Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონიო მანფრედი: "სურათების განადგურებით კულტურისთვის ვზრუნავთ"


იტალიაში ყოველთვიურად ხუთი მუზეუმი იხურება, ამბობს ანტონიო მანფრედი, თავად დირექტორი და დამაარსებელი სამხატვრო მუზეუმისა ნეაპოლთან, კაზორიაში. კულტურის მიმართ პოლიტიკის უყურადღებობამ ის მიიყვანა იდეამდე, დაწვას მის მუზეუმში დაცული ნამუშევრები. მანფრედის პერფორმანსის, “ნახატწვის“ მიზანია, შეცვალოს იტალიელი პოლიტიკოსების მენტალიტეტი. მანფრედის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნებისაა, მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ათასამდე ნამუშევარი აქვს შეგროვებული. მუზეუმის და რეგიონში კულტურის გადარჩენის მიზნით განადგურებულ ნამუშევრებს შორის პირველი მისი საკუთარი ობიექტი იყო - თავის დროზე ვენეციაში, ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევარი. ახლა კვირაში სამჯერ თითო ტილო დაიწვება.

თუ აქ მარტო ხარ, ძალიან ძნელია. თუ არ გაქვს მხარდაჭერა პოლიტიკოსებისგან, რისკზე მიდიხარ. მსოფლიოს ხელოვანებმა იციან აქაური პრობლემები. იტალიაში ყოველ თვეში ხუთი მუზეუმი იხურება. ჩვენ ეს არ გვსურს. ამიტომაა ჩვენი რევოლუცია მცდელობა, შევცვალოთ იტალიელი პოლიტიკოსების მენტალიტეტი“, ამბობს მანფრედი, რომელიც იმ განცდაზე ლაპარაკობს, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა წვავს ხელოვნების ნიმუშს:

„საშინელია, ძალიან საშინელი. მე ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ის ჩემი დაარსებულია. შვიდი წელი ვმუშაობდი ამისთვის. თითოეული ნამუშევარი ჩემი ცხოვრების ნაწილია. საშინელი განცდაა განადგურება, ძალიან ცუდი განცდაა.“

თითოეული ნამუშევარი ჩემი ცხოვრების ნაწილია. საშინელი განცდაა განადგურება
ანტონიო მანფრედი

მანფრედი იმ ხელოვანებთან, რომელთა ნამუშევრებსაც ანადგურებს, შეთანხმებულია, აქვს სია. ამ სიაში არიან თვით იტალიელი, გერმანელი, ბრაზილიელი, ეგვიპტელი, ბერძენი და სენეგალელი მხატვრები, რომელთა ნამუშევრები გაქრება, დაიწვება. ავტორებს საშუალება აქვთ ან დაესწრონ, ან სკაიპის მეშვეობით ადევნონ თვალყური საკუთარი ნამუშევრის დაწვას. მათ შორისაა გერმანელი მხატვარი ასტრიდ შტიოფჰაზი:
ასტრიდ შტიოფჰაზი
ასტრიდ შტიოფჰაზი

„თავიდან ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მუზეუმის ამბები უკვე რამდენიმე წელია ვიცი. ვიცოდი, რომ უშედეგოდ ცდილობდნენ ახალი სათავსოების შოვნას, ფინანსების მოპოვებას იმისათვის, რომ სულ არ დახურულიყო. ამიტომ თავიდან ბევრი ვიფიქრე, შოკში ვიყავი. ხელოვნების ნიმუშების დაწვა მძიმე საკითხია, ეს ტაბუა, ძალიან ცუდია, მაგრამ თუ დაეხმარებოდა საქმეს, თუ ეს ბოლო შესაძლებლობაა, ვიფიქრე, ნამუშევრები მუზეუმის საკუთრებაა, რაც სურს, ის უნდა ქნას-მეთქი, და გადავწყვიტე თანხმობა მეთქვა.“

ასტრიდ შტიოფჰაზის თქმით, ეს რთული რეგიონია. მუზეუმს პრობლემები ჰქონდა მაფიასთან. იქ, რეგიონში, მუზეუმის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ეს მუზეუმი იქაურობისთვის მარგალიტია, განსაკუთრებული რამ არის. ის იქ მცხოვრებლებს წინსვლაში ეხმარება. მშვენიერია იმის ყურება, როგორ დადიან ისინი ვერნისაჟებზე. იქ ვინც მიდის, ხელოვნებასთან ხშირი შეხვედრის შესაძლებლობა არა აქვს. ეს მუზეუმი მართლაც რაღაც განსაკუთრებულია იქაურობისთვის.“

რაც შეეხება უშუალოდ მუზეუმს, მისი დონე შტიოფჰაზისთვის ცნობილია - დონე, ჩემი აზრით, ძალიან მაღალიაო, ამბობს ის და მანფრედიზე გვესაუბრება:

იქნებ სურს სარკეში დაანახვოს მათ, თუ რა საშინელებაა ეს... სურს გამოსაფხიზლებლად შეაჯანჯღაროს
ასტრიდ შტიოფჰაზი

„იქნებ სურს მათ საკუთარი თავი დაანახვოს სარკეში. ნამუშევრების დაწვა ხელოვნებაში პერფორმანსია. იქნებ სურს სარკეში დაანახვოს მათ, თუ რა საშინელებაა ეს; სურს აჩვენოს, რა შეუძლია; სურს გამოსაფხიზლებლად შეაჯანჯღაროს.“

შეჯანჯღარება რომ საქმეს ყოველთვის არ შველის, მით უმეტეს, ასეთი ფორმით, კარგად იცის ჩემმა კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, რომელსაც ფლორენციაში დავურეკე. ეს გია ბუღაძეა, მხატვარი, პედაგოგი, რომელმაც საკმაო ხანს იმუშავა სამხატვრო აკადემიის რექტორად. გია ბუღაძემ ამგვარი აქტის - ხელოვნების ნიმუშთა დაწვის - ისტორია იცის:

„მოგეხსენებათ, იყო ასეთი კაცი, ბერი დომინიკანური ორდენისა, ჯიროლამო სავონაროლა, რომელმაც დააარსა მედიჩების, თუ შეიძლება ასე ითქვას, კლანური მმართველობა და შემდგომ ასეთი რიტუალიც კი შემუშავდა - „ამაოებათა დაწვა“, დაწვა იმისთვის, რომ რაც წარმავალია, განადგურდეს და ამით უფრო სერიოზულს მიექცეს ყურადღება... თუ ღრმად ჩავხედავთ ფაქტს, ანალოგიას აბსოლუტურს აღმოვაჩენთ. დიახ, ამით, ამ ნამუშევრით, რომელსაც ეს ადამიანი წვავს, უფრო მთავარზე მიგვაქცევინებს ყურადღებას - იმაზე, რომ არტისტულ სულს, შემოქმედებით სულს, ხელოვნებას საზოგადოებისგან ყურადღება არ ექცევა.“

ჯიროლამო სავონაროლას ამბავს იხსენებს გია ბუღაძე და გვეუბნება, საზოგადოება მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ასეთი აქტი მიიღოს როგორც მაშოკირებელი ფაქტი, თორემ შედეგი საპირისპირო იქნებაო.

მანფრედი, მუზეუმის დირექტორი, თავის მიზანს ასე განმარტავს:

თუკი საზოგადოება მართლაც ყრუ იქნება და მართლაც ჩლუნგი მხატვრული პროცესის, არტისტული პროცესის მიმართ, ბუნებრივია, არტისტები - და არა მარტო არტისტები, გალერისტებიც - მიმართავენ ყურადღების მისაპყრობად ასეთ საკმაოდ აგრესიულ სტრატეგიას.
გია ბუღაძე

„მინდა, რომ პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რა რთულია მუზეუმის ორგანიზება ნეაპოლის მახლობლად. პრობლემები გვაქვს კამორასთან, მაფიასთან, ასევე ნაგვის მხრივ. ძალიან რთულია აქ კულტურის კეთება. მინდა ამ ხალხმა დაინახოს, რა რთულია ეს და ის, თუ რა მნიშვნელოვანია იტალიისთვის კულტურა.“

მუზეუმის დირექტორი იტალიის მთავრობას ახასიათებს და გვეუბნება, რომ, კრიზისის მომიზეზებით, იტალიაში ხელისუფლება უარს ამბობს კულტურაზე. თვითონ მანფრედი წლებია იბრძვის დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ:

„ახალი მთავრობა იტალიაში არც მემარცხენეა, არც მემარჯენე. იტალიას მხოლოდ კულტურა გააჩნია და თუ ამისთვის მთავრობა ფულს არ გაიღებს, ძალიან ცუდია.“

ჩანს, რომ ეს მანფრედის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ამბავია. ამიტომაცაა, რომ ის თავის აქციას რევოლუციურს უწოდებს:

„ხელოვნების იმ ნიმუშების ავტორები, რომლებსაც მე ვანადგურებ, თანახმანი და მომხრენი არიან ამისა. ეს რევოლუციაა და რევოლუციაში შეიძლება ადამიანები დაიხოცონ. ამ განადგურებით ჩვენ კულტურისთვის ვზრუნავთ.“

გია ბუღაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში - ფლორენციაში - იმყოფება, ნეაპოლის მახლობლად მხატვრული ნამუშევრების დაწვაში ტრადიციასაც ხედავს და თანამედროვეობასაც და ამბობს, თუ საზოგადოება მართლაც დაყრუვდა და დაკარგა კულტურის მიმართ ინტერესი, ასეთი აქტები კვლავაც მოსალოდნელი იქნებაო:
გია ბუღაძე
გია ბუღაძე

„თუკი საზოგადოება მართლაც ყრუ იქნება და მართლაც ჩლუნგი მხატვრული პროცესის, არტისტული პროცესის მიმართ, ბუნებრივია, არტისტები - და არა მარტო არტისტები, როგორც ხედავთ, გალერისტებიც - მიმართავენ ყურადღების მისაპყრობად ასეთ საკმაოდ აგრესიულ სტრატეგიას. ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან მძიმე ასატანი იქნება თავისთავად, მაგრამ, ამავე დროს, დამაფიქრებელიც.“

გიუ ბუღაძემ, ბუნებრივია, კარგად იცის, რას განიცდიან მხატვრები, რას განიცდის მუზეუმის დირექტორი და მას არ ეგულება დედამიწის ზურგზე ხელოვანი, თუნდაც ფინანსურად წარმატებული, რომელსაც არ ექნება შინაგანი პროტესტის გრძნობა, უკმარისობის გრძნობა, საზოგადოების სიყრუის გამო.

იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად ხელოვნების ნიმუშების დაწვა გაგრძელდება, სანამ, როგორც ანტონიო მანფრედი ამბობს, დახმარება არ მოვა. ანუ მსხვერპლშეწირვა - გაწირვა მნიშვნელოვანისა კიდევ უფრო მნიშვნელოვანის გადასარჩენად - გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG