Accessibility links

logo-print

კუბურ ორკესტრ „ირაკერესა“ და მის დამაარსებელ ჩუჩო ვალდესზე საუბარს 80-იანი წლების შუა ხანებიდან გავაგრძელებ - პერიოდიდან, როდესაც წარმატების ზენიტში მყოფმა ანსამბლმა დაღმასვლა დაიწყო როგორც შემოქმედებითი განვითარების, ასევე პოპულარობის კუთხით. „ირაკერეს“ ბგერამ ნოვაციურობა, ხოლო რეპერტუარმა მრავალფეროვნება დაკარგა. მეტიც, კოლექტიური თუ ცალკეულ მუსიკოსთა სოლო იმპროვიზაცია შაბლონური და მეტად მოსაწყენი გახდა. ხსენებულ კრიზისს საბჭოთა კავშირში დაწყებული ე.წ. „გარდაქმნის“ ეპოქაც დაემთხვა, რომლის შედეგადაც კუბელთა არცთუ შესაშური სოციალური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. თავს დატეხილმა სიღარიბემ უფრო მეტად გაამძაფრა „თავისუფლების კუნძულიდან“ თავის დაღწევის სურვილი. გამონაკლისი არც მუსიკოსები ბრძანდებოდნენ. ერთ-ერთი პირველი „ირაკერეს“ სული და გული, მესაყვირე არტურო სანდოვალი გახლდათ, რომელმაც დიზი გილესპისთან ერთად გამართული ამერიკული ტურნეს დროს უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე და, შეიძლება ითქვას, საკუთარი მუსიკალური კარიერა გადაარჩინა.

დიახ, „ირაკერემ“ თავი ამოწურა. თუმცა მისი დაშლის ზუსტი თარიღის დასახელება მაინც შეუძლებელია, რადგან ორკესტრის აღსასრულისა და გათითოკაცების პროცესი რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა - ანსამბლის წევრები მსმენელთა თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდნენ. მაგალითად, პერკუსიონისტმა ანგა დიასმა ფრანგულ რივიერაზე დაიდო ბინა, საკუთარი სკოლა გახსნა და ევროპელებისათვის აფრო-კუბური რიტმიკის საიდუმლოებების სწავლება დაიწყო. მისი კოლეგა, არანაკლებ ჩინებული მუსიკოსი ფრან პადილია ესპანეთში გადასახლდა, ფლეიტისტმა კორტესმა კი ფლორიდაში საკუთარი ანსამბლი „NG La Banda“ შექმნა. ერთადერთი, ვინც ანსამბლის ერთგულებას ჯიუტად ინარჩუნებდა, ბასგიტარისტი დელ პუერტო იყო, თუმცა ბოლოს ისიც გატყდა და ფინეთში გაეშურა, სადაც „ირაკერეს“ დარჩენილი არტისტებისგან ბენდი, სახელად Impacto Cubano, დააარსა. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ „ირაკერე“ მხოლოდ იმისთვის დაიშალა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პატარ-პატარა აფრო-კუბური მუსიკის კუნძულები შექმნილიყო.

რაც შეეხება „ირაკერეს“ სულისჩამდგმელს, პიანისტსა და კომპოზიტორს ჩუჩო ვალდესს, ის არსად წასულა. 90-იანი წლების მეორე ნახევარში მას ჰავანის ჯაზ-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელობა ანდეს. ამ პოსტზე მან თავი 1997 წელს გამოიჩინა, როცა ჰავანაში ცნობილი ამერიკელი მესაყვირე როი ჰარგრუვი ჩამოიყვანა, რამდენიმე კუბელი არტისტი დაიმატა და დისკი „Habana at the Festival“ გამოუშვა, ერთი წლის თავზე კი ნამუშევარმა მუსიკალური პრემია „გრემი“ დაიმსახურა, ლათინური ჯაზის წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში. დისკზე შესული მასალა ჩუჩო ვალდესის არანჟირებით ჩაიწერა, რომელთა შორის 2 თხზულება “Mr. Bruce” და “Mambo for Roy” მისი საკომპოზიტორო ნიჭის დიდებული ნაყოფი გახლდათ.

მიუხედავად კუბის ერთგულებისა, ჩუჩო ვალდესი მაინც ამერიკული სცენის მოთხოვნად მუსიკოსად რჩებოდა. ცნობილმა ხმის ჩამწერმა სტუდია Blue Note Records-მა მისი რამდენიმე ალბომი გამოსცა, რომელთაგან ერთ-ერთმა - Live at the Village Vanguard - ვალდესს მესამე „გრემი“ მოუტანა. რაც შეეხება კუბაზე გამოცემულ მასალას, საფორტეპიანო სოლო ნამუშევარ „Cancionero Cubano“-სა და 2008 წლის უნიკალურ პროექტს „Juntos Para Siempre“-ს გამოვყოფდი. ეს უკანასკნელი იმითაცაა გამორჩეული, რომ მამა-შვილის, ჩუჩო და ბებო ვალდესების, ერთობლივ ნამოქმედარს წარმოადგენს.

დღეს ჩუჩო ვალდესი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული მუსიკოსია კუბურ თუ ამერიკულ სცენაზე - ასაკის მიუხედავად, ძველებურად ენერგიული და იდეებით სავსე ცოცხალი ლეგენდა ბრძანდება. რაც შეეხება „ირაკერეს“, ის ღირსეულად ატარებს კლასიკური ორკესტრის ტიტულს - მისი ნამოქმედარი დღესაც ახსოვთ და უამრავი დამწყები არტისტისათვის ერთგვარ სახელმძღვანელოსაც წარმოადგენს აფრო-კუბური ჯაზის სამყაროში გზის გასაკვლევად.

XS
SM
MD
LG