Accessibility links

მსოფლიო ქრისტეშობას აღნიშნავს


რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ მესა ჩაატარა ვატიკანში.

რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ მესა ჩაატარა ვატიკანში.

25 დეკემბერს დედამიწის ქრისტიანები, მათი უდიდესი ნაწილი ზეიმობს ქრისტეშობას, იესო ქრისტეს ბეთლემში დაბადებას. ამ დღეს აღნიშნავენ უშუალოდ ბეთლემშიც, გადმოცემის თანახმად, ქრისტეს დაბადების ადგილას. უკვე ოთხ საუკუნეზე მეტია, რაც ქრისტიანული სამყარო ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული, კალენდრით მოქმედებს და, შესაბამისად, ყველა რელიგიურ დღესასწაულს ორ სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ ხოლმე. ასეა ქრისტეშობაც. დღეს - გრიგორიანული კალენდრით, 25 დეკემბერს - მას აღნიშნავს ქრისტიანთა უმეტესობა, მართლმადიდებელთა ნაწილის ჩათვლით, პირველ რიგში კი, კათოლიკური ეკლესია და მისი მიმდევრები, ასევე პროტესტანტები თუ სხვა ქრისტიანული - მეტად თუ ნაკლებად დიდი - ეკლესიები. რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ მესა ჩაატარა ვატიკანში, პეტრეს ტაძართან, სადაც ათიათასობით მორწმუნე და ცნობისმოყვარე მივიდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პაპმა თავის მიმართვაში „ურბი ეტ ორბი“ - „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ - 65 ენაზე წარმოთქვა ქრისტეშობის მისალოცი. პაპმა შობა მათ ენაზე მიულოცა თურქებს და მონღოლებს, ყაზახებსა და ისლანდიელებს, ხორვატებსა და სომხებს. ქართულად რომის პაპმა თქვა: „გილოცავთ ქრისტეშობას“.

რომის პაპმა მსმენელებს მოუწოდა, ვილოცოთ ისრაელებისა და პალესტინელებისთვის, რათა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად არსებობა შეძლონ თავისუფლადო. პაპმა თქვა ასევე, ვილოცოთ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, ლიბანის, სირიის, ერაყისა და მათი მეზობლებისთვის, რათა იქ მშვიდობა იყოს, რათა ქრისტიანებმა იქ, სადაც მათი რელიგია შეიქმნა, შეძლონ ცხოვრება, რათა ქრისტიანებმა და მუსლიმებმა შეძლონ ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად არსებობაო.
ისინი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდნენ ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და დღესაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ...

ათასობით ქრისტიანი შეიკრიბა პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ბეთლემში, სადაც, ქრისტიანული რწმენით, იშვა იესო. შობის ეკლესიაში მივიდნენ პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და პრემიერ- მინისტრი სალამ ფაიადი. იერუსალიმის ლათინმა პატრიარქმა, ფუად ტუალმა, იქ ჩასულთ მიმართა და შობა მიულოცა, ასევე ჯანმრთელობა, კურთხევა და კეთილდღეობა უსურვა ახალ წელს.
ქრისტეშობას აღნიშნავენ საქართველოშიც, პირველ რიგში, კათოლიკეები, ასევე პროტესტანტული თუ ლუთერანული ეკლესიის და სხვა ქრისტიანული თემების მიმდევრები. კათოლიკურ ეკლესიაში წირვაზე მივიდნენ მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შესაძლებლობა მისცეს მიელოცა თანამოქალაქეთათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქრისტეშობა საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით მიულოცა. სააკაშვილმა მილოცვაში ქართველი კათოლიკეების წვლილი აღნიშნა ისტორიაში და ხაზგასმით თქვა, „ისინი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდნენ ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და დღესაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენო“.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ასევე მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს შობა:

"მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს, 25 დეკემბერს, აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში”, ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
XS
SM
MD
LG