Accessibility links

„ახალი სახლის“ საძებნელად გურჯისტანში ჩასული ირანელები და საერთაშორისო სანქციები


სარა ყაზი და მისი ქმარი მუსტაფა სადიღი.

სარა ყაზი და მისი ქმარი მუსტაფა სადიღი.

თბილისში, სადგურის უკან მდებარე ქარვასლად წოდებული სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე უდევს ბინა საქართველოში გამომავალ ერთ-ერთ სპარსულენოვან გაზეთს, „არიანას“, რომლის გამომცემელი სარა ყაზი, სხვა ბევრი თანამემამულის მგავსად, ირანიდან საქართველოში გადახვეწილი ოჯახის დედაა, ქმართან, მამასა და შვილებთან ერთად რომ აიბარგა და საქართველოში ცდილობს, როგორც თავად ამბობს, ახალი სახლი მოძებნოს. რატომ ჩამოდიან ირანელები საქართველოში, ძველი ისტორიულ-კულტურული კავშირები ამოძრავებთ თუ სხვა მიზეზი აქვთ?

„მათ ქვეყანაში მძიმე ვითარების გამო ირანელები დიდი ხანია ეძებენ, ასე ვთქვათ, ახალ სახლს. ემიგრაცია სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისკენ იყო მიმართული. 30 წლის წინ ირანელები აშშ-ში მიდიოდნენ, მოგვიანებით ევროპის სახელმწიფოებს მიაშურეს. შემდგომ, როცა ემიგრაცია გართულდა, მათ დუბაიში, ასევე მალიზიასა და თურქეთში წასვლა დაიწყეს. ბოლო ორი-სამი წელია, უვიზო რეჟიმის გამო, საქართველოში ჩამოდიან. აქ ისინი ფირმებს აარსებენ, ცხოვრების უფლებას იღებენ და ამის გამო დაიწყეს ჩამოსვლა“, ამბობს სარა ყაზი, რომლის მსგავსად, ისლამური რესპუბლიკის ბევრი მოქალაქე ჩავიდა საქართველოში სხვადასხვა მიზნით თუ მიზეზით.

ირანი, სადაც მოლები ბატონობენ და სადაც ახლა, პრეზიდენტად ზომიერი პოლიტიკოსის ჰასან როჰანის არჩევის შემდეგ, რეფორმების იმედი გაჩნდა, სანქციების წყალობით საერთაშორისო იზოლაციაშია. გარდა გაეროსი, სანქციები ირანს ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მაც დაუწესეს. სანქციების მიზანია ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამას არ მიეცეს გაფართოების საშუალება, რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის განვითარება, რისი შიშიც აქვს დასავლეთს. ასეთია ფონი საქართველოში ირანელების ჩასვლისა, რისკენაც მათ სწორედ ეს ეკონომიკური გაჭირვებაც უბიძგებს და ელემენტარული თავისუფლების შეზღუდვაც. საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს, საკუთარი ნებითა თუ იძულებით, მასზე მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უწევთ. ასეთია ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციებიც. თუ სანქციები გაეროს ეკუთვნის, რომლის წევრიცაა საქართველო, ხელისუფლება ცდილობს შეასრულოს დათქმული პირობები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ანთელავა განგვიმარტავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ნებისმიერი სანქციის შესრულება სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. ირანელ ინვესტორებს საქართველოში ისევე დახვდნენ, როგორც ყველა ინვესტორს ხვდებიან. უვიზო რეჟიმმა და, სულ მცირე, საქართველოს ჰავამ, ასევე აქაურმა კერძებმა, ბევრ ირანელს აფიქრებინა, რომ გურჯისტანში ცხოვრება კარგია. თბილისში ნახავთ სპარსულ წარწერას კბილის ექიმის ოფისზე, სადალაქოზე, საინვესტიციო ფირმისა თუ სხვა ოფისებზე. ბოლო თვეებში გაისმოდა ხმები, ახალი მთავრობა სავიზო რეჟიმს შეცვლისო. 26 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეკითხვაზე, მკაცრდება თუ არა პირველი ივლისიდან სავიზო რეჟიმი ირანთან, განმარტა, ზოგიერთ ქვეყანასთან შეიძლება გადაიხედოს და მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმი, თუმცა ეს არ შეეხება არც ევროკავშირის წევრებს და არც ნატოს, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანასო. საქართველოში ახლა საიმიგრაციო პოლიტიკა მუშავდება და ამ ცვლილებების პაკეტში შეიძლება საჭირო გახდეს საკითხის გადახედვაო, თქვა მინისტრმა.

მივედი საჯარო რეესტრში და უარი მითხრეს. ეს ის დრო იყო, როცა ბოსტონში აფეთქება მოხდა. აქაურ ხალხს რომ ვკითხე, ამიხსნეს, აშშ-მა სთხოვა საქართველოს, რაც შეიძლება ნაკლებ ირანელს მისცეს აქ ცხოვრების უფლებაო...
მანამდე აშშ-ის გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „გამწვავებული სანქციების ფონზე, ირანელები ფულს საქართველოში აბანდებენ“, სადაც ნათქვამი იყო, სანქციების გამო ირანელებს უჭირთ ბიზნესის უცხოეთში წარმართვა, მაგრამ საქართველოში ამას ახერხებენო. თეიმურაზ ანთელავამ ამ სტატიასთან დაკავშირებით გვითხრა, საქართველოში ბევრი ირანელის ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ ასრულებს გაეროს რეზოლუციას სანქციების შესახებო. მისივე თანახმად, ეს ეხება არამარტო ირანს ან სხვა რომელიმე ქვეყანას - საქართველო უნდა ახორციელებდეს და ახორციელებს კიდეც ძალიან მკაცრ მონიტორინგს, რომ არ მოხდეს სანქციების რეჟიმის საწინააღმდეგო ქმედება მის ტერიტორიაზე. სამიზნე ობიექტი წარმომავლობით არ განისაზღვრება, სამიზნე ობიექტი არის ან ტრანსაქცია, ან კონკრეტული იურიდიული თუ კერძო პირი. ანთელავა განგვიმარტავს, რომ ირანელების სიმრავლე არ იწვევს სანქციების რეჟიმთან წინააღმდეგობას, ეს მხოლოდ ზრდის იმის პოტენციურ რისკს, რომ ამ მთელ ირანულ წარმომადგენლობაში გართულდეს ისეთი პირების გამორჩევა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სანქციებით აკრძალული ქმედება განახორციელონ. ალბათ, ამით თუ აიხსნება ის ზეწოლა, რომელსაც ბოლო ხანებში განიცდიან ირანის მოქალაქეები საქართველოში. თუმცა მათივე ნაამბობიდან ჩანს, რომ ჯერჯერობით დისკრიმანციის გამო სასამართლოს არავინ მიმართავს. ერთმა მათგანმა - მან ვინაობის გამხელა არ ისურვა - ჩვენს ირანელ კოლეგებს უთხრა:

სასტუმროს აბრა სპარსულ ენაზე

სასტუმროს აბრა სპარსულ ენაზე

„ბუნებრივია, როცა ადამიანი რომელიმე ქვეყანაში ბიზნესს იწყებს, მას მტკიცე ოფიციალური სტატუსი სჭირდება, სულ მცირე, გარკვეულ პერიოდში. აპრილში უნდა მოეცათ ჩემთვის ცხოვრების უფლება, დამპირდნენ, არაა პრობლემა, „ეს-ემ-ესს“ მიიღებ და მოდიო. მივიღე „ეს-ემ-ესი“ და მივედი. მივედი საჯარო რეესტრში და უარი მითხრეს. ეს ის დრო იყო, როცა ბოსტონში აფეთქება მოხდა. აქაურ ხალხს რომ ვკითხე, ამიხსნეს, აშშ-მა სთხოვა საქართველოს, რაც შეიძლება ნაკლებ ირანელს მისცეს აქ ცხოვრების უფლებაო“.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“ საგულისხმო ამბავს იუწყებოდა: საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ამცნო, საქართველოს საბანკო სექტორში ირანული კომპანიების ნებადაურთველად შესვლის აკრძალვის მიზნით, საქართველოს მთავრობა დამატებით ზომებს მიმართავსო. ქადაგიძის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ არაერთ ბანკსა და კერძო პირს უთხრა უარი ადგილზე საქართველოს საბანკო სექტორში. „ტრენდი“ იუწყებოდა, რომ ეს იყო რეაქცია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ წერილზე. „ტრენდი“ იმასაც იუწყებოდა, ირანის ენერგეტიკულ კომპანიებს, ასევე სხვა ფირმებს, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, კავშირი აქვთ ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და სწორედ ამ ფირმებთან დაკავშირებული კომპანიები ცდილობენ საქართველოში შეღწევასო.

ამ საკითხზე საქართველო-ირანს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ აქ უამრავი ირანელი ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანეს, ოჯახის წევრებიც ჩამოიყვანეს, ზოგმა ცხოვრების უფლებაც მიიღო, მაგრამ მათ მეუღლეებს იმავე სტატუსს არ აძლევენ. რა ეშველებათ ასეთ ოჯახებს?...
არადა, ჩვენმა თანამოსაუბრემ გვითხრა, ირანელებს შორის გავრცელებულია აზრი: თბილისში ბანკი ანგარიშს გაგიხსნის, თუ დეპოზიტის სახით 50 ათას ლარს დატოვებ, თუ არა, უარით გაგისტუმრებენო. 27 ივნისს ინტერნეტგამოცემა „ამბები.ge“-მ გამოაქვეყნა სარა ყაზისთან ინტერვიუ, რომელშიც ის აცხადებს:

„ამ საკითხზე საქართველო-ირანს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ აქ უამრავი ირანელი ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანეს, ოჯახის წევრებიც ჩამოიყვანეს, ზოგმა რეზიდენტობაც მიიღო, მაგრამ მათ მეუღლეებს იმავე სტატუსს არ აძლევენ. რა ეშველებათ ასეთ ოჯახებს? ვფიქრობ, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. დღეს ირანელების უმრავლესობა თავსა და საკუთარ ინვესტიციებს საქართველოში დაცულად ვეღარ გრძნობს. ჩემს ოფისში მოსული სასოწარკვეთილი ადამიანები ყოველდღე მეკითხებიან: რა იქნება? ჩვენს ანგარიშებსაც ხომ არ გაყინავენ ან ბიზნესს რა ბედი ეწევაო? - მე არ ვლაპარაკობ მათზე, ვისაც კანონთან პრობლემა აქვს. საქართველოს უფლება აქვს გააკონტროლოს, როგორ შემოდის ფული მის ტერიტორიაზე. მე იმ ირანელებზე ვსაუბრობ, რომლებსაც სუფთა, პატიოსანი ბიზნესი აქვთ“.

რადიო თავისუფლებას კი მანამდე სარა ყაზიმ უთხრა:

„უბრალო ხალხს, ვინც მცირე თანხა დაზოგა და ზემოთ რომ ვახსენე, იმ ახალ სახლს ეძებს და ოჯახით, ბავშვებით, ათასი იმედითა და სურვილით აქ ჩამოდის, შეუძლებელია ასეთი თანხა ჰქონდეს. მაგრამ ზოგიერთ ჯგუფსა და კერძო პირს, ვისთვისაც ეს ფული არაფერია, შეუძლია მარტივად განაგრძოს ინვესტირება, ანგარიშების გახსნა და ეს დღემდე ასეც ხდება“.
XS
SM
MD
LG