Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: გრძელდება მავნე ტრადიცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა


ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

„ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ: იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესში უკვე ჩავრთავთ საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 18 ნოემბერს, გორში თანაპარტიელებთან და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ალასანიას მხედველობაში აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის საქმე, რომელზეც 28 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ექვსი მაღალჩინოსანი დააკავა. ამ და სხვა საკითხებზე ირაკლი ალასანიას კობა ლიკლიკაძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ბატონო ირაკლი, თქვენ ამას წინათ თქვით, რომ ბოლო გაფრთხილებას აძლევთ განსაკუთრებით პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით და თუ ამ გაფრთხილებამ არ გაჭრა, შემდეგ აპირებთ საქმეში ჩართოთ საერთაშორისო საზოგადოება. სანამ დაგირეკავდით, თვალი გადავავლე ახალ ამბებს და არაფერი თქვენი გაფრთხილების შემდეგ არ შეცვლილა. იქნებ განმარტოთ, როგორ აპირებთ, რა ფორმით და რას ნიშნავს საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა კონკრეტულ საქმეში?

ირაკლი ალასანია: მე როდესაც გორში ვხვდებოდი ჩვენს პარტიულ აქტივს და ასევე გორის მოსახლეობას, იქ აღვნიშნე, რომ დღემდე არ გახსნილა საქმე, დღემდე მას არ მოეხსნა საიდუმლოების გრიფი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, დაცვის მხარეს არ გააჩნია წვდომა მასალებთან. როგორ უნდა განახორციელონ დაცვა ადვოკატებმა, თუ მათ არ აქვთ მასალასთან წვდომის შესაძლებლობა? ეს არის უხეში პროცესუალური დარღვევა, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირაა. ველოდი, რომ ასეთ სერიოზულ დარღვევებს არ გააგრძელებდა პროკურატურა, მაგრამ მათთვის ადვოკატების ეს მოთხოვნები და, ზოგადად, კანონის მოთხოვნები არ არის იმპერატივი. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გავიტან აღნიშნულ უკანონობას საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე. მაქვს შეხვედრები დაგეგმილი უახლოეს ხანებში ვაშინგტონში, ასევე უსაფრთხოების ფორუმზე მექნება შეხვედრა უამრავ მაღალი რანგის საერთაშორისო ლიდერთან, სადაც მე ამ ვითარების გამძაფრებას შევეცდები.

მე მინდა მართლაც ძალიან გულწრფელად გითხრათ, რომ იმ შეფასებებში, რომელსაც ნატო, ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ საქართველოში რეფორმებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი და, მე ვიტყოდი, ქმედითი წვლილი მინისტრთა კაბინეტში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს გვაქვს შეტანილი...

რადიო თავისუფლება: როგორ აპირებთ საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურში ჩაყენებას იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მრავალ ოფისში შეაქეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ხოლო თავად ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურაზე არავითარ ზემოქმედებას არ აქვს ადგილი. ანუ მთავრობა არწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პროკურატურა ღიად მუშაობს. ამ ფონზე ხომ არ გაგიჭირდებათ თქვენი სიმართლის მიტანა საერთაშორისო საზოგადოებამდე?

ირაკლი ალასანია: მე მინდა მართლაც ძალიან გულწრფელად გითხრათ, რომ იმ შეფასებებში, რომელსაც ნატო, ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ საქართველოში რეფორმებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი და, მე ვიტყოდი, ქმედითი წვლილი მინისტრთა კაბინეტში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს გვაქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, სანდოობა ჩვენს მიმართ, როგორც პოლიტიკური ლიდერების მიმართ, არის ძალიან მაღალი და ამას გულწრფელად გეუბნებით. და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს აღქმას რეალობისა აქვს განსაკუთრებული ყურადღება მინიჭებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მე მიწვეული ვარ უსაფრთხოების ფორუმზე ჰალიფაქსში, სადაც მთხოვეს მესაუბრა როგორც რეგიონის უსაფრთხოებაზე, ისე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ამიტომ ხმის მიწვდენა და დამაჯერებლობა ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

მაგრამ რადგან [პრემიერ-მინისტრის] ეს ვიზიტი ახსენეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც სამთავრობო დელეგაციამ განახორციელა ბრიუსელში და, ბუნებრივია, ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს დასავლეთის ასეთ აქტიურ და ქმედით მხარდაჭერას ჩვენი გეგმების განხორციელებაში და მხარს ვუჭერთ, საქართველოს მთავრობას და ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას. მე ძალიან გამიხარდა, რომ შევნიშნე ბევრად უფრო გამოცოცხლებული რიტორიკა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულად ნატოსთან დაკავშირებით და კონკრეტულად, ასევე, იმ საფრთხესთან დაკავშრებით, რაც მომდინარეობს რუსეთის აგრესიული ქმედებებით. და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოფხიზლების ზარი შემოკრა როგორც საერთაშორისო, ისე ჩვენს შიდა პოლიტიკურ სივრცეში.

მე მინდა დავიჯერო და სურვილი მაქვს, რომ ის გეგმები, რაც კონკრეტულად თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღების კუთხით ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლებას და ასევე ნატოსა და საქართველოს ერთობლივი ინფრასტრუქტურის ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, შეუფერხებლად განვითარდება და მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი და ყველანი საქართველოში ვიქნებით უფრო დაცულები, როდესაც ეს პროექტები დასრულდება.

რადიო თავისუფლება: ბატონო ირაკლი, თქვენ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაკორექტული ეპითეტებით შეგამკოთ, ხოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და, ყველას შეფასებით, საქართველოში ყველაზე გავლენიანმა კაცმა, აღნიშნა, რომ აქვს შეკითხვები ამ ე.წ. კაბელების ტენდერის კანონიერებაზე. მინდა გკითხოთ, იყო თუ არა თქვენი მხრიდან რაიმე პროცესუალურად დარღვეული, რაც უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ტენდერის დროს?

ირაკლი ალასანია: დავიწყებ პრემიერ-მინისტრის მიერ მეორე დღესვე მთავრობის სხდომაზე გაკეთებული გამოთქმებით, რაც, რა თქმა უნდა, მე შევაფასე, როგორც სახის დაკარგვა და მე, პირიქით, არ მინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს ინსტიტუტი იყოს სახედაკარგული და, აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, არ შევედი ასეთ ტალახის სროლაში. და მე, საერთოდ, მინდა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მართლაც მოიტანოს განსაკუთრებული სიახლე ქართულ პოლიტიკაში, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთში მტერს არ ეძებენ, ერთმანეთში პარტნიორებს უფრო ხედავენ და როდესაც ასეთი ტალახის სროლა ჩაბარდება ისტორიას.

ახლა, რაც შეეხება [ყოფილი] პრემიერ-მინისტრის შეფასებას: მე, რა თქმა უნდა, მისმა ღრმა ცოდნამ ოპერატიული და საიდუმლო მასალების დეტალებისა, კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვი, რომელიც ბევრს აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომ მთელი ეს კამპანია არის პოლიტიკურად მოტივირებული, რათა გაისვაროს პოტენციური კონკურენტი მომავალი არჩევნების პერიოდში. მათ იცოდნენ, მაისიდან მოყოლებული, რომ მე ვაპირებდი „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის ჩატარებას და დაბრუნებას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამასაც ვუკავშირებ, ნაწილობრივ, სამართალდაცვითი სტრუქტურისა და პროკურატურის გააქტიურებას - იმას, რომ ჩემ მიერვე გამოძიებული ერთი წლის წინანდელი საქმე დღეს გაახსენდათ და მეორე დღესვე, როდესაც პოლიტიკური შეფასება მივეცი, იმ საქმეზე ბრალი წაუყენეს რამდენიმე თანამშრომელს. ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ კონტროლის პალატა, ანუ დღეს უკვე აუდიტის სამსახურის ბიურო, ჩემი მოთხოვნით შემოვიდა თავდაცვის სამინისტროში, რათა ერთად გამოგვესწორებინა ის სისტემური პრობლემები, რაც სამხედრო უწყებაში ამ ათი წლის განმავლობაში არსებობდა. ამ პირობებში ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული. ამავე დროს, რაც მე ყველაზე უფრო მეტად მაღელვებდა, ეს იყო დისკრედიტაცია იმ ინსტიტუტისა, რომელიც ყველაზე უფრო თავსებადად აღიარეს, უფრო მეტად დიდ ჯაჭვად არის ჩამოყალიბებული ჩვენსა და ნატოს შორის. თქვენც კარგად იცით, მე მგონი, რომ ტრანსპარენტულობის, ანტიკორუფციული ნაბიჯების გადადგმის, შესყიდვების გამჭვირვალობის კუთხით შეფასებულია უმაღლესად ნატოს კომპეტენტური ორგანოების მიერ და, პირიქით, თქვენ უნდა განავრცოთ ეს სხვა ქვეყნებში, სადაც აკლიათ კომპეტენცია.

ჩემი აზრით, ახლა მეტი საშუალება გაჩნდა ჩვენი პარტიისთვის, „თავისუფალი დემოკრატებისათვის“, რომ პოზიციონირება გააკეთოს ცენტრში. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად განსხვავებული „ქართული ოცნებისგან“, ჩვენ არ გვექნება საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“...

რადიო თავისუფლება: თქვენ ბრძანებთ, რომ არ ენდობით მთავარ პროკურატურას, არ გაქვთ ნდობა არც აუდიტის სამსახურის მიმართ. როგორია თქვენი დამოკიდებულება პარლამენტის „ნდობის ჯგუფისადმი“, რომელიც ამ ე.წ. კაბელებისა და სხვა გასაიდუმლოებული რეზონანსული საქმის გარშემო დღეს იკრიბება პარლამენტში?

ირაკლი ალასანია: იცით, რა, ეს არის მცდელობა, რომ ეს ინსტიტუტი ჩააბან ახლა ჩემს წინააღმდეგ დარტყმებში და შეტევებში. მე ამაზე მაქვს ძალიან მშვიდი დამოკიდებულება. მე ზუსტად ვიცი, ჩემს უწყებაში არ ყოფილა ის დარღვევები, რაზეც ლაპარაკობს პროკურატურა. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა სასამართლოში გადაინაცვლებს საქმე და მოეხსნება საიდუმლოების გრიფი და გამოძიება იქნება გამჭვირვალე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამიტომ მე, სიმართლე გითხრათ, დიდ ენერგიას და დროს ამაზე ფიქრში არ ვხარჯავ. რაც შეეხება მომავალს, არ არის გამორიცხული, რომ ის სისტემური დარღვევები, რაც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა თავდაცვის სამინისტროში და იმის გამოსწორება სწორედ აუდიტის პალატასთან ერთად დავიწყეთ, იქ შეიძლება რაიმე გადაცდომები იყოს, რომელიც არის ნებისმიერ უწყებაში და, ბუნებრივია, ამას სჭირდება სწორი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და არა პიარაქციების დაგეგმვა, როგორც ეს დაგეგმეს პროკურატურამ, ისევე როგორც ეს დააგეგმვინეს აუდიტის სამსახურს. მე ძალიან გული მწყდება, რომ გრძელდება მავნე ტრადიცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა და ტყუილადაც არ აღვნიშნეთ: როდესაც ჩვენ [თავისუფალ დემოკრატებს] მოგვიწია კოალიციიდან გამოსვლა, ვინ შევიდა „ქართული ოცნების“ კოალიციაში? შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი და წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, დავარქვით მას „ნაციონალური ოცნების“ უმრავლესობა.

რადიო თავისუფლება: ბატონო ირაკლი, თქვენ გაემიჯნეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც - ეს აქედანაც ჩანს, ევროპიდან - ახდენს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე და, მეორე მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობაც“ გაკრიტიკებთ და გახსენებთ იმ პიარაქციებსა თუ ბრალდებებს, რომელსაც თქვენ მათი ლიდერების მიმართ გამოთქვამდით. აი, ამ ტურბულენტურ ვითარებაში, რა ნიშის დაკავებას აპირებთ და ისტებლიშმენტის რა ნაწილზე ფიქრობთ აქცენტის გაკეთებას?

ირაკლი ალასანია: ჩემი აზრით, ახლა მეტი საშუალება გაჩნდა ჩვენი პარტიისთვის, „თავისუფალი დემოკრატებისათვის“, რომ პოზიციონირება გააკეთოს ცენტრში. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად განსხვავებული „ქართული ოცნებისგან“, ჩვენ არ გვექნება საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს შევთავაზოთ აბსოლუტურად განსხვავებული ალტერნატივა საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს, რომ წარსული, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლის განმავლობაში, მიუღებელია მისთვის და ასევე მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს, თუნდაც არაფორმალურად, იმართება საქართველოს ხელისუფლება.

XS
SM
MD
LG