Accessibility links

logo-print

„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი ეტაპი


ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

თავისუფალმა დემოკრატებმა პარტიის ყრილობა გამართეს რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც კოალიცია “ქართულ ოცნებას” გამოეყვნენ. ყრილობას ორი ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. თავისუფალმა დემოკრატებმა დამსწრეებს გააცნეს პარტიის შემადგენლობაში შესული ცვლილებები და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ 8 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი დღე უწოდეს, რადგანაც ფილარმონიაში გამართულ ყრილობაზე პარტიის ახალ გეზზე უნდა ესაუბრათ. მას შემდეგ, რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამოეყო, ეს მათი პირველი ღია მიმართვა უნდა გამხდარიყო ამომრჩევლებისადმი.

ყრილობა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა, რომელიც 2012 წლიდან პარტიის თავმჯდომარე იყო, ანუ მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 8 ნოემბერს კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ისევ აირჩიეს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერად, თუმცა მანამ, სანამ კენჭისყრა დაიწყებოდა, პოლიტიკოსებმა დამსწრე 2 030-მდე დელეგატს სიტყვით მიმართეს.

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

პირველი გამომსვლელი პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი იყო. მიმართვის დასაწყისში მან თავისუფალ დემოკრატებს თანამოაზრეები უწოდა და ორი პარტიის საერთო ლიბერალურ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ყველა შესაძლო ტიპის სპეკულაციას. მე ამ შემთხვევაში, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა, პარტნიორებად ვრჩებით. ჩვენი ღირებულებები არის ძალიან მსგავსი, ძალიან თანმხვედრი და ეს ყველაფერი იქნება სათავე იმისა, რომ მოვახერხებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე მისვლამდე თქვა, რომ მისი დასწრება არ უნდა აღიქმებოდეს, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას უფრო მეტად ან ნაკლებად ემხრობა. ეს გამოხმაურება იყო კითხვაზე, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა ხუთ ნოემბერს კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოევს - ვის მხარეს დაიჭერენ რესპუბლიკელები? საბოლოოდ, რესპუბლიკური პარტია, „თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა.

ყრილობის მონაწილენი

ყრილობის მონაწილენი

ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინეს პარტიის ახალი წევრებიც: საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე და შალვა შავგულიძე, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში კი „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა.

„ახლა, რამდენადაც თავისუფალმა დემოკრატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არა კოალიციურ რეჟიმში, არამედ დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ერთეულმა, თავიანთ შემდგომ საქმიანობაზე, მე მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან სწორი იქნება, გავიზიარო ეს პასუხისმგებლობა ამ გუნდთან ერთად“, განაცხადა შალვა შავგულიძემ ყრილობის დაწყებამდე. ის მაია ფანჯიკიძესთან ერთად პარტიის 18-წევრიან გამგეობაში შევიდა.

ირაკლი ალასანია კი პარტიის თავმჯდომარედ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა, ნინო გოგუაძემ, წარადგინა. მანამდე კი საკმაოდ გრძელ მიმართვაში მან სახელმწიფოს ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

„ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა საბჭოური ტრადიციისაგან, საბჭოური წარსულისაგან. სწორედ იქ და მაშინ ჩამოყალიბდა და შემდეგ საქართველოშიც დამკვიდრდა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, უუფლებო მოვალეობის დაუწერელი კანონი. თუ ამ მანკიერი გადმონაშთისგან არ გავთავისუფლდით, მაშინ კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობა მიუღწეველი დაგვრჩება“.

მას შემდეგ, რაც პარტიის დელეგატებმა ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარეობას მხარი დაუჭირეს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დამსწრეებს პარტიის გეგმები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანა უნდა მართოს კანონმა და არა ძალოვანმა სტრუქტურებმა, მიზნის მისაღწევად კი მხარს დაუჭერს ნებისმიერ ძალას, ვინც ქვეყანას „დემოკრატიული, დაცული სახელმწიფოს“ აშენებამდე მიიყვანს:

„ჩვენ დღეს სივრცე გავხსენით სათანამშრომლოდ. საქართველოში პოლიტიკაში არ უნდა იყოს სიძულვილი და ერთმანეთის გაუტანლობა. ახლა მთავარი პარტნიორების ძიებაა და არა მოწინააღმდეგეების. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“.

პარტნიორების ძიებამდე კი „თავისუფალი დემოკრატები“ ოფიციალურად უნდა გახდნენ დამოუკიდებელი საპარლამენტო ფრაქცია. ამ საკითხის განხილვა კი ბიუროს სხდომაზე ორშაბათს, 10 ნოემბერს, დაიწყება.

XS
SM
MD
LG