Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას მძიმე მემკვიდრეობა


ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში
საქართველოს მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის ისეთი არმია უნდა ჰყავდეს, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ყველა რეგიონულ გამოწვევას, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა გამართა თავდაცვისა სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან.

ირაკლი ალასანიას წარმატებული მინისტრობისათვის მოტივაციაც აქვს, ცოდნაც და გამოცდილებაც. თუმცა, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის ინსტიტუტის მაღალი გავლენის, არმიის წინაშე მდგარი რთული საერთაშორისო ვალდებულებისა და წინამორბედის ექსტრავაგანტური პოლიტიკის შედეგად დატოვებული მძიმე ფინანსური მემკვიდრეობის გამო, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს პირველ ხანებში მაინც ძალიან გაუჭირდება განვითარების დოქტრინის განხორცილება.


გარღვევა თავდაცვის დეფიციტურ ბიუჯეტში

აღსანიშნავია, რომ ისეთი პარაზიტული, იერარქიული სტრუქტურის მდგრადობას, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, პირველ რიგში ფინანსები განსაზღვრავს. საქართველოს პრეზიდენტი და ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალა ყოველთვის ტრაბახობდა არმიისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით. თუმცა, როგორც „ცისფერი მთების“ გმირი იტყოდა, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს, სამხედრო უწყების „დეფიციტურ“ ბიუჯეტში, სერიოზული „გარღვევა“ დახვდათ.

„პრობლემური საკითხები დაგვხვდა. დაახლოებით 113 მილიონი ლარი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში. ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს შემუშავებული მოსაზრებები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელსაც პრემიერ-მინისტრს მე ორშაბათს გავაცნობ.“

სამხედრო უწყებას აღნიშნული ვალი, როგორც ირაკლი ალასანიამ დააზუსტა, გადახარჯვის, ანუ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების არაგეგმიური და უყაირათო ხარჯვის შედეგად დაუგროვდა.

„დარჩენილია რესურსი – 58 მილიონი, ვალდებულებები კი შესასრულებელია დაახლოებით 171 მილიონ ლარზე.“

თუ როგორ დაგროვდა ამხელა დავალიანება სამინისტროში, რომელიც ხაზინიდან დაახლოებით წელიწადში 700 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტით ფინანსდება, ჯერჯერობით უცნობია. ალასანია ამ საკითხს სწავლობს, მისი წინამორბედი დიმიტრი შაშკინი კი 2 ოქტომბრის შემდეგ გაუჩინარებულია საქართველოდან და „ფეისბუკზე“ მხოლოდ ემოციურ წერილებს აქვეყნებს საკუთარი უმწიკვლო და თავდადებული მოღვაწეობის შესახებ.

თუმცა, ალასანიას წინამორბედი ეტაპითაც რომ ჩამოიყვანონ საზღვარგარეთიდან, 113 მილიონი ლარის დავალინებას ამით არაფერი ეშველება. მოკლედ, ახალ წლამდე, როგორც ეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველ ორ წელს იყო, არმიის რჩენა შესაძლოა ისევ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს მოუწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ შეიარაღებულ ძალებში გამოცხადდეს კარანტინი, დაიხუროს რეზერვისტთა გადამზადების პროგრამები, შეჩერდეს სამხედრო გაწვევა და, ასევე, არმიის საბიუჯეტო კალთას, შესაძლოა, ჩამოცილდეს პროფესიული საკალათბურთო და სარაგბო გუნდები, რომელთა ყოფნა თავდაცვის სამინისტროს კმაყოფაზე სწორედ ახალაია-შაშკინის ნოუჰაუა და პრინციპულად ეწინააღმდეგება დასავლური სამხედრო ძალების ორგანიზაციის პრინციპს.


უალტერნატივო ყოფნა ავღანეთში

მაგრამ კურიოზი ისაა, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს წინააღმდეგი იყო არმიაში სხვადასხვა სამოქალაქო უწყების ამოცანების დუბლირებისა, - ერთბაშად უარს ვერ იტყვის წინამორბედთა მიერ ნაკისრი ამ და სხვა ძვირად ღირებული ვალდებულებების შესრულებაზე. ეს ეხება არა მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტზე ჩამოკიდებულ პროფესიულ სპორტულ კლუბებსა თუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, არამედ გაზრდილ საერთაშორისო მისიასაც ავღანეთში, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. გარდა იმისა, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან, - როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილის ამბობს, - ქართული სახმელეთო ძალების 20% პროცენტი ავღანური მისიის შესრულებითაა დაკავებული.

„ავღანეთში მყოფი 1500 ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი და ოფიცერი, ეს არის დაახლოებით 10 პროცენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების იმ ქვეითებისა, რომლებიც გადანაწილებული არიან ხუთ ბრიგადაში. გარდა ამისა, მათი როტაციის დროს, რაც ყოველ 6-7 თვეში ერთხელ ხორციელდება – ნაწილი მიემგზავრება, ნაწილი უკან ბრუნდება ავღანეთიდან – ამ დროს გამოდის ისე, რომ 10% შეიძლება 20%-მდე გაიზარდოს. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ავღანეთში ნახევარი წლით ნამყოფი ბიჭების ბრძოლისუნარიანობა ძალიან დაბალია, რადგან ისინი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად მოითხოვენ აკლიმატიზაციას და ერთი თვით მაინც დასვენებას“, - ამბობს სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

ავღანეთში ქართული სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლიდან იმყოფება, შეიარაღებული ძალების დანაკარგი კი 18 დაღუპულ და ათობით დასახიჩრებულ და დაინვალიდებულ ჯარისკაცს უდრის. მაგრამ ახალი ხელისუფლება 2014 წლის ბოლომდე დატოვებს გაზრდილ ქვედანაყოფს ავღანეთში და სრულად შეასრულებს ნატოს სარდლობით მოქმედი ISAF- ის წინაშე ნაკისრ ვალდებულებასო, - აცხადებს არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის – „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირკალი ალასანია, რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერსებისათვის დასავლეთის თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება.


არაწინაღდგომა ოცნებისა!

მრავალმილიონიანი საფინანსო დეფიციტი და ქართული ჯარის გრანდიოზული წვლილი ავღანეთის უსაფრთხოებაში, - ახალი თავდაცვის მინისტრის მძიმე მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილია.

არსებობს პრობლემის კიდევ ერთი საგულისხმო პოლიტიკური ასპექტი. ახალი თავდაცვის მინისტრი, შექმნილი პოლიტიკური რეალობის თანახმად, ფაქტობრივად, ორი ბატონის მსახურია. როგორც მთავრობის წევრი, ირაკლი ალასანია პირდაპირ ემორჩილება გამარჯვებული კოალიციის პრემიერ-მინისტრსა და მის თანამოაზრე ბიძინა ივანიშვილს; ამავე დროს, როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, ახალი თავდაცვის მინისტრი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციით შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

ამჟამად სამხედრო ძალებს სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დანიშნული სარდლები უდგანან სათავეში. ეჭვგარეშეა, რომ თუკი პრეზიდენტი შეეცდება შეინარჩუნოს მისდამი ლოიალურად განწყობილი გაერთიანებული შტაბისა და საჯარისო სახეობების სამეთაურო შემადგენლობა, მაშინ ირაკლი ალასანია არმიაში ვერანაირ სისტემურ ცვლილებას ვერ განახორციელებს და იძულებული გახდება უფუნქციო სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის როლს დასჯერდეს. ამბიციური ალასანია კი არც დიმიტრი შაშკინია და არც დავით სიხარულიძე, რომ გენერალური შტაბის შენობას მხოლოდ საკუთარი კაბინეტის სარკმლიდან უყუროს. შექმნილი სიტუაცია თავისთავში შეიცავს კოლიზიის საფრთხეს. თუმცა, შესაძლოა, ზედმეტი დრამატიზებაც არ ღირდეს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღითი დღე კარგავს ძალაუფლებას და გავლენას, რეალურად აღარ შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული მინისტრების მხრიდან წამოსულ მოთხოვნებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG