Accessibility links

logo-print

ჰუმან მუსავი: „დედაჩემს რძე გაუშრა და რომ არ მოვმკვდარიყავი, სხვა პატიმარი ქალები მაჭმევდნენ“


ჰუმან მუსავი

ჰუმან მუსავი

ჰუმან მუსავი ირანის ციხეში დაიბადა 1986 წელს. მისი მშობლები, ისლამური რევოლუციის მტრებად შერაცხული პოლიტიკური პატიმრები, მალევე დახოცეს. ჰუმანი დაობლდა. როცა 23 წლის გახდა, ბედმა ის კვლავ ციხეში დააბრუნა, დედ-მამის მსგავსად, რეჟიმისთვის არასასურველ მოქალაქედ მიჩნეული. დღეს 26 წლის მუსავი სამშვიდობოსაა: საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ, მოახერხა ირანის დატოვება. ჩვენს კოლეგას რადიო თავისუფლების ირანული სამსახურიდან, ვაჰიდ ფურ-ოსთადს, მან თავისი თავგადასავალი გაუზიარა.

2010 წელი იდგა. ათი თვე იყო გასული მას მერე, რაც მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. რეპრესიები არ წყდებოდა. ხალხის ნაწილიც ვერ ეგუებოდა არჩევნების შედეგს, რომელიც, ქვეყანაში ცვლილებების მსურველთა აზრით, გაყალბებული იყო. დემონსტრაციების ტალღას დაპატიმრებები მოჰყვა. ათასობით ადამიანი დააკავეს. მუსავი ერთ-ერთია. ის ზის, პირით კედლისკენ, თვალებახვეული, და გამომძიებელს ელოდება. ვიღაც უკნიდან უახლოვდება და ეკითხება გვარს და სახელს, შემდეგ ძლიერად ურტყამს თავში. მოსული საქაღალდეს ხსნის, რაღაც დოკუმენტებს გაშლის და ეუბნება, ხელი მოაწერეო. შემდეგ კიდევ ერთხელ ურტყამს სახეში:

„დაკითხვა 18 საათს გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში გამომძიებელი მოითხოვდა, ხელი მოაწერეო. მემუქრებოდა. ეს იყო ქაღალდები, სადაც ეწერა, თუ ვისთან მქონდა ვითომ კონტაქტი, რომელ დემონსტრაციაში მივიღე მონაწილეობა, რა რეპორტაჟები გავაკეთე ამაზე და ვის გავუგზავნე“.

დაკითხვა მთავრდება. მიჰყავთ უკან, ევინის ციხის იმ ბლოკში, სადაც პატიმრები ცალ-ცალკე ჰყავთ საკნებში. საკანში ის რადიატორზეა მიბმული ხელბორკილით ისე მაღლა, რომ დაჯდომა არ შეუძლია. ხელები გაუცივდა და გაულურჯდა.

„ძალიან დავსუსტდი. ზედამხედველმა რაღაც საჭმელი მოიტანა, კარი გააღო, საკანში შემოდგა და წავიდა. კუნთები არ მემორჩილებოდა. საჭმელს, ცხადია, ვერ მივწვდებოდი. რამდენჯერმე გონებაც დავკარგე. როცა გონს მოვედი, ხელებზე დავიხედე და შევძრწუნდი: მოშავო-მოლურჯო გამხდარიყვნენ. გაუგებარ მდგომარეობაში ვიყავი. მხრები დამიბუჟდა. ვეღარ ვმოძრაობდი“.
დეიდაჩემის მონაყოლით ვიცი, რომ ის ორი წელიწადი სულ ვავადმყოფობდი, სულ ვტიროდი თურმე. კანზე წყლულები გამიჩნდა და ძალიან ადვილად ვცივდებოდი...

მუსავიმ ორწელიწად-ნახევარი გაატარა საპატიმროში. ის დაისაჯა „მწვანე მოძრაობის“ დემონსტრაციებში მონაწილეობისა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ფირზე აღბეჭდისთვის. შვიდი თვე საკანში მან მარტომ გაატარა.
ეს პატიმრობა სატუსაღოში პირველი ყოფნა არ ყოფილა. როგორც გითხარით, 1986 წელს ის შირაზის ადელაბადის ციხეში გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მამამისი საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა. მას მუჯაჰედინების ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაბრალდა და დააპატიმრეს. ეს ორგანიზაცია მულების რეჟიმს უწევდა სასტიკ წინააღმდეგობას და ერაყ-ირანის ომის დროს მტრული ჯარების, სადამ ჰუსეინის მხარეს იბრძოდა. მუსავის მამა როცა წაიყვანეს, დედა, ორსულად მყოფი, თან გაჰყვა. ჰუმან მუსავი ციხეში დაიბადა, ადელაბადში.

„დეიდაჩემის მონაყოლით ვიცი, რომ ის ორი წელიწადი სულ ვავადმყოფობდი, სულ ვტიროდი თურმე. კანზე წყლულები გამიჩნდა და ძალიან ადვილად ვცივდებოდი. ეს სიმპტომები მერეც მქონდა, უკვე ციხიდან გამოშვების შემდეგ. დეიდაჩემმა მიამბო ასევე, რომ დედაჩემს საპატიმროში რძე გაუშრა და ვეღარ მაჭმევდა. პატიმარი ქალები თავიანთ საჭმელს უნაწილებდნენ დედებს, ვისაც ძუძუმწოვარა ჩვილები ჰყავდა. მე, თურმე, ექვსი თუ შვიდი ქალი მაჭმევდა რძეს, რომ არ მოვმკვდარიყავი“.
ჯარისკაცმა ცემა დამიწყო, გულმკერდზე მირტყამდა. ტანი დამისივდა, ყველგან სისხლჩაქცევები მქონდა. ძალიან მტკივნეული იყო...

მუსავის მშობლები სიკვდილით დასაჯეს. დაობლებული ბავშვი ნათესავებმა შეიკედლეს. მისი გაზრდა არ იყო იოლი, რადგან სიღარიბე თან სდევდა ოჯახს. უშიშროების სამსახური მუდამ ურთულებდა ცხოვრებას, რადგან რეპრესირებული მშობლების შვილი იყო, და მოითხოვდნენ, პოლიტიკურ ცხოვრებას არ გაჰკარებოდა. როცა 2010 წელს მუჰან მუსავი დააკავეს, გამომძიებელმა დედ-მამა უხსენა, დაემუქრა, მათსავით შენც გაგანადგურებენო. შვიდი თვე საკანში მარტო ყოფნის შემდეგ ის სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, მაგრამ მისი ტანჯვა გაგრძელდა - სხვა პატიმრებთან ერთად დაჰყავდათ გასაშოლტად:

„მათ შორის, ვინც უნდა გაეშოლტათ, პირველი მე ვიყავი. მე მგონია, იმ ჯარისკაცმა არ იცოდა, როგორ უნდა მოეხმარა შოლტი. ეს იყო სამი პირი ტყავისგან დაწნული შოლტი, რომელსაც ბოლოს დიდი კვანძი ჰქონდა, რათა უფრო მტკივნეული ყოფილიყო. ჯარისკაცმა ცემა დამიწყო, გულმკერდზე მირტყამდა. ტანი დამისივდა, ყველგან სისხლჩაქცევები მქონდა. ძალიან მტკივნეული იყო და ვცდილობდი, არ მეთხოვა პატიება, მაგრამ, ბოლოს, მაინც შევბედე, გულზე რატომ, ზურგზე დამარტყი-მეთქი“.

შარშან აგვისტოში ჰუმან მუსავი ციხიდან გამოუშვეს - ის შეიწყალეს და სამწლიანი პატიმრობა ბოლომდე არ მოუხდია.

მაგრამ მისი გამომძიებელი გარეთ ყოფნისასაც იბარებდა და ემუქრებოდა, თუ კიდევ ერთხელ მოხვდები ციხეში, სახრჩობელას ვერ გადაურჩებიო. ამ პირობებში გაჩერება მას აღარ შეეძლო და ირანი დატოვა. მისი საცხოვრებელი ადგილი საიდუმლოდ რჩება, მისივე უსაფრთხოებისათვის. რა მოელის ხვალ, მუსავიმ არ იცის. იმედოვნებს, რომ, ბოლოს და ბოლოს, თავს დააღწევს რეჟიმს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG