Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქრამ აილისლი: „არ იფიქროთ, რომ დაგვავიწყდა, რაც გავნეთ“


ბაქო
ბაქო
ეს იყო, ალბათ, აზერბაიჯანში პირველი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ლიტერატურას ეხებოდა. საზოგადოება აღაშფოთა აქრამ აილისლის რომანმა, სახელწოდებით „ქვის სიზმრები“, რომელიც მთიან ყარაბაღს, დე იურე აზერბაიჯანის რეგიონს, სომხეთის ჯარების მიერ დაკავებულ - უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ - არეალს ეხება.

აქრამ აილისლიმ, რომელსაც 7 თებერვალს აზერბაიჯანის სახალხო მწერლის წოდება ჩამოართვეს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იგრძნო პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ აღწერა თავის წიგნში ამ კონფლიქტში თავისი ქვეყნის როლი.

„ეს რომანი ყარაბაღში მცხოვრები სომხებისადმი რაღაც მიმართვასავითაა. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, ესაა მიმართვა აზერბაიჯანის სომეხი მოქალაქეებისადმი. მიმართვის არსი შემდეგია: არ იფიქროთ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა ის სიავე, რაც თქვენ მიმართ ჩავიდინეთ. ჩვენ ამას ვაღიარებთ. თქვენც ხომ იგივე ჩაიდინეთ ჩვენ მიმართ. სომეხი მწერლების საქმეა ამ მოვლენებზე, ხოჯალის ხოცვა-ჟლეტაზე წერა, - შეიძლება მათ ამაზე დაწერეს კიდეც ან მომავალში დაწერენ, ვერ გეტყვით, - რადგან შეუძლებელია, ჩაიდინო ასეთი სისასტიკე და არ დაწერო მასზე. ამ ამბების პოლიტიზება უნდა შეწყდეს. თუ სომხები გააგრძელებენ აზერბაიჯანის რეგიონ ყარაბაღში ცხოვრებას, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ცხოვრება მოგვიწევს. ეს რომანი მიმართვაა მათდამი. ნუ გეშინიათ. ჯერ აღსასრული არ დამდგარა. ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია“, ამბობს აზერბაიჯანელი მწერალი, ლაურეატი არაერთი პრემიისა, მათ შორის, აზერბაიჯანის უმაღლესი ჯილდოსი.
არიან ისეთები, ვინც სომხების და აზერბაიჯანელების ტანჯვით ხეირს ნახულობს. მათ კარიერა მოიმზადეს, გამდიდრდნენ, მთავრობაში კარგი თანამდებობები აქვთ...
აქრამ აილისლი

აილისლი თავის რომანში აღწერს აზერბაიჯანელების აგრესიას სომხების მიმართ ბაქოში 1990 წელს, როცა მათ ათეულობით სომეხი დახოცეს, სცემეს, ქალაქიდან გაყარეს, 1992 წლის ტრაგიკულ მოვლენებს კი, როცა ხოჯალიში სომხებმა მოუწყვეს ხოცვა-ჟლეტა აზერბაიჯანელებს, ის თავს არიდებს. ეს საკმარისი მიზეზი გახდა აზერბაიჯანელებისთვის, საპროტესტო აქცია მოეწყოთ მის სახლთან. დემონსტრანტები, ყვირილით „სირცხვილი! სირცხვილი!“ , აქრამ აილისლის სურათებს ცეცხლს უკიდებდნენ. აილისლი ყოფილი კანონმდებელია. ის კრიტიკულია მმართველი ხელისუფლების, ასევე ახლანდელი პრეზიდენტის მამის, საბჭოთა დროინდელი მოხელის, ჰეიდარ ალიევის მიმართ. მწერალს, რომლის რომანი, რუსულად თარგმნილი, რუსეთის გამოცემა „ დრუჟბა ნაროდოვში“ დაიბეჭდა, კრიტიკა არც მმართველი პოლიტიკური წრიდან დაჰკლებია. მმარველი პარტიის - „ იენი აზერბაიჯანის“ -აღმასრულებელი მდივანი ალი ახმედოვი ფიქრობს, რომ მწერალმა, თავისი რომანით, მორალური დარტყმა მიაყენა ქვეყანას. მან აილისლი დაადანაშაულა, სომეხია და მალავსო. აზერბაიჯანის პარლამენტში ზოგიერთ კანონმდებელს მიაჩნია, რომ აილისლის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩაუტარდეს, რათა გაირკვეს, რომელ ეთნოსს ეკუთვნის ის. სხვების მოთხოვნა, ჩამორთმეოდა სახალხო მწერლის წოდება, აღსრულდა. ასევე მოეხსნა მას საპრეზიდენტო პენსია. კრიტიკულად განწყობილმა სხვა პირებმა აილისლი თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს შეადარეს. ფამუქი თურქეთში გახდა კრიტიკის სამიზნე, რადგან თავის რომანში ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურ სომეხთა მასობრივ ხოცვას შეეხო. ეს თემა თურქეთში ტაბუდადებულია. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა მუბარიზ გურბანლიმ ასევე სცადა აქრამ აილისლის მიზანი გამოეცნო და შეკითხვა დასვა: იქნებ ფამუკივით ნობელის პრემია სურს მოიგოს, - საკუთარი ხალხის ისტორიის განადგურებას ცდილობს იმისათვის, რომ ვიღაცას ასიამოვნოსო.

აილისლი ამ კრიტიკის პასუხად ამბობს, დამნაშავე აზერბაიჯანის მთავრობაა: საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შენარჩუნებით ცდილობსო:

„არიან ისეთები, ვინც სომხების და აზერბაიჯანელების ტანჯვით ხეირს ნახულობს. მათ კარიერა მოიმზადეს, გამდიდრდნენ, მთავრობაში კარგი თანამდებობები აქვთ. ვიცოდი,რომ მათ ჩემი რომანი გააბრაზებდა, რადგან გრძნობენ, რომ მასში გამოთქმული აზრები მათ წინააღმდეგაა მიმართული. ისინი არასოდეს აღიარებენ, რომ მათი ბრალია ამ ომის დაწყება, ომისა, რომელმაც ამდენი ადამიანის ტანჯვა მოიტანა. მათ არ სურთ ეს კონფლიქტი მოგვარდეს, მათ სურთ კვლავ ასე მდიდრულად იცხოვრონ თავიანთ ვილებში, უბრალო ხალხმა კი გააგრძელოს ტანჯვა“.

აილისლი, რომელიც ახლა 75 წლისაა, მოსკოვში, გორკის ლიტერატურულ ინსტიტუტში სწავლობდა. მან აღიარება სოფლისა და პროვინციის ცხოვრების ოსტატური აღწერით მოიპოვა. ლიტერატურული ფსევდონიმი „აილისლი“ მისი მშობლიური სოფლის სახელწოდებაა. მიღებული აქვს პრემიები საბჭოთა პერიოდში, მაგალითად, ლენინის კომკავშირის პრემია, მოგვიანებით კი, 2002 წელს, - აზერბაიჯანის ყველაზე მაღალი რანგის - დამოუკიდებლობის - პრემია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG