Accessibility links

logo-print
ესემესი, ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინება, ოცი წლის წინ გაიგზავნა პირველად, ინგლისში. ის კომპიუტერიდან მიუვიდა ვოდაფონის მობილური ტელეფონის მფლობელს.

ერთმა გერმანულმა ჟურნალმა - ეს, რაც მე ვიცი, თუმცა, ალბათ, სხვებმაც - იხუმრა და ესემესის ისტორია ესემესის შესაფერისად მოკლედ გადმოსცა:

„პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება 1992 წლის სამ დეკემბერს გაიგზავნა. აი, ტექსტი: „შობას გილოცავთ!“ წელიწადში გერმანელები საშუალოდ 700 ესემესს გზავნიან. რიცხვი იზრდება. გილოცავთ დაბადების დღეს, ესემესო“.

ასეთი იყო ისტორია, ესემესების შესატყვისად, მოკლედ გადმოცემული. გამგზავნი იყო ვოდაფონის ტექნიკოსი ნილ პეპვორთი, რომელმაც თავის კომპიუტერზე აკრიფა ეს ტექსტი და გაუგზავნა თავის კოლეგას, რიჩარდ ჯერვისს, მის მობილურ ტელეფონზე. სამ დეკემბერს ჯერ შობის მილოცვა ნაადრევი იყო, მაგრამ ინჟინერმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, იმდენად ჰყავდა შეპყრობილი სურვილს, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ეს შესაძლებელია. პეპვორთი იხსენებს:

„ჩვენი სურვილი იყო გვეჩვენებინა, რომ ესემესი ფუნქციონირებს“.

და მათ უჩვენეს და დაამტკიცეს, რომ არა მხოლოდ ფუნქციონირებს, ის შესანიშნავად მუშაობს, ყველა იყენებს მას! შარშან თითქმის 9 ტრილიონი ესემესი გაიგზავნა მსოფლიოში.

კონტინეტურ ევროპაში ესემესის გამომგონებლად ბრიტანელებს არ მიიჩნევენ. მართალია, მათ გაგზავნეს პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება და მათვე გაიტანეს ის, ასე ვთქვათ, ბაზარზე, ანუ ფართო მოხმარების საგანი გახადეს და გაყიდვა დაიწყეს, მისი აღმომჩენი, ანუ მისი კონცეფციის პირველი შემმუშავებელი, გერმანიის საფოსტო უწყებაში, დოიჩე პოსტში მომუშავე კომუნიკაციების ინჟინერი, ფრიდჰელმ ჰილებრანტი იყო. ჰილებრანტმა აღწერა ტექნიკა, როგორ შეეძლო ემუშავა ამგვარ სისტემას და უკვე 1985 წელს შეეცადა მისი სტანდარტიზება მომხდარიყო, მიმართა კიდეც შესაბამის უწყებას. სხვა, მაგრამ ძნელად დასადგენ წყაროს ეყრდნობა „ნოკია“, საქვეყნოდ ცნობილი და, ალბათ, ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო ფირმა, რომელიც ფინელ ინჟინერს, მატი ნაკონენს მიიჩნევს ესემესის აღმომჩენად, რადგან მას ეს იდეა უკვე 1984 წელს ჰქონდა. „ნოკიას“ არა აქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ შეთანხმება იმაზე მოხდა, რომ ესემესს არაერთი მამა ჰყავს. ერთ-ერთს, ფრიდჰელმ ჰილებრანტს, თავიდანვე სურდა, რომ ესემესის ზომა მხოლოდ 160 ნიშანი ყოფილიყო.მან შრომა არ დააკლო და ათასობით საფოსტო ბარათი შეისწავლა. უნდოდა დაედგინა, რას წერს ადამიანი, როცა მოკლედ წერს, როცა სურს, მხოლოდ მოკლე ტექსტი გაგზავნოს, რამდენ სიტყვას და ნიშანს ხმარობს საშუალოდ. ანალიზის შედეგად, ჰილებრანტმა დაასკვნა, რომ 160 ნიშანი საკმარისია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მილიარდობით ადამიანი არ ეთანხმება ამ აზრს - ისინი ავითარებენ საკუთარ ზომას და მოცულობას საკუთარი, მაგრამ მაინც მოკლე ტექსტური შეტყობინებისთვის. როგორც ითქვა, ესემესის მომხმარებელთა არმია უზარმაზარია. ბოლო დროს თვით საკომუნიკაციო ფირმები უწევენ საკუთარ თავს კონკურენციას იმ მხრივ, რომ სთავაზობენ უფასო სამსახურებს, როგორიცაა „უოტს უპ“ ან „ჯოინ“ და სხვა, რაც კლასიკური ესემესის მოხმარების რიცხვს ამცირებს. კლასიკურიო, ვთქვით და ეს მართლაც ასეა: პირველი ნამდვილი ესემესი უკვე კლასიკაა.
თვეში ერთხელ ასეთ სასიხარულო ესემესს ვიღებ. ბანკიდან მწერენ ხოლმე, ხელფასი ჩაგერიცხაო ...

საბინა ჩაბარავდიჩი ჩვენი კოლეგაა. ის სარაევოდანაა, ბოსნიიდან, და ნახევარ საუკუნეს მიტანებული ქალია. როგორც დედას, ესემესი მას თავისებურ სამსახურს უწევს:

ესემესმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.სამწუხაროდ, წერილებს და ღია ბარათებს, ფერადფერადი სურათებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, აღარ ვიღებ. მაგრამ ესემესმა მოიტანა დადებითიც: როცა ჩემი ვაჟი თინეიჯერი იყო, შემეძლო ტკბილად დამეძინა, როცა ის ესემესით გამაგებინებდა ხოლმე: „გვიან მოვალ“ ან „ღამე სხვაგან ვრჩები“. მე აღარ ვდარდობდი, სად არის, რამე ხომ არ შეემთხვა-მეთქი“.

საბინა იხსენებს ერთ ესემესს, რომელმაც არა იმდენად შეცვალა მისი ცხოვრება, რამდენადაც დაამახსოვრდა და ისიც ვაჟთანაა დაკავშირებული:

„ერთი განსაკუთრებული ესემესი მივიღე ორი წლის წინ. ჩემმა ვაჟმა ის სარაევოში გამომიგზავნა: დედი, მწერდა ის, ბოლოს და ბოლოს, ვქორწინდები. დარიამ თანხმობა მომცა“.

დარიას თანხმობამ შეცვალა ერთი ადამიანის ცხოვრება და სწორად გაგზავნილმა ესემესმა დედა გაახარა. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ესემესად ითვლება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, 64 წლის იკა კანერვას მრავლისმეტყველი მესიჯი, გაგზავნილი 29 წლის ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი ქალისთვის. ესემესი პრესას ჩაუვარდა ხელში, ხანშიშესული მექალთანე მინისტრი გადადგა. ტრაგიკომიკური იყო 2009 წელს კანადის ტრანსპორტის მინისტრის მიერ გაგზავნილი მესიჯი, რომელიც ორი სიტყვისგან შედგებოდა: „ტეტჩერი მოკვდა“. ცნობა სწრაფად გავრცელდა, რადგან ეგონათ, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, რკინის ლედი გარდაიცვალა. სინამდვილეში კი მინისტრი მხოლოდ საკუთარ, 16 წელიწადს მიტანებულ, კატას გულისხმობდა. ასეთი მაგალითი, ალბათ, ბევრია. ერთ ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ვაგიფ მამედოვს თვეში ერთხელ მოსდის სასიხარულო მესიჯი:

„თვეში ერთხელ ასეთ სასიხარულო ესემესს ვიღებ. ბანკიდან მწერენ ხოლმე, ხელფასი ჩაგერიცხაო“.

მაგრამ თვითონ ვაგიფი არ არის ესემესების გზავნის დიდი მოტრფიალე:

„მე ესემესის წერას დარეკვას ვამჯობინებ. თუ ნომერი მაქვს და ტელეფონი მუშაობს, უფრო დარეკვას ვემხრობი, რადგან წერასაც დრო მიაქვს. ზოგი მიეჩვია და ბევრს წერს, მაგრამ მე ყურმილის აღება და დარეკვა მირჩევნია. და ლაპარაკშიც მოკლედ მოვჭრი ხოლმე. უკიდურეს შემთხვევაში, იშვიათად, ესემესს ვგზავნი, მაგრამ მხოლოდ მოკლედ - თანხმობისა ან უარყოფისთვის. შვილები მიგზავნიან ხოლმე მესიჯებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ დავურეკო. ბავშვებს ვცდილობ ესემესი არ გავუგზავნო, ვურეკავ და ველაპარაკები, რომ მათ ჩემი სათქმელი კარგად გაიგონ“.

ოანა სერაფიმი, რუმინელი კინომცოდნე და ჟურნალისტი, ორი ვაჟის დედაა, ორივე შვილი კინოსაქმეშია დაკავებული. ოანას ცხოვრებაზე, როგორც ის ამბობს, ესემესს გავლენა აქვს, თუმცა მობილური ტელეფონით მესიჯების გზავნას მისი ყოფა არ შეუცვლია:

„ესემესი შესაძლებლობას მაძლევდა და მაძლევს ვკითხო შვილებს, როგორ არიან ისე, რომ ხელი არ შევუშალო. როცა ვიგებ, რომ არაფერი უჭირთ, კმაყოფილი ვარ და შემიძლია მოვეშვა. ესემესებს ჩემი თავისუფალი დრო მიაქვს, რადგან ის ნებისმიერ დროს მოდის. ამიტომაც მუდამ კავშირში ვარ რეალობასთან. ეს საქმისათვის კარგია, მაგრამ ჩემი თავისუფლებისთვის ცუდი, რადგან ხანდახან არის ხოლმე მომენტი, როცა არაფრის ცოდნა არ გინდა ადამიანს“.

მიგიღიათ სასიხარულო მესიჯები, რომლებიც დაგამახსოვრდათ? - ამ კითხვაზე ოანას პასუხი იყო:
დედა ესემესს წერილივით წერს. ის მიჩვეულია ამ ფორმას. ამიტომ, როცა წერს, არ ესმის, რომ მარტივად და მოკლედ უნდა დაწეროს მესიჯი ...

„კი, ბევრი. ბევრი, იმდენად სამახსოვრო, რომ ჩემს მოძველებულ მობილურ ტელეფონში ვინახავ. არასოდეს მიმიღია ესემესი, რომელიც შემატყობინებდა, რომ ლატარეაში ფული მოვიგე, მაგრამ ჩემი ვაჟების მიერ სხვადასხვა ფესტივალზე პრიზების მოგების შესახებ ცნობები მიმიღია! თუმცა მათ არ ვინახავ, რადგან მობილურში ადგილი მჭირდება სხვა ახალი, უფრო დიდი პრიზების შესახებ ცნობებისთვის“.

ლუციე კუბეშკოვა პრაღელია, მარკეტინგის სპეციალისტი. ის ფიქრობს, რომ ესემესის შემოღებამ გაამარტივა კომუნიკაცია. როცა რამის თქმა ძნელია ან ჯობს მოკლედ ითქვას, მცირე მესიჯის გაგზავნა ერთობ მოსახერხებელია, ამბობს ის, მაგრამ „ხშირად გაუგებრობები ხდება ხოლმე, რადგან კომუნიკაციის ეს ფორმა წერილობითია და რასაც კაცი დაწერს, მიმღებმა შეიძლება სრულიად სხვანაირად გაიგოს“. ლუციეს მაგალითი მოჰყავს. სხვადასხვა თაობებში ესემესის სხვადასხვაგვარად მოხმარების შესახებ გვიყვება. მისი დედა დაახლოებით 70 წლის ქალია და ვერ ურიგდება იმას, რომ ესემესი მოკლე უნდა იყოს და იქვე გვიამბობს თავის ქალიშვილზეც:

„დედა ესემესს წერილივით წერს. ის მიჩვეულია ამ ფორმას. ამიტომ, როცა წერს, არ ესმის, რომ მარტივად და მოკლედ უნდა დაწეროს მესიჯი. მეორე უკიდურესობაა ჩემი შვილი, რომელიც ბევრ ესემესს წერს. წერილები არასოდეს გაუგზავნია და სიტყვებს ამოკლებს და მე ხანდახან ვიღებ მისგან მესიჯს, რომელიც სამი ასოსგან შედგება და საერთოდ არ მესმის“.

ეს დაშიფრული ენა ხშირად მართლაც საიდუმლოა, როგორიც იყო კლასიკური ჟარგონი, საიდუმლო ენა. თუმცა დღევანდელი მესიჯების ენას პროფესიულს ვერ უწოდებ. ახალგაზრდები თავიანთი საიდუმლოებებისთვის, სასიყვარულო შინაარსის ტექსტებისთვის იყენებენ ტექნიკის ამ მიღწევას და წელიწადში ისინი ან მათი ოჯახები ამ სიამოვნებისთვის 112 მილიარდ დოლარს იხდიან.
XS
SM
MD
LG