Accessibility links

logo-print
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევამ საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის განსხვავებული ჯგუფები მოიცვა. კვლევის საგანი არაგადამდებ დაავადებათა გავრცელებისა და მათი გამომწვევი რისკფაქტორების დადგენა იყო.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორის ნინო შუშანიას განმარტებით, ეს არის საქართველოში მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევის პირველი პრეცედენტი, რომელმაც შეძლებისდაგვარად ისეთი ჯგუფები მოიცვა, როგორიცაა: იძულებით გადაადგილებული მიგრანტები, დაბრუნებული მიგრანტები, უცხოელი მიგრანტი სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები, ტრეფიკინგით დაზარალებული პირები და უცხოელი მიგრანტი პატიმრები. კვლევის მიზანი, მოსახლეობის ამ ჯგუფებში არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების და დაავადებათა გამომწვევი რისკფაქტორების დადგენის გარდა, იყო ასევე მიგრანტთა ფსიქოსოციალური საჭიროებების ცოდნა და ქცევა არაგადამდები დაავადებების შემთხვევებში. ნინო შუშანია აღნიშნავს, რომ არაგადამდებ დაავადებათა გავრცელებისა და რისკფაქტორების თვალსაზრისით, კვლევის შედეგების თანახმად, განსხვავება ადგილობრივ მოსახლეობასა და მიგრანტებს შორის პრაქტიკულად არ არის. თუმცა ისინი, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მაინც მეტად მოწყვლად კატეგორიად მიიჩნევიან. ნინო შუშანია ამბობს, რომ იგივე მდგომარეობაა ფსიქოსოციალური საჭიროებების მხრივაც:
მაგალითად, ჰიპერტენზიის, არტერიული წნევის ძალიან მაღალი მაჩვენებლები. არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებლებია ზოგად პოპულაციაში, მაგრამ ძალიან გამოიკვეთა ეს პრობლემა მიგრანტთა პოპულაციაში ...

”ყველა ჯგუფს გააჩნია გარკვეული ფსიქოსოციალური საჭიროებები, რომელიც მნიშვნელოვანია დაკმაყოფილებული იქნეს. უბრალოდ, ჯგუფიდან ჯგუფის მხრივ რომ გაკეთდეს შედარებითი ანალიზი, ეს საჭიროებები განსხვავდება. ასევე რაც შეეხება ფსიქოსომატურ გამოვლინებებს, აბსოლუტურად ყველა ჯგუფს გააჩნია ეს გამოვლინებები და შესაბამისი სიმპტომატიკა - ისევ და ისევ ჯგუფების მიხედვით განსხვავდება ეს. და რაც შეეხება ცოდნას, დამოკიდებულებასა და პრაქტიკას არაგადამდები დაავადებების მიმართ, ცოდნის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა.”

კიდევ უფრო აკონკრეტებს კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ზოგიერთ ტენდენციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ნატა ავალიანი:

”მაგალითად, ჰიპერტენზიის, არტერიული წნევის ძალიან მაღალი მაჩვენებლები. არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებლებია ზოგად პოპულაციაში, მაგრამ ძალიან გამოიკვეთა ეს პრობლემა მიგრანტთა პოპულაციაში. სხვა მხრივ, ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა თამბაქო, ასევე გავრცელებულია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ჰიპერტენზიისას ძალიან წარმოჩნდა ეს ფაქტორი, მაგრამ საინტერესო იქნება ამ კვლევის მონაცემების კიდევ უფრო ჩაღრმავებული ანალიზი, სხვადასხვა ფაქტორების ერთმანეთთან შედარება.”

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვლევა წაადგება მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ადეკვატური ღონისძიებების დაგეგმვას ...
ნატა ავალიანის შეფასებით, კვლევის შედეგები ერთგვარად ხელს შეუწყობს მიგრანტთა ჯგუფების ინტერესებზე მორგებული აქტიური სახელმწიფო ღონისძიებების წარმართვას - მაგალითად, უცხოელი მიგრანტებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მათ მშობლიურ ენაზე და სხვ. საქართველოში მიგრანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვათა შორის, კვლევის შედეგების საფუძველზეც იმედოვნებს, თავის მხრივ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სათავო ოფისის მიგრაციისა და ჯანმრთელობის განყოფილების კვლევებისა და ეპიდემიოლოგიის საკითხთა კოორდინატორი პუნამ დავანი:

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვლევა წაადგება მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ადეკვატური ღონისძიებების დაგეგმვას. კვლევამ გამოავლინა მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის ამსახველი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლები, რომლებიც შემდგომში, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება მიგრანტთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ”

მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.
XS
SM
MD
LG