Accessibility links

logo-print

მცირე და დიდი ჰესების მავნე გავლენის შესახებ


დარიალის ჰესის მშენებლობა

დარიალის ჰესის მშენებლობა

ოთხშაბათს უნდა განეხილა საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი. ორგანიზაციამ გარემოს დაცვის სამინისტროს უჩივლა. საჩივარი ეხება გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებას, რომელიც დარიალის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებით დასკვნას წარმოადგენს. „მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნია, რომ დარიალის ჰესის მშენებლობა დაიწყო და მიმდინარეობს უკანონოდ. 2011 წლის სექტემბერში დაიწყო მდინარე თერგზე ამ ჰესის მშენებლობა, 110 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის აგება დარიალის ხეობაში, რომელიც თავისი განუმეორებელი ლანდშაფტური და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით უნიკალურია. ჰესის მშენებლობა შეუქცევად გავლენას მოახდენს მდინარე თერგზე, მასზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, დაცულ ნაკადულის კალმახზე. 7 ნოემბრის ეს სასამართლო პროცესი გადაიდო. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე, ორგანიზაციის პოლიტიკის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ დარიალის ჰესი ერთადერთი პრობლემა არ არის:

„დარიალთან ერთად არის სხვა ჰესები, რომლებიც ითვალისწინებენ დიდი ტერიტორიის დატბორვას. ეს არის ხუდონჰესი, - აღდგა ამ პროექტზე მსჯელობა და, ასე ვთქვათ, წინ მიიწევს ეს პროექტი, - ასევე ნამახვანის ჰესების კასკადი“.

ჩანს, რომ პრობლემა არამხოლოდ ზოგადად ჰესია. ეს პრობლემა, გარემოს დაცვის გაგებით, ორად იყოფა. ჩვენი თანამოსაუბრე გვიამბობს, რომ ერთია ჰესები, რომლებიც მოითხოვენ დიდი ტერიტორიების დატბორვას, და სხვაა პატარა ჰესები, რომლებსაც ერთნაირად აშენებენ ყველგან, ყველა მდინარეზე:
დარიალის ჰესის მშენებლობა

დარიალის ჰესის მშენებლობა


„ერთიანი მიდგომაა გამოყენებული, 90 პროცენტის დერივაცია, მდინარის გადაგდება კალაპოტიდან და ათი პროცენტის დატოვება მდინარეში... რატომღაც ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა დერივაციული ჰესების მიმართ, რომ მაქსიმალური მოგების მისაღებად ინვესტორებს ნებას რთავენ, რომ მდინარეები მაქსიმალურად გამოიყენონ“, - გვითხრა ქეთი გუჯარაიძემ.

ჩვენ ამ პრობლემატიკაზე ვესაუბრეთ გერმანელ ექსპერტს, ზებასტიან შიონაუერს, რომელიც ბუნების დაცვის კავშირის ბავარიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილეა და, ამავე დროს, ფედერალურ დონეზე ექსპერტად მუშაობს. მცირე ჰესებზე საუბრისას ის ამბობს, ასე გამომუშავებულ ელექტროენერგიას,„სისხლიან დენს“ უწოდებენ, რადგან ტურბინებით დიდი რაოდენობის თევზი ისპობაო. გერმანელი ექსპერტის თქმით, გერმანიაშიც ძალიან ჭირს განახლებადი ენერგიების ბუმის პერიოდში ხელისუფლებასთან ბრძოლა ბუნების დასაცავად, მაგრამ „დავემუქრეთ მთავრობას, ევროკომისიაში საჩივრის შეტანით და ახლა ის უფრო ყურადღებიანი გახდაო“. შიონაუერი მცირე ჰესების კარგად ორგანიზებულ ლობიზე ლაპარაკობს:

„ეს მცირე ჰესების ევროპის მასშტაბით მოქმედი კარგად ორგანიზებული ლობია. ესენი არიან მცირე მანქანათმშენებლები და ელექტროინჟინრები, რომლებიც ერთმანეთთან შეკავშირდნენ და მოახერხეს კანონმდებლობაშიც კი მიეღწიათ „მუხრუჭების შესუსტებისთვის“.
დარიალის ხეობა არის განსაკუთრებით გამორჩეული. მას აქვს ასევე კულტურული დატვირთვა, მაგრამ, გარდა ამისა, ეს ტერიტორია გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით. და სწორედ ამიტომ დაარსდა აქ თავის დროზე ყაზბეგის ეროვნული პარკი...


შიოაუერი ბავარიის მაგალითზე განგვიმარტავს, რომ გერმანიის ამ მხარეში ოთხი ათასზე მეტი ელექტროსადგურია და მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იძლევა ენერგიას. ორასს აღემატება დიდი ჰესების ოდენობა, დანარჩენები მცირე ჰესებია, „ეს ხუთიდან ას კილოვატამდე სიმძლავრის მცირე ჰესები სპობენ ნაკადულებს და პატარა მდინარეებს, ხდება მათი დაგუბება, ნადგურდება თევზი და შესაბამისი ფირმები კიდევ ფულს იღებენ, რადგან, კანონმდებლობით, მათ, როგორც განახლებადი ენერგიის დანადგარებს, სუბსიდია ეკუთვნით“, გვიამბობს გერმანელი ეკოლოგი და ასე გვიპასუხებს შეკითხვაზე, რას იძლევა ეს ჰესები, რამდენ ენერგიას გამოიმუშავებენ ისინი:

„ისინი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, მაგრამ იმდენად მცირეს, რომ სასაცილოა მისი გათვალისწინება. ბავარიის ოთხი ათასი მცირე ჰესი ბავარიაში მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ ხუთ მეასედ პროცენტს იძლევა, მაგრამ 4000-ჯერ ძლიერი უარყოფითი ზემოქმედება აქვს. შესაბამისად, გერმანიის გარემოს დაცვის ყველა უწყება, ბუნების დაცვის უწყება, მეცნიერები, ყველა ამბობს: მცირე ჰესები დავივიწყოთ, არ შეიძლება მათ იმუშაონო“.

თანამოსაუბრე გვიკონკრეტებს, რატომ არის არარენტაბელური მცირე ჰესები:

„ამ მცირე დანადგარების აგება, სუბსიდიების, დახმარების გარეშე, არ არის მომგებიანი. გერმანიაში ხუთი-ექვსი წელიწადი ამუშავებენ მათ და შემდეგ, როცა განახლება თუ შეკეთებაა საჭირო, ამას ხელს არ ჰკიდებენ, რადგან ითვლება, რომ მოგება უფრო ნაკლებია, ვიდრე განახლება დაჯდებოდა“.

მინდა გაგაცნოთ დარიალის ჰესის მეტი დეტალი. პროექტი მოდის ქართულ-ამერიკული ფირმისგან, მისი დამფუძნებელია შპს „ფერი“. ვინ აშენებს და რა ვითარებაში გაიცა ნებართვა? გუჯარაიძე განმარტავს:
დარიალის ჰესის მშენებლობა

დარიალის ჰესის მშენებლობა


„დარიალის ჰესის მშენებლობაზე დაიდო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და „დარიალი ენერჯის“ შორის და, აი, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება ეს პროექტი. როცა ხელშეკრულება დაიდო, ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. როცა „დარიალი ენერჯიმ“ დაიწყო საპროექტო გადაწყვეტაზე მუშაობა და კონკრეტული დოკუმენტაცია მოამზადა ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროში წარსადგენად, ამ ეტაპზე გავიგეთ ჩვენ ამ ჰესის, ამ პროექტის არსებობის შესახებ“.

ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ დასკვნა არის მშენებლობის სანებართვო დოკუმენტი, რომელსაც სამინისტრო იძლევა და ეს დასკვნა გაიცა ისე, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს შესაძლებლობა არ მიეცათ თავიანთი აზრი გამოეთქვათ.

თანამოსაუბრის თანახმად, იშვიათია, რომ გარემოსდაცვითი ექსპერტიზა ხარისხიანი იყოს, მაგრამ სამინისტროს ეს არ უშლიდა ხელს, გაეცა დადებითი დასკვნა მშენებლობის შესახებ. ეს კომპლექსური პრობლემაა. ის ლაპარაკობს არამხოლოდ დასკვნის უკანონობაზე. თვითონ პროექტის შინაარსია ისეთი, რომ ის ბუნების დაცვის ორგანიზაციის პროტესტის ობიექტი გახდა:

„ჩვენ ვაპროტესტებთ პროექტის შინაარსსაც ასევე. დარიალის ხეობა არის განსაკუთრებით გამორჩეული. მას აქვს ასევე კულტურული დატვირთვა, მაგრამ, გარდა ამისა, ეს ტერიტორია გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით. და სწორედ ამიტომ დაარსდა აქ თავის დროზე ყაზბეგის ეროვნული პარკი. ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნა, როცა ჰესის საჭიროებისთვის იქნა ამოღებული გარკვეული ტერიტორია ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობიდან“.
დარიალის ჰესის მშენებლობა

დარიალის ჰესის მშენებლობა


როცა მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული იყო, ამბობს ქეთი გუჯარაიძე, ენერგეტიკის სამინისტრომ პოსტფაქტუმ შეიტანა პარლამენტში კანონპროექტი და ჰესის მშენებლობის ტერიტორია ამოიღეს ეროვნული პარკის საზღვრებიდან, რითაც საკანონმდებლო ორგანო კანონდარღვევის მონაწილე გახდა:

„კიდევ იყო ერთი უკანონობა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილი, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების ფარგლებში ჰესის მშენებლობას. და როცა გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა ნებართვა დარიალის ჰესის მშენებლობაზე, ის ტერიტორია, რომელიც შემდეგ ამოიღეს, ჯერ კიდევ ეროვნული პარკის შემადგენლობაში იყო. ასე რომ, თვითონ გარემოს დაცვის სამინისტრომ დაარღვია კანონი“.

კიდევ ერთი კონკრეტული ზიანი ბუნებისთვის:

„პროექტი ითვალისწინებს თერგის გადაგდებას სადერივაციო მილში და შემდეგ გვირაბში დაახლოებით რვა კილომეტრის სიგრძეზე. მთლიანად დარიალის ხეობა არის 11 კილომეტრის სიგრძის და აქედან რვა კილომეტრის სიგრძეზე თერგი აღარ დარჩება, ხეობაში დარჩება მხოლოდ წყლის ათი პროცენტი. ხევში, ყაზბეგში, საკმაოდ ცივი ზამთარი იცის და ასეთი მცირე რაოდენობის წყლის დატოვებით შეიძლება თერგი გაიყინოს. ეს თავისთავად აისახება ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე“.
დიდია თანმდევი ზარალი, რადგან, მართალია, დიდი ჰესები თავიდან მომგებიანია, მაგრამ შემდეგ ბუნებას, გარემოს, მიწათმოქმედებას დიდი ზარალი ადგება. იქ, სადაც მდინარეებს აგუბებენ, ერთ ნაპირზე ტენიანობა იზრდება, მეორეზე კი გვალვა ჩნდება...


სულ მოკლედ დიდი ჰესების შესახებ მინდა გითხრათ. ჩვენმა თანამოსაუბრემ, ზებასტიან შიონაუერმა, გერმანიის ბუნების დაცვის კავშირის ბავარიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, გარემოს დაცვის ექსპერტმა, გვითხრა, რომ გერმანიაში ყველა დიდი ჰესის განახლება ხდება იმის გამო, რომ ისინი ბუნებისთვის ნაკლებ საზიანოა. და ეს ხერხდება, ვინაიდან დიდი ჰესები მომგებიანია და მათში ინვესტიცია ღირს. მაგრამ დიდი ჰესები დიდი ზარალის მომტანია მოგვიანებით. ექსპერტს ეგვიპტის, ასუანის კაშხლის მაგალითი მოჰყავს:

„დიდია თანმდევი ზარალი, რადგან, მართალია, დიდი ჰესები თავიდან მომგებიანია, მაგრამ შემდეგ ბუნებას, გარემოს, მიწათმოქმედებას დიდი ზარალი ადგება. იქ, სადაც მდინარეებს აგუბებენ, ერთ ნაპირზე ტენიანობა იზრდება, მეორეზე კი გვალვა ჩნდება. ეგვიპტე, მაგალითად, ადრე საკუთარ თავს მარცვლეულით უზნურველყოფდა, ახლა კი პირიქითაა - 70 პროცენტის შეტანა უწევს“.

გერმანელი ექსპერტი გერმანიის მაგალითსაც იშველიებს: ადრე, გერმანელებისთვის ცილით მდიდარი საკვების მოპოვების მესამედი მდინარეებზე მოდიოდა, ახლა კი ჰესების გამრავლებამ მოსპო მტკნარი წყლის თევზიო. საქართველოში, სადაც ჯერ ჰესების მშენებლობის ნებართვის კანონიერებაა დასადგენი, შემდეგ - საკუთრივ პროექტების სამართლიანობა, შესაძლებელია, რომ სამართალდამცავებს ბუნების დაცვის სფეროშიც გაუჩნდეთ საქმე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG