Accessibility links

logo-print

„ტერორის ფაბრიკა: „ეფ-ბი-აის“ შიგნით მომზადებული ტერორიზმთან ომი“


თავის ნაშრომში - „ტერორიზმის ფაბრიკა: „ეფ-ბი-აის“ შიგნით მომზადებული ტერორიზმთან ომი“ - ამერიკელი მკვლევარი ტრევორ აარონსონი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მთავრობა გეგმავდა და აფინანსებდა გაცილებით მეტ ტერაქტს, ვიდრე სხვა რომელიმე ჯგუფი. ამავე დროს, ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო - ამერიკული შემოკლებით, „ეფ-ბი-აი“ - ტერორიზმთან ომში გამარჯვებულად ბევრჯერ გამოცხადდა. რას ეფუძნება აარონსონის დასკვნები? წიგნის ავტორს ჩვენი კორესპონდენტი, ჰეტერ მაჰერი, ესაუბრა.

ტრევორ აარონსონი, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარი, რომელიც საგამოძიებო უწყებათა საქმიანობის შემსწავლელ პროგრამაშია ჩართული, როცა სასამართლო საქმეების ათასობით გვერდი შეისწავლა, სხვა დასკვნამდე მივიდა: დაკავებულთა და გასამართლებულთა უმეტესობა არ ჩაიდენდა ტერორისტულ აქტს, „ეფ-ბი-აის“ რომ არ მიეცა ამისთვის საჭირო საშუალებები.

აარონსონმა იცის, რასაც ამბობს. ის ჰყვება, თუ როგორ მივიდა საქმეების გაცნობის შემდეგ ამ დასკვნამდე. მკვლევარი აღწერს „ეფ-ბი-აის“ საქმიანობას, მის მეთოდს, მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება, მისი თავიდან აცილების მიზნით. ისინი დაეძებენ, როგორც თვითონ „ეფ-ბი-აი“ უწოდებს, მარტოსულ ტიპებს, რომლებიც ალ ყაიდის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი, მაგრამ რაღაც მიზეზით ვერ ახერხებენ მოქმედებას - რომც მოისურვონ, ტერაქტს მარტო ვერ ახორციელებენ, თუმცა, „ეფ-ბი-აის“ ინფორმანტების შეფასებით, ფულის ან შეღავათის სანაცვლოდ, მზად არიან ჩაიდინონ დანაშაული. „ეფ-ბი-აის“ აგენტები აწყობენ საგანგებო ოპერაციას, ოპერატიულ ექსპერიმენტს, რათა ამ პირთან შევიდნენ კონტაქტში, მიიტყუონ ის, ჩართონ ტერორისტულ აქტში და შემდეგ დააპატიმრონ, ამ ტერაქტისთვის გაასამართლონ. ასეთია აარონსონის მიერ დახატული სურათი. წიგნის ავტორი განმარტავს:

„დადგინდა, რომ ამ სასამართლო საქმეებიდან მხოლოდ თითო-ოროლაა ისეთი, სადაც ფიგურირებენ რეალური, სახიფათო ტერორისტები. ესენი არიან ფაიზალ შაჰზადი, რომელმაც ლამის მოაწყო აფეთქება ნიუ იორკის ტაიმს სკვერზე, ან ნაჯიბულა ზაზი, ასევე ნიუ იორკში მეტროს აფეთქებას რომ გეგმავდა. მაგრამ უმეტესობა, 150-ზე მეტი მსჯავრდებული, ის პირები არიან, რომლებიც დააკავეს სპეცოპერაციების შედეგად და რომლებსაც თავშიც არ გაუვლიათ და არასოდეს უფიქრიათ ტერაქტის მოწყობა, სანამ გამოძიების ფედერალური ბიურო არ მიაწოდებდა ყველაფერს - ბომბებს, სატრანსპორტო საშუალებას, ყველაფერს, რაც ტერაქტის მოსამზადებლად არის საჭირო. ამავე დროს, ცხადია, რომ ეს პირები მარტო ვერასოდეს მოახერხებდნენ ამის გაკეთებას. არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ არაფერი აკავშირებდა ტერორიზმთან. მართლაც რთულია იმის მტკიცება, რომ მათ ოდესმე აზრად ჰქონდათ რაიმე ტიპის ტერაქტის მოწყობა“.

აარონსონი ამბობს, გამოძიების უწყება, რომელსაც, ჩემი მონაცემებით, ამჟამად 15 ათასი ინფორმანტი ჰყავს, დაეძებს პირებს, რომლებზეც ზეწოლა იოლიაო, და გვიამბობს, როგორ მზადდება ეს საიდუმლო სპეცოპერაციები:

„სპეცოპერაციის დროს გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმანტი, ანუ გადაცმული აგენტი, წარუდგება ობიექტს ალყაიდელად ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლად და ეუბნება, თუ ტერაქტის დაგეგმვას აპირებ, ყველა საჭირო მასალით მოგამარაგებთო. შემდეგ, როცა ბომბებს შეიძენენ, მანქანაში ჩააწყობენ და მივლენ იმ ადგილას, სადაც აფეთქების მოწყობაა დაგეგმილი, სუბიექტს სწორედ იმ დროს აპატიმრებენ, როცა ჰგონია, რომ მობილურ ტელეფონზე ნომერს აკრეფს, მოხდება აფეთქება და დაიხოცება ათეულობით ადამიანი. სპეცოპერაციებისას მთავრობა, არსებითად, თავად ხდება ამ გეგმის მონაწილე და, საბოლოოდ, კანონით სდევნის ოპერაციის სამიზნეს ამ ოპერაციის მოწყობისთვის - ფაქტობრივად, იმ ქმედებისთვის, რომელშიც თვითონ იყო ჩართული და რომელშიც თავად მიიღო მონაწილეობა“.

აარონსონს ინფორმანტებზე ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა, ვინ არიან ისინი, რა ამოძრავებთ ამ პირებსო? 15 ათასამდე ინფორმანტს, ამბობს აარონსონი, ძალიან გულუხვად უხდიან - 100-დან, ზოგ შემთხვევაში, 400 ათასამდე დოლარს. ასე დიდ ფულს მათ იმიტომ აძლევენ, რომ მოიძიონ ტერორისტული აქტის მოწყობით დაინტერესებული პირები, ისინი, ვინც ძალადობისკენაა მიდრეკილი, მაგრამ ვერ ახორციელებს ამას. „ეფ-ბე-აის“ მუშაობის ფორმათა მკვლევარი ამბობს, მთავარი პრობლემა ჩემთვის ისაა, გაირკვეს, ვინ უფრო დიდი დამნაშავეა, ინფორმანტი თუ სპეცოპერაციის სამიზნეო. ამ ოპერაციების დროს ინფორმანტები საქმეს იჭერენ ნარკოდილერებთან, მკვლელობაში ბრალდებულებთან... სიეტლში, მაგალითად, ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ პირზე გავიდნენ და ასე შემდეგ... ანუ, ტრევორ აარონსონის თქმით, ესენი საეჭვო რეპუტაციის ხალხია ხოლმე, ეკონომიკურად არასტაბილური, ზოგ შემთხვევაში, გონებრივად სუსტი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ინფორმანტები იოლად ახერხებენ დაიყოლიონ. ჩვენმა კორესპონდენტმა ავტორს წიგნისა „ტერორის ფაბრიკა: „ეფ-ბი-აის“ შიგნით მომზადებული ტერორიზმთან ომი“ ჰკითხა, როცა სასამართლო პროცესზე დაცვის არგუმენტად გაისმის, ეს დანაშაული პროვოცირებულიაო, რას უპასუხებს ამ არგუმენტს სასამართლოო.

„ყველა ამ საქმეში დანაშაულის პროვოცირება, მისი თავიდან აცილების მიზნით, მთავარი თემაა. მაგრამ სასამართლოები არ იზიარებენ აზრს, რომ ეს პროვოცირებული დანაშაულებია. ჩვენ გვქონდა 11 საქმე, როცა ბრალდებულები მოითხოვდნენ საქმის ამ მხრივ განხილვას, რომ საქმე პროვოცირებასთან გვქონდა, მაგრამ არც ერთი მათგანი წარმატებული არ ყოფილა. ამავე დროს, პრესაში ასეთი საქმეების მიმართ სულ უფრო იზრდება სკეპტიციზმი, კრიტიკა. მაგალითად, როცა აშშ-ის მთავრობა ამ საქმეებზე ლაპარაკობს და იტყობინება, თუ რა საშინელება იქნა თავიდან აცილებული, უკანა პლანზე რჩება ის ფაქტი, რომ ბრალდებულები მარტო, დაუხმარებლად, ამ დანაშაულს ვერასოდეს ჩაიდენდნენ. დრო ბევრია საჭირო, მაგრამ მედია უკვე ავლენს კრიტიკას ამგვარი საქმეების მიმართ“.

როგორი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს რეაქცია თქვენს წიგნზე? - ვკითხეთ აარონსონს. მისი თქმით, რეაქცია „ეფ-ბი-აი“-სთვის ტიპიური იყო. მხოლოდ „უოლსტრიტ ჯორნელში“ დაიბეჭდა კრიტიკული რეცენზია ერთი ყოფილი აგენტისა, რომელიც წერდა, ეს რეალურად სახიფათო ტერორისტები არიან, რომელთა გამოვლენას ემსახურება საიდუმლო სპეცოპერაციებიო. ეს, რაც შეეხება წიგნზე რეაქციას.

რადიო თავისუფლება შეეცადა თავისი გზით მიეღო განმარტება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ, რადგან ამ ბრალდებებში საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან. თუ ეს დადასტურდა, რასაც წიგნის ავტორი ამტკიცებს, საქმე დანაშაულთან გვაქვს. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების განყოფილების წარმომადგენელმა, დინ ბოიდმა, მოგვწერა, რომ აარონსონის წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ შეუძლია განაცხადოს შემდეგი: მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ასეთი საიდუმლო ოპერაციები, ოპერატიული ექსპერიმენტები, უფლებადამცავების მიერ გამოიყენება ყველა მძიმე დანაშაულთან ბრძოლაში, არა მხოლოდ ტერორიზმთან ომში. ბოიდის თქმით, ასეთი ოპერაციები არაა ერთადერთი გზა ძალადობრივი გეგმის გამოვლენისა და აღკვეთისთვის. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გვწერს, რომ ამგვარი საიდუმლო ოპერაციების მოწყობის მკაცრი წესები არსებობს და ისინი მაღალ დონეზე თანხმობის მიღების შემდეგ ტარდება. აშშ-ის კანონი ადამიანებს მკაცრად იცავს ასეთი პროვოკაციებისგან, როცა დანაშული იგეგმება დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. სამართალდამცავების მხრიდან ეს პროვოკაციად მაშინ ითვლება, როცა შესაბამისი პირი არ აპირებს მსგავსი ქმედების ჩადენას. ამგვარი საქმეების დიდი სია არსებობს, წაიკითხავთ იუსტიციის სამინისტროს წერილში, მაგრამ 9 სექტემბრის შემდეგ არც ერთი ტერორისტი არ გაუმართლებიათ სასამართლოებს იმ საბაბით, რომ ისინი პროვოცირებულნი იყვნენ. დაბოლოს, გვწერს იუსტიციის თანამშრომელი დინ ბოიდი, ყოველთვის, როცა ვინმე გეგმავს ძალადობრივ აქტს, უფლებადამცავები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოება. ეს პასუხი მან გამოგვიგზავნა შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ტრევორ აარონსონის გამოკვლევაზე, სათაურით „ტერორის ფაბრიკა: „ეფ-ბი-აის“ შიგნით მომზადებული ტერორიზმთან ომი“, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ ტერორიზმის გამო დაკავებულთა და გასამართლებულთა უმეტესობა არ ჩაიდენდა ტერორისტულ აქტს, „ეფ-ბი-აის“ რომ არ აღეჭურვა ამისთვის საჭირო საშუალებებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG