Accessibility links

logo-print
ჩვენ ჩეხეთში ვცხოვრობთ - ქვეყანაში, სადაც ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ამოქმედებულმა კანონმა ნარკოტიკები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადა, ვიდრე უწინ. იმისათვის, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი მოხმარებისთვის აღმოაჩნდებოდა, მაქსიმუმ, 15 გრამი მარიხუანა, 5 გრამი ჰაშიში, გრამ-ნახევარი ჰეროინი, ექსტაზის ოთხი აბი და ორი გრამი მეტამფეტამინი, მხოლოდ ჯარიმით დასჯილიყო, აქ ხალხმა იბრძოლა. არ აგერიოთ, ნარკოტიკი არ არის ლეგალიზებული. ის უკანონოა, ანუ კანონი, ცხადია, ირღვევა ამ მცირე დოზების შემთხვევებშიც. უბრალოდ, ასე ვთქვათ: პოლიცია ვეღარ იჭერს მომხმარებელს. მეტიც, შეგიძლიათ იქონიოთ ხუთამდე კანაფის მცენარე და 40-მდე ჰალუციონოგენი, მაგიურს რომ უწოდებენ, სოკო. არ იფიქროთ, რომ ჩეხეთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა ამ სფეროში, თუმცა მსოფლიოში არ მოიპოვება სახელმწიფო, - მათ რიცხვში არც ნიდერლანდია, როგორც ეს ჰგონიათ ხოლმე, - სადაც ნარკოტიკი ლეგალიზებული იყოს. მართალია, იქ მცირე რაოდენობის ნარკოტიკის მიმართ კანონის დამცველები დე ფაქტო შემწყნარებლურად არიან განწყობილნი, მაგრამ ამ ქვეყნის კანონით, იურიდიულად კანაბისის პროდუქტის ქონა და წარმოება ისჯება და უცხოელებს ეკრძალებათ ცნობილ კაფეებში ნარკოტიკის მოხმარება. ანუ, ფაქტობრივად, ჰოლანდიურმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა, დეკრიმინალიზაციამ კანაბისზე ბევრად უფრო მძიმე პროდუქტების გასაღება დააჩქარა და სოციალური პრობლემაც გამწვავდა.

სხვა გამოცდილება დაუგროვდა, მაგალითად, აშშ-ში კალიფორნიის შტატს, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოხმარების კანონით დაშვება, ანუ ლეგალიზება სურდათ, მაგრამ ეს კანონი ვერ დამტკიცდა. სამაგიეროდ, ყოველგვარი მძიმე დაავადების დიაგნოზის გარეშე ექიმს შეუძლია გასცეს, სხვა შტატების მსგავსად, ეგრეთ წოდებული რეკომენდაცია, რაც მოშენებისა და ყიდვის უფლებას იძლევა. არაერთმა შტატმა გადაწყვიტა რეფერენდუმის გზით, რომ სრულწლოვან მოქალაქეებს მიეცეთ უფლება მცირე რაოდენობით ნარკოტიკი იქონიონ. რა არის ეს, მთავრობისა და ნარკოტიკის მწეველთა სურვილის თანხვედრა თუ მთავრობის გადაწყვეტილება, ამ გზით აკონტროლოს მოხმარება მის შესამცირებლად?

საქართველოში მარიხუანისა და კანაბისის პროდუქტების მოხმარების მაჩვენებლები მაღალია, ანუ ეს პრობლემაა. საქართველოს პარლამენტმა მალე შეიძლება განიხილოს კანონი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ. არ აგერიოთ ეს ლეგალიზებაში. ნარკოტიკის ლეგალიზებას არავინ აპირებს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი გამყრელიძე გვიხსნის, რომ მარიხუანა, როგორც წესი, ნარკომანიით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პირველი ნარკოტიკია, რომელსაც შემდგომ მოჰყვება სხვა ტიპის, ძლიერი ნარკოტიკების მოხმარება. ამდენად, ირაკლი გამყრელიძის თქმით, ეს ჯგუფი წარმოადგენს ნარკომანიით დაავადების პოტენციურ რისკჯგუფს. ირაკლი გამყრელიძემ გვითხრა, რომ ლაპარაკი არაა არც მარიხუანის ლეგალიზაციაზე და არც მის ცალკე განხილვაზე საკანონმდებლო ორგანოში, ექსპერტთა თუ სამუშაო ჯგუფებში, სადაც ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. გარკვეული ჯგუფები ამ საკითხის ინიცირებას ახდენენ, მაგრამ ამ პოზიციას მხარს საექსპერტო წრეები არ უჭერენ. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას ან დეპენალიზაციას, ამ მხრივ მართლაც მიმდინარეობს კანონმდებლობაზე მუშაობა, გვითხრა თანამოსაუბრემ. განიხილება ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნისა და მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჭრილში დატოვების საკითხი, რაც სასჯელების ლოგიკურად და სწორად განსაზღვრას გულისხმობს. გარდა ამისა, კანონმდებლობაზე მომუშავე ძირითადი ჯგუფი ახალ კანონმდებლობას განიხილავს ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობისადმი მოტივირების ინსტრუმენტად, გვითხრა ირაკლი გამყრელიძემ, რომელსაც ვთხოვეთ შეეფასებინა მარიხუანის ან კანაბისის სხვა პროდუქტების ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ზემოქმედება. ხანდახან ცდილობენ ხოლმე ამ ნარკოტიკის მავნებლობის შესუსტებას, სულაც მის უვნებლად წარმოჩენას, რაც არაა სწორიო, გვითხრა მან. მარიხუანა არ იწვევს ყველა შემთხვევაში ჰეროინისა და სხვა ძლიერი ნარკოტიკების მოხმარების მსგავს შედეგებს, მაგრამ ის ადამიანის ფსიქიკაში იწვევს ამ ნარკოტიკებისგან განსხვავებულ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც ხშირად შეუქცევადია.ირაკლი გამყრელიძის თანახმად, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მარიხუანაზე ხშირად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ნარკოტიკებზე. ამდენად, ასკვნის ის, მარიხუანას, როგორც უვნებელ ნივთიერებას, ვერანაირად ვერ განვიხილავთ.

გვიანი ფსიქოზები, ნაწილობრივ, გამოჩნდება ხოლმე მარიხუანის მოხმარებიდან წლების შემდეგ, მას მერეც, როცა ადამიანი თავს ანებებს მოწევას. ეს პაციენტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც კი ხვდებიან, რადგან ვეღარ ახერხებენ ყოველდღიურობის დაძლევას...
გერმანიაში, ბავარიის სამხრეთში, პატარა ქალაქ კემპტენში მუშაობს საექიმო პრაქტიკა, რომელიც მომსახურებას უწევს ნარკომანებს - მათ, ვინც გადაწყვიტა ექიმების დახმარებით თავი დაანებოს ნარკოტიკს. ამ პრაქტიკაში მუშაობს ექიმი ფრაუკე ულნერი, რომელიც მარიხუანის შესახებ გვეუბნება, მისი ფიზიკური ზიანი უკავშირდება საკუთრივ მოწევას, თამბაქოსთან ერთად კვამლის ფილტვებში ჩასუნთქვას, ნაწილობრივ კი, წარმოადგენს უკვე ფსიქიკური ზიანის შედეგსო. ამ ფსიქიკურ ზიანს უსვამს ის ხაზს და ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი, გვიანი ფსიქოზები, რასაც იწვევს მარიხუანის მოხმარება.

„გვიანი ფსიქოზები, ნაწილობრივ, გამოჩნდება ხოლმე მარიხუანის მოხმარებიდან წლების შემდეგ, მას მერეც, როცა ადამიანი თავს ანებებს მოწევას. ეს პაციენტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც კი ხვდებიან, რადგან ვეღარ ახერხებენ ყოველდღიურობის დაძლევას“, გვიხსნის ფრაუკე ულნერი და განმარტავს, რომ გააჩნია ადამიანს - ფსიქიკური არასტაბილურობისკენ მიდრეკილი პირი უფრო ძლიერად ზიანდება მარიხუანისგან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ისინი მიმართავენ ნარკოტიკს.

გერმანელ ექიმს მიჩვევაზეც ვკითხეთ. ულნერი ამბობს, რომ ფიზიკური დამოკიდებულება ნაკლებად ძლიერია მარიხუანის შემთხვევაში, ანუ ორგანიზმი არ ითხოვს მოსაწევს, როგორც ალკოჰოლიზმისას. მაგრამ კანაფის პროდუქტებს ახასიათებს ყველაფერთან ერთად ფსიქიკური დამოკიდებულება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები ყოველდღიურობას ვეღარ ძლევენ. მათ, უბრალოდ, სჭირდებათ ის ნივთიერება, რომელსაც მარიხუანისგან იღებენ:

„თუ ამ ნივთიერებას ვერ ვიღებ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც მაკლია, მაქვს შინაგანი მოუსვენრობა, ლტოლვა, ვიშოვო ეს ნივთირება. ეს არის ფსიქიკური დამოკიდებულება. ალკოჰოლიზმის დროს რომ იცის ცახცახი ან ოფლდენა, ამ შემხვევაში ფიზიკურად არ ხდება. ეს არის გრძნობა, რომ მის გარეშე არ შეგიძლია“.

ფრაუკე ულნერი ამბობს, რომ ამ ფსიქიკური დამოკიდებელების უკან, ერთი თეორიის მიხედვით, დგას „ბედნიერების ჰორმონად“, „ბუნებრივ ნარკოტიკად“ წოდებული, ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნივთიერების - ენდორფინის - ცვლა. სიყვარულის, შემოქმედების, ძალაუფლების შეგრძნებისას სისხლში ენდორფინის დონე იზრდება. ფრაუკე ულნერი გვეუბნება, რომ „ნარკოტიკზე დამოკიდებულების დროს დაჯილდოების გარკვეული სისტემა აქტიურდება. ეს ადამიანი მუდამ ელის ამ დაჯილდოებას, რაც უკავშირდება შესაბამის ნივთიერებას“, რომელსაც მარიხუანა შეიცავს და ეს არის დამოკიდებულების ფსიქიკური მხარე“. ანუ მარიხუანა ზიანს აყენებს ადამიანს ფსიქიკურად და მწეველი მასზე დამოკიდებული ხდება.

რა განსხვავებაა ამ ნარკოტიკსა და სხვა, უფრო ძლიერ, მონათესავე ნივთირებებს შორის? ირაკლი გამყრელიძის განმარტებით, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მარიხუანას არ მოიხმარენ ინტრავენურად და, ამდენად, არ ხდება ინფექციის გავრცელება, ის არ იწვევს ამ კლასიკურ პრობლემას. სხვა მხრივ, მარიხუანას განვიხილავთ ისეთივე ნარკოტიკად, როგორც ყველა სხვას და დამოკიდებულებაც მის მიმართ ასეთიაო, გვითხრა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ერეკლე გამყრელიძემ, რომელმაც, ფრაუკე ულნერმთან ერთად დაგვიდასტურა, რომ მარიხუანა, ისევე როგორც მორფინი და სხვა მსგავსი ნივთიერებები, სამედიცინო მიზნებით გამოიყენება, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფლად, ექიმის ნებართვისა და დანიშნულების გარეშე უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG