Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგზაური ირანში


ირანი
ირანი

რუბრიკა „მოგზაურის“ სტუმარი ხელოვანი გიორგი პაპალაშვილია, რომელთან ერთადაც ირანში ვიმოგზაურებთ.

ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ, თუ რატომ გადაწყვიტა გიორგიმ ირანში ავტოსტოპით წასვლა, რას ელოდა და რა დახვდა, როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ტურისტების მიმართ და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

„მომწონდა აღმოსავლური კულტურა, ბევრს ვკითხულობდი მის შესახებ და მინდოდა ჩემი თვალით მენახა. მედია ბევრს წერს იმის შესახებ, რომ ირანში ხალხი დაჩაგრულია კანონების მიერ. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თვალით მენახა ეს ყველაფერი და გავცნობოდი იქაურ კულტურას. მოლოდინი მქონდა, რომ ირანში იყვნენ ტერორისტები და იყო ჩაკეტილი სივრცე, საიდანაც არანაირი ინფორმაცია არ გადის, მაგრამ დამხვდა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია - ადამიანების გახსნილი ჯგუფი, რომლებიც აზროვნებენ ისე, როგორც საქართველოში ან, თუნდაც, ცენტრალური ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

ელემენტარული სიმღერის უფლება არ აქვთ. სწორედ ეს არის ჩემთვის შთამბეჭდავი. იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება სუნთქვაც კი აკრძალული ჰქონდეთ, აკეთებენ იმას, რაც უნდათ“.

ავტოსტოპით წასვლა გაცილებით მარტივია ირანში, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. მეორე სტერეოტიპი დაინგრა: თეირანი არის ძალიან უსაფრთხო, ხალხის მხრივ. როდესაც არ ჩანს პოლიცია, ხალხი არის მეგობრული...
გიორგი პაპალაშვილი

ავტოსტოპით მოგზაურობის სერვისი უცხო არაა. პირადად მე თუ საქართველოში მიწევს მოგზაურობა, ვცდილობ ავტოსტოპით ვიმგზავრო. ვზოგავ ბიუჯეტს და, უმეტეს შემთხვევაში, ვმგზავრობ კომფორტულად. გიორგი ირანში სწორედ ამ მომსახურებით წავიდა:

„ავტოსტოპით წასვლა გაცილებით მარტივია ირანში, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. მეორე სტერეოტიპი დაინგრა: თეირანი არის ძალიან უსაფრთხო, ხალხის მხრივ. როდესაც არ ჩანს პოლიცია, ხალხი არის მეგობრული. ისე კი, ძალიან ქაოსურია ქალაქი. მე შეიძლება ეს მომწონდეს კიდეც, მაგრამ ბევრისთვის ძალიან დამღლელია. ჩემი ერთ-ერთი ჰოსტი იყო ბიჭი, რომელსაც ჰყავდა შეყვარებული. იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთთან შეხება კანონით ეკრძალებოდათ, ქუჩაში მაინც ხელიხელგადახვეული დადიოდნენ. გოგოს პროფესია ჩემთვის იყო გმირობა: ბალეტს ასწავლიდა“.

2 კვირა ირანში, სახარჯოდ მხოლოდ 20 დოლარი... დაუჯერებლად ჟღერს, ვიცი, მით უმეტეს მაშინ, როცა თეირანში ცხოვრება საკმაოდ ძვირი ღირს:

„ბიუჯეტს რაც შეეხება, გააჩნია, რას მოველით მოგზაურობიდან. თუ გვინდა კომფორტი, თეირანი ძვირი ქალაქია. მქონდა, დაახლოებით, 20 დოლარი 2 კვირის განმავლობაში და 10 დოლარი უკან ჩამოვიტანე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასდროს გადამიხდია ბილეთის ფული. იმიტომ არა, რომ ქართველი ვარ და შეიძლება კულტურაშიც გვქონდეს ეს. ავდიოდი თუ არა, ხვდებოდნენ, რომ ტურისტი ვარ და თითქმის ყველა მიხდიდა მგზავრობის ფულს. შესაძლოა გარისკო ძალიან მცირე ბიუჯეტით წასვლა, მაგრამ თუ ცოტა კომფორტი მაინც გინდა, მაშინ ძვირი ქალაქია თეირანი“.

იქ ხომ ყველაფერი იკრძალება. ასევე იკრძალება ფოტოების გადაღება. ამის შესახებ ვიცოდი და თეირანში პრობლემა არ მქონია, მაგრამ პრობლემა შემექმნა საზღვარზე...
გიორგი პაპალაშვილი

თუ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დროს ერთ-ერთი პირველი ნივთი, რომელიც მიგვაქვს, ფოტო და ვიდეოკამერაა, ირანის შემთხვევაში პირიქით არის. სწორედ ფოტოკამერის გამო მოხვდა ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში ჩვენი სტუმარი:

„იქ ხომ ყველაფერი იკრძალება. ასევე იკრძალება ფოტოების გადაღება. ამის შესახებ ვიცოდი და თეირანში პრობლემა არ მქონია, მაგრამ პრობლემა შემექმნა საზღვარზე. მესაზღვრემ დაინახა ჩემი ორი კამერა, გამოიქცა ჩემკენ ყვირილით, ითხოვდა ფოტოები მეჩვენებინა. როდესაც ქუჩის ფოტოგრაფიაზე გადავიდა, მანამდე თუ გაბრაზებული იყო, ამის შემდეგ ვულკანად გადაიქცა. იარაღი გადატენა და მომადო მკერდზე. ვიყავი მე, იარაღმობჯენილი, და თარჯიმანი. არ ვიცი, რამდენად დამიჯერა ჯარისკაცმა, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემი ნათესავები არიან და სამახსოვრო ფოტოებს ვუღებდი, იმისდა მიუხედავად, რომ არ ჰგავდა საოჯახო ტიპის ფოტოებს. კამერები გამიფუჭეს. სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც დაინახავენ პოლიციას.

აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ მუზეუმები და გალერეები. „ფარდის“ მიღმა აღმოაჩენთ თანამედროვე გამოფენებს და ხელოვანებს“.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG