Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამადანი - მძიმე მარხვა იქ, სადაც მზე თითქმის არ ჩადის


8 აგვისტოს რამადანი, მაჰმადიანთა წმინდა თვე, დასრულდა. როცა ისინი რამადანში მარხვას იცავენ, ყოველდღიურად საკმაო ხანს უწევთ საჭმელ-სასმლისგან - და არამხოლოდ ამ სიამოვნებისაგან - თავის შეკავება. სანამ მზე ანათებს, მძიმე მარხვაა ხოლმე ისლამურ სამყაროში. გიამბობთ განსაკუთრებით რთულ პირობებზე, რომელშიც უწევდაც მაჰმადიანებს მარხვა პოლარული დღეების პერიოდში ფინეთში, პოლარული წრის მიღმა, სადაც ამ დროს მოსაღამოვებულზე მზე ჰორიზონტთან თავის ყველაზე დაბალ წერტილს აღწევს და მაშინვე კვლავ ამოდის ხოლმე. პოლუსებთან ახლოს კი მზე აღარ ჩადის დიდხანს, დიდხანს, მთელი „დღე და ღამე“. ეს არის პერიოდი, როცა პოლუსებზე შუაღამისას მზე მოჩანს. რამადანი მთვარის კალენდრის თვეა და, საერთო მსოფლიო კალენდრით, წელიწადის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება იყოს. წელს, პირველად 1980-იანი წლების შემდეგ, რამადანი ზაფხულის ცხელ პერიოდს დაემთხვა. 8 აგვისტოს ის დასრულდა საზეიმო დღით, რომელსაც არაბულად „იდ ფიტრი“, თურქეთში „ურადა ბაირამი“ ჰქვია და ქართულად ხსნილის დღესასწაულად იწოდება. ამ დროს, გაგანია ზაფხულში, ჩრდილოეთის ნახევარსფეროში დღეები ისედაც გრძელია და უკიდურეს ჩრდილოეთში კი, როგორც ითქვა, მზე ლამის აღარ ჩადის. ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი ჩრდილოეთის განედის 60 გრადუსზე მდებარეობს. ის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია. აქ მზე საღამოს თერთმეტის ნახევარზე ჩადის და მალევე, რამდენიმე საათში, ამოდის.

ათი წელია ჰელსინკიში ცხოვრობს რამილ ბილალი, ეთნიკური თათარი, მუფთი, მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომელიც ჩვენს თათარ კოლეგას, ლანდიშ ხარასოვას უამბობს, როგორ რჩებოდა ფინეთში მცხოვრებ მაჰმადიანს წელს, რამადანის პერიოდში, მხოლოდ სამი-ოთხი საათი სასმელ-საჭმელად, როგორ უჭირდა ბევრს და როგორ ცდილობდნენ ისინი გამოსავალი მოეძებნათ კომპრომისების სახით:

ფინეთში, ჩრდილოეთის ქალაქებში, სადაც ღამეები კიდევ უფრო მოკლეა, მხოლოდ ერთი საათი, მაჰმადიანები მარხულობენ მეზობელი, ახლოს მდებარე სამხრეთის ქვეყნების დროით. ამდენად, მორწმუნეები მარხვისას სამ-ოთხსაათიან შესვენებას აკეთებენ...
„წელს ჩვენი თემის წევრები შევთანხმდით, რომ მარხვის დაწყებას ყველა პირველივე დღეებში შეეცდებოდა. თუ ვინმესთვის უსმელ-უჭმელად ყოფნა 20 საათს ძალიან დიდი დროა, მან შემდეგ ერთი დღით მეტ ხანს უნდა იმარხულოს. შესაძლებელია, ასევე, შეწყვიტო და ამის ნაცვლად მარხვა უკვე ზამთარში დაიცვა. მრევლს შევთავაზეთ კიდევ ერთი შესაძლებლობა: ემარხულათ საუდის არაბეთის დროით. იფთარი, ვახშამი, საუდის არაბეთში საღამოს შვიდზე, შვიდის ნახევარზეა. ამ დროს ჰელსინკიში ათი, ათის ნახევარია. ზოგიერთი მაჰმადიანი მორწმუნისთვის ამ სამ საათს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

როცა 80-იან წლებში პირველად დაემთხვა რამადანი ზაფხულის პერიოდს, ანუ როცა მარხვა ხანგრძლივი დღის განმავლობაში უნდა დაეცვათ, სკანდინავიაში მცირე რაოდენობის მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. ახლა მხოლოდ ფინეთში 60 ათასი მუსლიმია - თურქები, არაბები, თათრები, ბოსნიაკები. ჩრდილოეთში მაჰმადიანური წესით მარხვის დაცვას ზაფხულში თავისი უპირატესობაც აქვს, რადგან იქ არცთუ ძალიან ცხელა და უწყლოდ გაძლება უფრო იოლია. ჰელსინკიში წელს რამადანის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებითი 24 გრადუსს აღწევდა. ამ დროს მექაში, მაჰმადიანთა უწმინდეს ადგილზე, 38 გრადუსიანი პაპანაქება იყო. თვითონ ბილალი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, დაიბადა. ჩრდილოეთში - კერძოდ, ფინეთში - მცხოვრებთა გამოწვევებზე ის შემდეგს გვიამბობს:

„ფინეთში, ჩრდილოეთის ქალაქებში, სადაც ღამეები კიდევ უფრო მოკლეა, მხოლოდ ერთი საათი, მაჰმადიანები მარხულობენ მეზობელი, ახლოს მდებარე სამხრეთის ქვეყნების დროით. ამდენად, მორწმუნეები მარხვისას სამ-ოთხსაათიან შესვენებას აკეთებენ. მე პირველად დავიცავი მარხვა ჩრდილოეთში, 20 საათიანი მარხვა პირველად გამოვცადე. მეგონა, უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ ალაჰის ნებით, დავძლიეთ. უფრო იოლი გამოდგა, ვიდრე ველოდი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG