Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ორივე მშობელი საშოვარზე მიდის, ბავშვები ბებია-პაპისა და ღვთისანაბარა რჩებიან


ტაჯიკეთიდან დაახლოებით მილიონი ადამიანია წასული უცხოეთში საშოვარზე. ადრე უმეტესად მამაკაცები მიდიოდნენ, ბოლო ხანს კი ქალების - მათ შორის, დედების - რიცხვმა იმატა. ასე რომ, ტაჯიკეთში ათასობით ბავშვი მარტოა დატოვებული, და-ძმის ან ბებია-პაპის ანაბარა.

ჩვენი რადიოს ტაჯიკური სამსახურის კორესპონდენტმა სოჰიბაი ქარომათულომ გამოგვიგზავნა რეპორტაჟი, რომელიც ამგვარ ოჯახებზე გვამბობს.

ათი წლის ნიგორა ისე გაიზარდა, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხედავდა თავის მამასა და ძმას. კაცებმა სამსახური იშოვეს რუსეთში, ახლა მათ დედაც მიჰყვა და ნიგორა თავის უფროს დასთან მარტო დარჩა. გოგონას ნალაპარაკევიდან მიხვდებით, რომ არ არის მისთვის იოლი ეს მარტოობა:

„მამა რას აკეთებს რუსეთში, არ ვიცი. დედაჩემი მკერავად მოეწყო. ჩემი ძმა დურგალია და სკამებსა და მაგიდებს ამზადებს. მამა და ჩემი ძმა რამდენიმე წლის წინ წავიდნენ. კი, ყოველდღე მირეკავენ, მაგრამ მაინც ძალიან მენატრებიან. დედამ მითხრა, იქ ბინას ვიყიდით და მერე შენც წაგიყვანთო“.

ტაჯიკეთში ოფიციალურად რვა მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მილიონი ადამიანის ქვეყნიდან წასვლა საგრძნობია ეკონომიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით: უცხოეთში გასული მიგრანტების მიერ ტაჯიკეთში სხვადასხვა ფორმით შეტანილი თანხა სამ მილიარდ დოლარამდეა, ეს კი ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს. ადრე, საფინანსო კრიზისამდე, მხოლოდ კაცები ტოვებდნენ ქვეყანას და მიდიოდნენ საშოვარზე, ბოლო წლებში კი ამავ ეგზას დაადგნენ ქალებიც, რასაც მოჰყვა სწორედ ეს პრობლემა: ბავშვები დარჩნენ უმშობლებოდ და უფროს და-ძმებთან ან ბებია-პაპებთან იზრდებიან. ბებიები და პაპები ტაჯიკეთში, ჩვეულებრივ, მშობლებთან ერთად მონაწილეობენ ბავშვების აღზრდაში, როცა მათ იტოვებენ მშობლების სამსახურში ყროფნის დროს და მსგავს ვითარებაში. მაგრამ თვეების თუ წლების განმავლობაში ბავშვებზე ზრუნვა მათ, უკვე ასაკში შესულ ადამიანებს, უჭირთ.
რაც შემიძლია, ვაკეთებ. ხან დავუყვავებ და ხან ვეჩხუბები, ნუ იზამთ ამას-მეთქი, წყნარად ვეუბნები ხოლმე. მაგრამ ძალიან ძნელია კაცის გარეშე ბავშვების გაზრდა ...
მამურბი

მამურბი 70-ს მიტანებული პენსიონერია ქალაქ ყურღონთეფადან. მას 4-დან 14 წლის ასაკამდე შვიდ შვილიშვილზე ზრუნვა უწევს. მამურბიმ საკუთარი ოთხი შვილი მარტომ გაზარდა, მაგრამ ახლა ჯანი აღარ მოსდევს, რომ შვიდი ბავშვის მოვლას აუვიდეს:

„რაც შემიძლია, ვაკეთებ. ხან დავუყვავებ და ხან ვეჩხუბები, ნუ იზამთ ამას-მეთქი, წყნარად ვეუბნები ხოლმე. მაგრამ ძალიან ძნელია კაცის გარეშე ბავშვების გაზრდა. მადლობა ღმერთს, ბიძას უჯერებენ“.

თურსუნზოდაში ცხოვრობს შოიმარდონოვების ოჯახი. აქაც მსგავსი სირთულეა. შამზია 60 წლისაა, მაგრამ ასევე უჭირს: ოთხი შვილი დაუტოვა შვილმა, ბავშვების დედამ, რომელიც რუსეთში წავიდა. შამზია თვითონ მუშაობს, მასწავლებელია, მაგრამ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილიშვილებს მაინც ვერ ერევა, რადგან მათთან საერთო ენის გამონახვა ჭირსო, ამბობს. შესვენებაზე მოვდივარ, სადილს ვუმზადებ, მერე მივდივარო და საღამოს კვლავ იგივე - ვახშამი, რეცხვა, დალაგება... აღარ ვარ ახალგაზრდა, მიჭირსო. ტაჯიკეთში ცოტა ვინმე თუ უარყოფს იმ მნიშვნელობას, რომელიც ემიგრაციიდან გამოგზავნილ ფულს აქვს. ჯანდაცვას, განათლებას, სურსათს, ყველაფერს სჭირდება თანხები, რისიც ტაჯიკეთში გამომუშავება არ არის იოლი. მაგრამ როცა მშობლები ბავშვებს, მართალია, ოჯახის წევრების, მაგრამ მაინც სხვის ანაბარა ტოვებენ, ახალი პრობლემები წარმოიქმნება ტაჯიკეთის საზოგადოებაში. ამ პრობლემებს ჰქვია ბავშვების დეპრესიულობა, მზარდი აგრესიულობა. დუშანბელი სოციოლოგი ფაიზალი შუქური მშობლებს სთხოვს, კარგად აწონდაწონონ, სანამ წავიდოდნენ და ბავშვებს დატოვებდნენ, რადგან, მისი აზრით:

„ვინც შვილებს ტოვებს და სამუშაოდ უცხოეთში მიდის, დიდ შეცდომას სჩადის. ნურაფერს კარგს ნუ მოელით ბავშვისგან, რომელიც მშობლების ზედამხედველობის გარეშე იზრდება. ბავშვები ხის ყლორტებივით არიან. შეუძლებელია მათი იქით წარმართვა, საითაც გსურთ. ბავშვების უმეტესობას არა აქვს კარგი განათლება. მათ ვერ ექნებათ ნათელი მომავალი“.

თურსუნზოდაში იმასვე განიცდის შოიმარდონოვა. ადრე ფიქრობდა, რომ პედაგოგიური გამოცდილება მას შვილიშვილების მოვლას გაუადვილებდა, მაგრამ გვიან მიხვდა, რომ ბებია და პაპა ვერ შეცვლიან მშობლებს. ხანდახან ბავშვებს დედა და მამა გაახსენდებათ და ტირიან ხოლმე, ამბობს შამზია. ამის შემხედვარე, მეც მივდივარ ჩემს ოთახში და მარტო ვტირიო.
XS
SM
MD
LG