Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მინისტრის პირველი ბრიფინგი


ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი ვრცელი პრესკონფერენცია გამართა პრემიერ-მინისტრის რანგში. მთავარ პროკურატურაში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, ოპოზიციის ლიდერთა სამართლებრივი დევნა, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა, რუსეთთან ურთიერთობა, საგარეო კურსი, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, არჩევნების დროს გაცემული დაპირებების შესრულება და ასე შემდეგ - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ორი საათის განმავლობაში ილაპარაკა.

პრემიერ-მინისტრმა, ჯამში, 35 კითხვას გასცა პასუხი. ყველაზე მეტი ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, ოპოზიციის ბრალდებებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი დევნის შესახებ ილაპარაკა. პრემიერ-მინისტრის აზრით, კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო:

„გუშინ გავრცელდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება 6,3%. ჩვენ გათვლა გავაკეთეთ 5%-ზე. შარშან გვქონდა 3%-იანი ზრდა. დაღმასვლა იყო, ამაზე იყო ბევრი საუბარი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჰქონდა“.

ჩვენ გავაკეთეთ დაპირებულზე მეტი. 700 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაში. საუბარია 205 მილიონ ლარზე. კიდევ 200 მილიონამდე გაიცა შეღავათიანი აგროსესხები...
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა ერგო სოფლად დასაქმებულთა 50 პროცენტიანი წილისა და იმპორტის მაღალი დონის სახით, ინვესტიციების შემცირებას კი კვალი დაამჩნია არჩევნებთან დაკავშირებულმა არასტაბილურმა გარემომ და პრეზიდენტის დესტრუქციულმა განცხადებებმა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამგვარი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა კოალიციამ ამომრჩევლის წინაშე თავი მაინც არ შეირცხვინა:

„ჩვენ გავაკეთეთ დაპირებულზე მეტი. 700 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაში. საუბარია 205 მილიონ ლარზე. კიდევ 200 მილიონამდე გაიცა შეღავათიანი აგროსესხები. ამის გარდა, 65-მდე საწარმო გაიხსნა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო სტრუქტურების მიერ ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენის გამო პასუხისმგებლობა ასევე წინა ხელისუფლებას დააკისრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ინერციით გააგრძელა წინა ხელისუფლების პრაქტიკა, რასაც, მისივე დაპირებით, სულ მალე მოეღება ბოლო. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტრიგებს დაუკავშირა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციაც. ირაკლი ღარიბაშვილს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან არასანქცირებულად არ გაუყვანიათ. შესაბამისად, ღარიბაშვილი საჭიროდ არ მიიჩნევს გამოძიების ჩატარებას:

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია ფარცხალაძის წინააღმდეგ. არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება. ის კარგად ზის და კარგად იჯდება“.

თუ MAP არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით. ეს არ არის პრინციპული. რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ თუ არ იქნება, ეს არ შეცვლის ჩვენს საგარეო კურსს...
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ვრცლად ილაპარაკა დავით კეზერაშვილისა და წინა ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კეზერაშვილის ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ღარიბაშვილს ასევე ეჭვი არ ეპარება იმ საქმეთა საფუძვლიანობაში, რომლის მიხედვითაც თბილისის მერს 50 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი. პრემიერ-მინისტრმა ასევე ილაპარაკა ქვეყნის საგარეო კურსზე, რომელიც კვლავინდებურად უცვლელია და მიმართულია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ:

„თუ MAP არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით. ეს არ არის პრინციპული. რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ თუ არ იქნება, ეს არ შეცვლის ჩვენს საგარეო კურსს“.

პრემიერ-მინისტრის ვრცელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებისა და ბრალდებების მთავარი ადრესატი. დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დაასახელა 20 მიზეზი იმისა, თუ რატომ შემცირდა ეკონომიკის ზრდის ტემპი. ამასთან, უმცირესობის წევრმა არ გაიზიარა პრემიერ-მინისტრის არც წარსულის ანალიზი და არც პროგნოზი:

არ არის პრემიერ-მინისტრის საქმე როგორ და სად იჯდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი უნდა იყოს ციხეში, რათა მთავარ ოპოზიციურ პარტიას ასე გაუსწორდნენ...
მიხეილ მაჭავარიანი
„პრემიერმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკანასკნელი წლების განმავლობაში გაანადგურა ეკონომიკა. ჩვენ გვინდა შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა 6-7 პროცენტით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მოხდა აჭარაზე სახელმწიფო იურისდიქციის აღდგენა, ამ პერიოდში მოხდა რუსეთის მხრიდან ენერგო, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და სასურსათო ემბარგოს გამოცხადება. ამ პერიოდში მოხდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ამ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ხელისუფლებამ მაშინ გაგვაკრიტიკოს, როცა ჩვენი შედეგების ნახევარს მაინც მიაღწევს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგმა კარგად გამოაჩინა, რომ ხელისუფლება ოპონენტებს პოლიტიკური ნიშნით დევნის:

„არ არის პრემიერ-მინისტრის საქმე როგორ და სად იჯდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი უნდა იყოს ციხეში, რათა მთავარ ოპოზიციურ პარტიას ასე გაუსწორდნენ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი განცხადებით, რომ მოტროსოვის ციხიდან მერაბიშვილის გატაცებაში დეტალურად იყო ინფორმირებული პრემიერ-მინისტრი. მან ზუსტად იცის, როგორ მოხდა, ვინ გააკეთა და, საერთოდ, როგორც ჩანს, ეს დანაშაული მასთან იყო შეთანხმებული“.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი პრესკონფერენციაზე, რომელიც ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა, ასევე განაცხადა, რომ იგეგმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება შვეიცარიაში. მან განაცხადა ასევე, რომ უახლოეს მომავალში არ შეიცვლება მთავრობის შემადგენლობა; ჯერჯერობით ასევე არ შერჩეულა მთავარი პროკურორის კანდიდატურა. პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში, თუმცა დაადასტურა კომუნიკაციის არსებობა თავის წინამორბედთან და ყოფილ ლიდერთან - ბიძინა ივანიშვილთან:

„მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს შეშურდებოდა ისეთი ადამიანისგან რჩევების მიღება, როგორიც არის ბატონი ბიძინა. ჩამოდიან უცხოელები და ათას რჩევას გვაძლევენ. ჩვენ არ ვეკითხებით, მაგრამ ისინი მაინც გვაძლევენ რჩევებს. და რატომ არ უნდა მივიღო ბატონი ბიძინას რჩევები?“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG