Accessibility links

logo-print

რა გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზარზე აშშ-ში ნავთობის წარმოების ზრდა


აშშ შესაძლოა 2017 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა გახდეს. ექსპერტები ასეთ პროგნოზებს პარიზში არსებული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებენ. გამოკვლევა ასევე აჩვენებს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ-ში ფიქლის ნავთობის მოპოვების ზრდამ მსოფლიოს სანავთობე ბაზრებზე.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფიქლის საბადოებიდან გაზისა და ნავთობის მოპოვებაში მიღწეულმა პროგრესმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა აშშ-ში ენერგიის წარმოებაში. შესაბამისად, პარიზში არსებული სახელმწიფოთაშორისო უწყების, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გამოკვლევა ცხადყოფს, თუ რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ამ პროგრესმა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში, სახელწოდებით „მსოფლიო ენერგეტიკის პერსპექტივები“, სააგენტო წინასწარმეტყველებს, რომ აშშ-ები 2017 წლისათვის ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდება და პირველ და მეორე ადგილებზე მყოფ რუსეთსა და საუდის არაბეთს დაეწევა. 2030 წლისთვის კი აშშ-ს ექნება დადებითი სალდო ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტში, ხოლო 2035 წელს იგი საერთოდ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. რადგან აშშ დღეისათვის მთელი წარმოებული ენერგოპროდუქციის 20 %-ის იმპორტიორია, მოვლენათა ასეთი განვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე, - ამბობს რიჩარდ ჩაილდი, ლონდონში გამომავალი ჟურნალის „Petroleum Argus”-ის რედაქტორი.

„რადგან აშშ-ში იზრდება ნავთობის მოპოვება და მასზე მოთხოვნას ერთგვარად ამუხრუჭებს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, ძირითადად, ალტერნატიული საავტომობილო საწვავის გამოყენების ხარჯზე, შედეგად მივიღებთ სხვა მიმართულებებით გადინებას ნავთობის იმ იმპორტისა, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში აშშ-ში წამოვიდოდა“.
ჩვენ უკვე ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ახლო აღმოსავლეთის მიერ ექსპორტირებული პროდუქციის ნაშთები არ არის საკმარისი ...

ცვლილებები გავლენას მოახდენს აგრეთვე რუსეთზე, OPEC-სა (ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და ევროპაზე. ამჟამად ევროპა უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსებზე, რადგან სხვა ალტერნატიული წყაროს - დასავლეთ აფრიკის - ნედლი ნავთობი, ძირითადად, აშშ-ის მიერ ექსპორტირდება. შესაბამისად, როცა აშშ შეწყვეტს დასავლეთ აფრიკიდან ნედლი ნავთობის იმპორტს, ევროპას მიეცემა შესაძლებლობა შეისყიდოს უფრო მეტი ენერგორესურსები. ასეთი ვითარება არა მხოლოდ ევროპის ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციას მოახდენს, არამედ აიძულებს რუსეთსა და OPEC -ის ქვეყნებს ახალი ბაზრები აზიაში ეძებონ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ვარაუდობს, რომ 2035 წლისათვის ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების 90% აზიაში ექნება ექსპორტირებული, ნაცვლად ამჟამინდელი 60%-ისა, რომელსაც სწრაფად განვითარებადი ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკა მოიხმარს.

„ჩვენ უკვე ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ახლო აღმოსავლეთის მიერ ექსპორტირებული პროდუქციის ნაშთები არ არის საკმარისი, რომ გასწვდეს აზიის ბაზრების საიმპორტო დეფიციტს,“- აცხადებ ენერგეტიკის ექსპერტი ჯონ მიტჩელი, ლონდონში არსებული „ჩატემ ჰაუსიდან.“
გამოჩნდება შტატები თუ რაიონები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმას, რომ კარი გაუღონ ფიქლის ნავთობის ექსპლუატაციას ...

თუმცა აშშ-ს, რომელიც ყველაზე მდიდარია ფიქლის ნავთობის საბადოების მხრივ, ჯერჯერობით ენერგეტიკის ექსპერტები არ უწინასწარმეტყველებენ ნავთობპროდუქტების მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნად გახდომას. ამის მთავარი მიზეზი კი ეკონომიკაა. ფიქლის ნავთობის ბუმის მთავარი მამოძრავებელი დღესდღეობით არის მისი ფასი - 80 $ ერთ ბარელზე, რაც ფიქლის ნავთობის წარმოებას მომგებიანს ხდის. შესაბამისად, თუკი ფიქლის ნავთობის ამერიკელი მწარმოებლები მიაწყდებიან მსოფლიო ბაზრებს, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ მისმა ფასმა დღევანდელ ნიშნულზე ქვემოთ დაიწიოს, მეორე საფრთხე კი უკვე ეკოლოგიას უკავშირდება. ჟურნალ „Petroleum Argus”-ის რედაქტორის რიჩარდ ჩაილდის თქმით, ფიქლის ნავთობის მასობრივ წარმოებას მოჰყვება ჭაბურღილების რაოდენობის ზრდა, რადგან აქამდე არსებული ინდივიდუალური საბადოები არ არის საკმარისი მზარდი ექსპორტისათვის.

„საუდის არაბეთის საბადოების ბურღვის შედეგად საშუალოდ იწარმოება 26-ჯერ მეტი ნავთობი, ვიდრე აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჩრდილოეთ დაკოტის შტატში, რომელიც ქვეყნის მთავარი რეგიონია ფიქლის ნავთობის საბადოების რიცხვით.“

ამ ეტაპზე, როგორც ენერგეტიკის საკითხების ლონდონელი ექსპერტი ჯონ მიტჩელი ამბობს, ნავთობის სხვა მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებს აშშ-ებმა მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო ბურღვის გამოყენების თავლსაზრისით შეიძლება გაუწიოს კონკურენცია.

„მოპოვების ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, მუშავდება მეთოდები, რომლებიც ბევრად ნაკლებად საზიანოა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მაინც წარმოიშვება პრობლემები, გამოჩნდება შტატები თუ რაიონები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმას, რომ კარი გაუღონ ფიქლის ნავთობის ექსპლუატაციას.“

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 12 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანა აშშ-ები მხოლოდ დროებით იქნება. 2020 წელთან შედარებით, როდესაც აშშ-ების მიერ წარმოებული პროდუქცია დღეში 11.1 მილიონ ბარელს მიაღწევს, 2035 წელს მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებელმა 9.2 მილიონ ბარელამდე დაიკლოს. შედარებისათვის, საუდის არაბეთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდება და პროგნოზის თანახმად, 2035 წლისათვის მის მიერ წარმოებული ნავთობის მოცულობა დღეში 12.3 მილიონ ბარელს გაუტოლდება, რუსეთისა კი - 9 მილიონი იქნება. ნავთობის წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზრდება მისი ფასიც. ამის მიზეზი კი გახდება მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა. 2035 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 1.8 მილიარდი კაცით გაიზრდება და 8.6 მილიარდ კაცს მიაღწევს, რის გამოც, როგორც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წინასწარმეტყველებს, ნავთობზე მოთხოვნა სულ მცირე 10 პროცენტით გაიზრდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG