Accessibility links

logo-print

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საუბარი, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში


იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ერთობლივი განცხადებების გარდა, იოჰანეს ჰანმა უპასუხა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც, რომლებიც ძირითადად უსაფრთხოებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს შეეხებოდა.

საქართველოში ამ თვეში მეორედ ვარ ვიზიტით და ამით ძალიან მოხარული ვარო, - განაცხადა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან ერთად საქართველოში ყოფნის შემდეგ შემუშავებულ დოკუმენტში შესაძლებელია იმის ნახვა, რომ, სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორობის ფარგლებში, ყურადღება მახვილდება უფრო მეტ უსაფრთხოებაზე, საუბარია ეკონომიკური განვითარების მეტ ხელშეწყობაზე. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყანაში სტაბილურობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას, ენერგოსატრანსპორტო პროექტების, მიგრაციის საკითხებს და ეკონომიკურ გაძლიერებას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება, იოჰანეს ჰანმა ისაუბრა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც.

„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ, არის თუ არა ქვეყანა მზად მის მისაღებად. ჩვენ არ ვარჩევთ, დიდია ეს ქვეყანა თუ პატარა, ტერიტორიულად ახლოს არის ევროკავშირთან თუ არა. მინდა ვთქვა, რომ საქართველო კარგად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ვიზის ლიბერალიზაციის იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მაგრამ მჯერა, რომ პოზიტიური შედეგი იქნება. ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. უნდა გავიგოთ, რომ ამას დრო სჭირდება", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ქართველმა ხალხმა უნდა მოვიპოვოთ. ეს გავლენას მოახდენს თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე და განაპირობებს მეტ კულტურულ კავშირს ევროპასა და საქართველოს შორის:

„ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს. მე მინდა გითხრათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგ საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი, დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რეფორმები, გახდა ასოცირების ხელშეკრულება. საქართველო უნდა იყოს უფრო აქტიურად წარმოდგენილი ევროპულ პროცესში და ევროპა უნდა იყოს უფრო აქტიურად წარმოდგენილი საქართველოში“.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირუთვნელ შესრულებაზე დასვა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

„ჩვენ ხაზი გავუსვით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას ჩვენი მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დადებითი ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. ევროკომისართან ვისაუბრეთ ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნეთ, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, საქართველო გახდეს ე. წ. რეგიონალური „ჰაბი" და არსებითი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკული რესურსების მიწოდების, ტრანზიტის გზების დივერსიფიკაციისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხელშეწყობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი გარემო და მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება იყო იოჰანეს ჰანთან სამოქალაქო სექტორის შეხვედრის განხილვის თემებიც. ოპიზიციური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლებას მართებს გონიერება იმისთვის, რომ დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვას არ შეეშალოს ხელი. ამის თაობაზე გიგა ბოკერიამ და ირაკლი ალასანიამ ილაპარაკეს.

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

როგორც ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს დარჩა შთაბეჭდილება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის მოსმენისას, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობა დამოკიდებული იქნება უფრო მეტად საერთო ღირებულებებზე, ვიდრე ეკონომიკურ ურთიერთობებზე:

„პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ბატონი კომისრის, ჰანის, დისკურსიდან, არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებზე, სექტორალურ ინტერესებზე. ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ფასეულობები, მისივე განცხადებით, არის და რჩება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და ნებისმიერი სახის მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, განისაზღვრება როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით, ასევე ფასეულობითი ფაქტორებით“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG