Accessibility links

logo-print
ავსტრიაში, ტიროლის ხეობაში, სადაც იოდლი ადგილობრივი ფოლკლორია და არაფერს ეგზოტიკურს არ წარმოადგენს, პირიქით, ამბობენ, რომ მხოლოდ მოქნილი ენა და ხმაა საჭირო, თორემ ისე ყველას ძალუძსო, ოცი წლის წინ გვიანი ნეოლითის ხანის ბუნებრივად შენახულ მუმიას მიაგნეს, რომელსაც ხეობის სახელწოდების გამო იოცი ეწოდა. ამ აღმოჩენამ სახელი გაუთქვა ხეობას, სადაც, ჩანს, 5 000 ზე მეტი წლის წინ უკვე ცხოვრობდა და საქმიანობდა ადამიანი. ეს რეგიონი, იოცის ალპები, სამთო-სათხილამურო-საკურორტო ზონაა. ერთ-ერთი თემი, როგორც იქ უწოდებენ, პატარ-პატარა უბნისა თუ ყოფილი სოფლისგან შემდგარი, ზიოლდენია. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, იქ ბევრი რუსი ტურისტი ჩადის, რუსმა ინვესტორებმა სასტუმროები შეიძინეს და ზიოლდენელები შიშობენ, რუსმა ხეობაში თავისი წესი და რიგი არ შეიტანოს. შარშან, ამავე წყაროს მიხედვით, ზიოლდენში ასი ათასზე მეტი რუსი ტურისტი ჩასულა. ცხადია, შუა ევროპაში არსებობს რუსი ტურისტის სტერეოტიპი. ის აღარ არის საბჭოთა ტურისტის მსგავსად უქონელი და პოტენციური ქურდი, - პირიქით, მას ბევრი ფული აქვს. ჟურნალ „შპიგელში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ჰყვება იმ ხმებზე, რომლებიც რუსების შესახებ დადიოდა: ისინი ოჯახებით მოგზაურობენ და თავიანთი უზრდელი ბავშვებისთვის რესტორნებში ყოველთვის ბევრ საჭმელს უკვეთენ, რასაც შემდეგ არ ამთავრებენ და ტოვებენო... მთვრალი რუსი მამაკაცები ბეწვის ქურქში გამოწყობილებიი სრიალებენ თხილამურებით და ჯიბიდან არყის ბოთლი მოუჩანთო... სტატიის ავტორი, ალექსანდრ ოზანგი, ზიოლდენის ტურისტული ბიუროს ხელმძღვანელის ნათქვამს გადმოგვცემს: რუსეთი ბაზარია, იოცის ზეობა კი - პროდუქტი, ანუ ის, რაც უნდა გაიყიდოსო. რუსი ტურისტები რეგიონს ხსნად განსაკუთრებით ნაახალწლევს მოევლინებიან ხოლმეო: როცა გერმანელი თუ სხვა ქვეყნებიდან ავსტრიაში ჩასული ტურისტები შინ ბრუნდებიან, აღმოსავლეთი ევროპა - რუსეთ-უკრაინა, სადაც ქრისტეშობას ძველი სტილით აღნიშნავენ და, შესაბამისად, დასვენების დღეები მოგვიანებით, უკვე იანვრის პირველ ორ კვირაში აქვთ - სწორედ მაშინ სტუმრობს ავსტრიასო. ამას დაერთვის ის ფაქტიც, რომ რუსი ტურისტი დღეში საშუალოდ 187 ევროს გაიღებს, გერმანელი კი ბევრად ნაკლებს, 133 ევროსო.

რუსებს შორის ბევრია მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომლებსაც, თუკი ისინი უცხოეთში იმყოფებიან, უჩნდებათ ხოლმე სურვილი ეწვიონ ეკლესიას, რუსულს თუ არა, მართლმადიდებელს მაინც, ზიოლდენში კი ასეთი ეკლესია არ არის, ეს წმინდა კათოლიკური რეგიონია. ჩვენს თანამოსაუბრეს ჟოზეფინა ვილჰელმ-ნაგელეს, საეკლესიო ქალთა გუნდის მგალობელს, ვკითხე, თუ გაუგია რუსი ტურისტების მიერ ეკლესიის დაქირავების ან მგავსი რამის შესახებ, მით უმეტეს, რომ სეზონის დროს ზიოლდენში ეკლესიაში ტურისტი უფრო მეტი მიდის, ვიდრე ადგილობრივი.

„ეკლესიაში მესა მხოლოდ შაბათს და კვირას ტარდება, რადგან მღვდელი ამჯობინებს ერთხელ შეკრიბოს ასი კაცი, ვიდრე რამდენჯერმე ორმოცდაათ-ორმოცდაათი. და ეს ხდება ეკლესიაში, სადაც 400 ადამიანის ადგილიაო“, სინანულით ამბობს ჟოზეფინა და განმარტავს, იანვარში, როცა რუსეთიდან ტურისტები თავიანთი დასვენების დღეებში ზიოლდენში ჩამოდიან, მათთვის მაღაზიები უფრო დიდხანს მუშაობენო:
სტუმრები რუსეთიდან არასტაბილურები არიან. ისინი ერთ წელს ერთ აგარაკზე ჩადიან და მეორე წელს სხვაზე. ამიტომ მუდმივ სტუმრებად ვერ გადაიქცევიან. თხილამურებით სრიალი მათ მაინცდამაინც არ იზიდავს ...

„ის, რომ რუსებისთვის საგანგებოდ მესა ეწყობოდეს, არ შემიმჩნევია. რაც ჩანს, ისაა, რომ მათ საგანგებოდ სთავაზობენ ღამით თხილამურებით სრიალს, ღამით გვიანობამდეა ხოლმე ტრასები მათთვის ღია, მაღაზიების სამუშაო საათები ხანგძლივდება. სთავაზობენ იმას, რაც მოგებას იძლევა, მაგრამ არა მესას“, ამბობს ის.

შპიგელის ზემოხსენებული წერილის ავტორს ზიოლდენის ტურისტულ ბიუროში რუსი ტურისტის ასეთი სურათი დაუხატეს:

„სტუმრები რუსეთიდან არასტაბილურები არიან. ისინი ერთ წელს ერთ აგარაკზე ჩადიან და მეორე წელს სხვაზე. ამიტომ მუდმივ სტუმრებად ვერ გადაიქცევიან. თხილამურებით სრიალი მათ მაინცდამაინც არ იზიდავს, უფრო ექსკურსიებზე დადიან - ზალცბურგი, მიუნხენი და ვენეცია აინტერესებთ. ბევრს ყიდულობენ. დადიან საუნაში, მაგრამ არა შიშვლები. და რაც შეიცვალა ისაა, რომ რუსები ადრე მხოლოდ ძვირფას სასტუმრობეში ჩერდებოდნენ, ახლა კი პანსიონებსაც არ უკადრისობენ და ოთახებსაც კი ქირაობენ კერძოდ“.

ზიოლდენის სათემო საბჭოს - ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს -წევრია ანგელიკა კრიზმერი, რომელსაც რუსებზეც ვკითხეთ. ხალხის რჩეულს არ მიაჩნია, რომ მათ ხეობაში რუსების შეჭრასთან გვაქვს საქმე, თუმცა გაგონილი აქვს, რომ სამი სასტუმრო რუსმა ინვესტორებმა შეისყიდეს. ის ზოგადად გვეთანხმება, რომ ტრადიციული სოფლის მეურნეობა ტურიზმმა შეავიწროვა. ამით ტრადიციული ყოფა რეგიონში იცვლება, მაგრამ ამ ორი სფეროს შერწყმა ტიროლელების მიზანია.

„მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიულად შერწყმა და ეს შესაძლებელია. არაა იოლი, მაგრამ შესაძლებლიაო“, გვეუბნება ის და გვიხსნის:

„ბუნებრივია, ჩვენთან კვლავ არსებობენ გლეხები, მაგრამ არა უწინდელი გაგებით. ისინი დღეს სხვაგვარად ცხოვრობენ და მუშაობენ. ჩვენი გლეხები სხვა საქმითაც არიან დაკავებული. როცა ისინი საგლეხო მეურნეობას მემკვიდრეობით იღებენ, მხოლოდ სოფლის მეურნეობით აღარ ცხოვრობენ, პარალელურად ტურისტების გამყოლებად ან სათხილამურო სკოლის მასწავლებლებად მუშაობენ, ან კიდევ ამუშავებენ მთის რესტორნებს, ან სასტუმროებს და თან გლეხები არიან“.
სტუმრების შემადგენლობა ჭრელია. გვყავს გერმანელები, ჰოლანდიელები, შვედები, დანიელები, ფრანგები, შვეიცარიელები. ყველა აქ არის. რუსები არ გვყავს, მათგან არ შემოსულა მოთხოვნა ...

ანგელიკა კრიზმერი ოჯახისა და ახალგაზრდობის სფეროთია დაკავებული და ამიტომაც ვკითხეთ, როგორი პერსპექტივა აქვთ ადგილობრივ ახალგაზრდებს რეგიონში დასაქმებისა, თუკი მათ განათლება ტურიზმის სფეროში არ აქვთ მიღებული. სასოფლო საბჭოს წევრის თქმით, სამუშაოს შოვნა ძნელია, - გააჩნია, რა პროფესიას ირჩევენ ახალგაზრდები:

„ის, ვინც ექიმი ან მოსამართლე გახდება, იოცის ხეობაში სამუშაოს, ალბათ, ვერ იშოვის. მას კი, ვინც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმეს დაეუფლება, სამუშაოს შოვნა არ გაუჭირდება“.

რეგიონში, სადაც წელიწადის 7 თვე ტურისტული სეზონია, - სამი თვე ზაფხულში და ოთხი ზამთარში, - უამრავი სასტუმროა. რუსები არ სტუმრობენ ამ ეტაპზე ჰოტელ „ელიზაბეტს“, რომელიც ათას ექვსას მეტრზე, ზედ სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს და რომლის მფლობელის - ბრიგიტე კალკუსის - მარჯვენა ხელადაც წარმოგვიდგინა თავი სარამ. მან გვითხრა, ვის არ ნახავთ ჩვენს სასტუმროშიო:

„სტუმრების შემადგენლობა ჭრელია. გვყავს გერმანელები, ჰოლანდიელები, შვედები, დანიელები, ფრანგები, შვეიცარიელები. ყველა აქ არის. რუსები არ გვყავს, მათგან არ შემოსულა მოთხოვნა. ისე, ვისაც ჩვენთან მოსვლა სურს, ყველას მივიღებთ“.

ყველას მიიღებენ და არამხოლოდ ტურისტებად - თუ მყიდველი კარგია, სასტუმროებსაც ჩააბარაბენ რუს ინვესტორებს, მით უმეტეს, ისეთებს, როგორიც ზიოლდენის ამ სამი სასტუროს მყიდველი მიხაილ ბახტიაროვია, მოსკოვში მდებარე მსოფლიოში უდიდესი ავტომაღაზიის მფლობელი, რომელიც ამგვარი სასტუმროების ყიდვას ფუნთუშის ყიდვას ადარებს. ის ზიოლდენელებს დაპირდა, რომ არაფერს შეცვლის - სასტუმროები ისეთივე ავსტრიულ სასტუმროებად დარჩება, უბრალოდ, სხვა ინვესტორის ხელში გადავა. თუმცა არავინ უწყის, რა მოხდება მომავალში, რადგან არათუ რუსი, ნებისმიერი ინვესტორი მოგებაზეა ორიენტირებული და ამ მხრივ რისი შეცვლა გახდება საჭირო, გამოჩნდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG