყარა.

„როცა, უნივერსიტეტში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, კოლექცია ადვილად აალებადად მიიჩნიეს და მათ დაკარგვა დაემუქრა, მე გადავარჩინე. ეს 1980-იანი წლების დასაწყისში მოხდა“, ამბობს კრემსი, რომელმაც არქივი ჯერ თავის საწყობში, მაიამიში გადაიტანა, შემდეგ - ატლანტაში. მაგრამ კრემსს რუსეთში მივლინებით ყოფნისას ერთი აზრი გაუჩნდა:
350 ფილმი იმ დროისთვის უზარმაზარი კოლექციაა. მაშინ ფილმების წარმოება ძალიან შეზღუდული იყო. ამდენად, ისინი წარმოადგენს ჩვენი კინოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს ...

„მივლინებისას „ლენფილმის“ სტუდიები დავათვალიერე. მაშინ გამიელვა აზრმა, აქაურობა ამ ფილმებისთვის შესაფერისი საცავი იქნებოდა-მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წვლილის შეტანა შემიძლია. იმედია, ამას დააფასებენ და ეს სათანადო სარგებლობასაც მოიტანს.“

მეფის რუსეთში გადაღებული ფილმების 70-80 პროცენტი დაკარგულად ითვლება. როგორც ითქვა, მათი დიდი ნაწილი განადგურდა სხვადასხვა მიზეზის გამო. „ლენფილმში“ პროდუქციის სფეროს მეთვალყურეობას უწევს ანდრეი სიგლეი, რომელიც ასევე მოუთმენლად ელის ფილმების იქ ჩატანას:

„350 ფილმი იმ დროისთვის უზარმაზარი კოლექციაა. მაშინ ფილმების წარმოება ძალიან შეზღუდული იყო. ამდენად, ისინი წარმოადგენს ჩვენი კინოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს.“

პირველი ფილმები რუსეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაიღეს. შემდეგ მათ თეატრებში, უბრალოდ, დაქირავებულ დარბაზებში და „იარმარკებზე“ უჩვენებდნენ. იმპერიაში პირველი კინოთეატრი 1896 წელს ამოქმედდა პეტერბურგში, პირველი მხატვრული ფილმი კი, „სტენკა რაზინი“ იყო. ის 1908 წელს შექმნეს. ამას მოჰყვა უკვე სრულმეტრაჟიანი „სევასტოპოლის დაცვა“, ისტორიული დრამა, რომელიც ყირიმის ომის დროს ქალაქ სევასტოპოლის დაცვას შეეხებოდა და 1911 წელს პირველად უჩვენეს იალტაში, ნიკოლოზ მეორის სასახლეში. თვითონ ნიკოლოზ მეორის გამოსახულებით არაერთი ფირია შემორჩენილი - ისინი, ჩანს, განადგურებას გადაურჩა. ახლა მოელიან, რომ კიპნისის კოლექცია ახალ ნიმუშებს, რუსეთის კინოს ისტორიის ჯერ უცნობ მასალებს გამოავლენს.
კინოს აქვს არა მხოლოდ მხატვრული მნიშვნელობა, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც, რადგან მხატვრული ფილმი, ამას ხაზს ვუსვამ, შეიძლება ისტორიული დოკუმენტი აღმოჩნდეს ...

„ეს პირველწყაროა. დღეს ჩვენ ადრეულ კინემატოგრაფიას მივიჩნევთ არა, უბრალოდ, პრიმიტიულად, არამედ იმ ყველაფრის საფუძვლად, რაც შემდგომში მოხდა ამ სფეროში. ასე რომ, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“, ამბობს კინოს მუზეუმის დირექტორი, ნაუმ კლეიმანი.

კინომცოდნე გიორგი გვახარიას ეჭვი ეპარება, რომ „ამ ფილმებს რაიმე განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება ჰქონდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი იყო რუსული კინომატოგრაფი უკვე რევოლუციის შემდეგ... ის, ფაქტობრივად, ახალ ენას ქმნიდა, ანუ არ არსებობდა რაიმე სერიოზული საინტერესო ბაზისი იმხანად და ეს ბაზისი რომ ყოფილიყო, დაეტყობოდა იმ ფილმებს, იმ ავტორებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ და იმ ფილმებს, რომლებიც, ჩვენ ვიცით, 20-იან წლებშია გადაღებული. მაგრამ, მე მგონია, ამ ფილმებს ექნება ისტორიული მნიშვნელობა. კინოს აქვს არა მხოლოდ მხატვრული მნიშვნელობა, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც, რადგან მხატვრული ფილმი, ამას ხაზს ვუსვამ, შეიძლება ისტორიული დოკუმენტი აღმოჩნდეს, რადგანაც სწორედ ამ ფილმის საშუალებით შეიძლება ვისაუბროთ იმ ეპოქის, ასე ვთქვათ, დიზაინზე, იმაზე, თუ როგორ გვეცვა, რა იყო მოდაში, როგორი გემოვნება ჰქონდათ, როგორ ურთიერთობდნენ, როგორი იყო ჟესტი, მიმიკა და ასე შემდეგ. ანუ ისტორიისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მასალა“, ამბობს გიორგი გვახარია.

თვითონ კრემსს, კაცს, ვინც ამ განძს რუსეთს საჩუქრად გადასცემს, არასოდეს უნახავს ეს ფირები. მათ შორის, სავარაუდოდ, შეიძლება აღმოჩნდეს დღეს დაკარგულად მიჩნეული ფილმებიც, მაგალითად, ვერა ხოლოდნაიას მონაწილეობით. ცნობილია, რომ ეს მსახიობი მონაწილეობდა 50-მდე ფილმში, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი. რუსეთის კინოისტორიკოსები არ გამორიცხავენ, რომ იქვე მიაკვლიონ სხვა რევოლუციამდელი ოსტატების ნამუშევრებსაც.
XS
SM
MD
LG