Accessibility links

ქვეყნის მოწყობა - ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ალასანიას გათავისუფლების მიზეზი?


ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია. 2012 წლის 9 ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია. 2012 წლის 9 ოქტომბერი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ქვეყნის ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი ცნობილია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განმარტების თანახმად, ირაკლი ალასანიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა, კოალიციის ლიდერთან შეუთანხმებლად, თავის პარტიასთან დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის განმარტების მიუხედავად, ”ალასანიას საქმეს” სიცხადე მაინც აკლია და, შესაბამისად, თემაც აქტუალობას რამდენიმე მიმართულებით ინარჩუნებს, მათ შორის: ჰქონდა თუ არა ირაკლი ალასანიას თავისი პარტიის პოლიტსაბჭოსთან კოალიციის ლიდერისა და სხვა სუბიექტების გარეშე თათბირის უფლება და მისი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გათავისუფლების საჯაროდ დასახელებული მიზეზი მართლაც იყო თუ არა ისეთი მნიშვნელობის, რომ მას თავდაცვის მინისტრის მეორე, არანაკლებ პრესტიჟული პოსტი შესწირვოდა?

მიუხედავად იმისა, რომ არც თავდაცვის მინისტრის და, მოგვიანებით, არც პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განმარტებებში მომხდარი ინციდენტის ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის მოდელთან კავშირზე აქცენტი არ გაკეთებულა, ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდით, ეს გაუგებრობა დაკავშირებულია არა პრეზიდენტობის კანდიდატურის მექანიკურად შერჩევასთან, არამედ ქვეყნის მოწყობის შესახებ შეხედულებების ჭიდილთან. როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანია ემხრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკას, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, რომელშიც პრემიერ-მინისტრი სუსტია, კოალიცია ”ქართული ოცნების” დანარჩენი სუბიექტები კი -საპარლამენტო მოდელს, რომელშიც პრეზიდენტია სუსტი, პრემიერი კი ძლიერი. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ კავშირი ეგრეთ წოდებულ ალასანიას სკანდალსა და ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხს შორის გამოჩნდება მას შემდეგ, რაც თავად ბიძინა ივანიშვილი გამოამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას არსებულ მოდელთაგან ერთ-ერთის მიმართულებით.

”ჩემი აზრით, შემთხვევით არ იყო ბატონი ივანიშვილის მიერ დასახელებული ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა, რომელიც, ჩემი აზრით, შიძლება მოიაზრებოდეს მხოლოდ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტად. მაშინ, როცა ალასანიას არ დაუმალავს, რომ მისთვის მისაღებია საპრეზიდენტო მმართველობის სახელმწიფო და, შესაბამისად, მაღალი პასუხისმგებლობებისა და ფუნქციების მატარებელი პრეზიდენტი”.

სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ პრაგმატული პრემიერ-მინისტრისთვის ზედმეტი თავის ტკივილი იქნებოდა საპრეზიდენტო მმართველობაში დაბრუნება და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმა იმისათვის, რომ პირველი პირის თანამდებობა საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში დაიკავოს.

საქართველოს კონსტიტუციის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად განიხილავს, ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შედის. ალასანიასთან დაკავშირებული ინციდენტის გათვალისწინებით, შეძლებს კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარდგომას? თავის მოსაზრებას ამ საკითხზე პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე გვიზიარებს. იგი ამბობს, რომ კოალიციაში უკვე ისეთი სერიოზული წყალგამყოფები და ბზარები გამოჩნდა, რომ მისი სიმყარე, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ გასტანს. სოსო ცინცაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიასთან უთანხმოების მიზეზის სააშკარაოზე გამოტანით სწორად მოიქცა, თავად ირაკლი ალასანია კი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც თქვა, რომ პრემიერ-მინისტრთან მძიმე საუბარი ჰქონდა:

”მძიმე საუბარი პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის, პრემიერსა და ნებისმიერ მინისტრს შორის არ არის მძიმე საუბარი ორ მინისტრს შორის, სადაც შეიძლება პრემიერმა ორივეს ყური აუწიოს და უთხრას, ახლა თქვენ კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდა იცხოვროთო. აქ უკვე, რასაკვირველია, გადადგომა არის ღირსების შენარჩუნების ერთადერთი ფორმა”.

ფორმა - ამ შემთხვევაში კი კოალიციის მართვის ფორმა - გამოჩნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, იმ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა:

”ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიუთითა თავის გუნდს, რომ მისი განზრახვა არ არის მსჯელობა და თავის გუნდის წევრების ჩართვა გარკვეული საკითხების მომზადებაში თუ გააზრებაში. ის გადაწყვეტილება, რაც იყო ალასანიას გადაყენება ვიცე-პრემიერობიდან, იყო, ფაქტობრივად, მისი დასჯა. ეს მან ძალიან ცხადად განაცხადა გუშინ. მისი გუშინდელი გამოსვლა ნამდვილად არ ჰგავდა პოლიტიკოსის გამოსვლას. ეს უფრო რაღაც კლასიკური იტალიური ფილმებიდან მაფიის დონის გამოსვლას ჰგავდა”.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ეს იყო ელემენტარული გაუგებრობა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება დაემართოს.

გიორგი გაბაშვილისგან განსხვავებით, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას საჯაროდ გაკრიტიკებაში ცუდს ვერაფერს ხედავს და ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის დადასტურებად მიიჩნევს:

”ქართული საზოგადოება იმდენად გარიყული იყო პოლიტიკური პროცესებიდან, რომ ყველაფერი მიმდინარეობდა კულუარებში და, შესაბამისად, მხოლოდ გარიგება-შერიგება თუ დაჩაგვრის შედეგები გამოდიოდა გარეთ, რის გამოც საზოგადოება ვერ ახდენდა ჯანსაღ რეაგირებას იმ პროცესებზე, რომელიც წესით საზოგადოების დაკვეთით უნდა მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, სტილი, რომელიც მკვიდრდება და გარკვეულწილად ღია განცხადებები, შიდა კულუარების, ასე რომ ვთქვათ, გამომზეურება საზოგადოებისთვის მისაღებია, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ადეკვატური შეფასებები. აქ მთავარი არ არის, ვინ იყო მართალი, რამდენად შეირჩა ფორმა. მთავარია, რომ საზოგადოებას აქვს საშუალება იმსჯელოს ამ თემაზე”.

გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას, რასაკვირველია, უფლება აქვს თავის პარტიას მოეთათბიროს და თავისი წარმოდგენა ჰქონდეს ქვეყნის მოწყობაზე, თუმცა ფიქრობს იმასაც, რომ საჯარო განმარტებებში საზოგადოებას ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების ზუსტი მიზეზები მაინც არ უთხრეს. გიორგი თავდგირიძე ვარაუდობს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ შიგნით ქვეყნის მოწყობის შესახებ კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ტენდენციების მიმართ ხისტი პოზიცია ფიქსირდებოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG