Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო ორი დღით გადაიდო


ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოზე, 2012 წლის 20 ნოემბერი
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოზე, 2012 წლის 20 ნოემბერი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო. ამჯერად პროცესის გადადების მიზეზად ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე ამავე საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული ორი პირის გამოუცხადებლობა დაასახელეს, ამ პირების გამოუცხადებლობის მიზეზი კი ის გახდა, რომ სასამართლოს მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის ოთხ ეპიზოდშია დადანაშაულებული - მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 28 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, საქართველოს მართლმსაჯულება ოქრუაშვილს ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ფულის გათეთრების გამო. დღეს სასამართლოს უნდა ემსჯელა ერთ-ერთი ბრალდების შესახებ, რომელიც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ”ქართული პარტიის” თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესის გადადების მიზეზად ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლო პროცესზე საქმესთან დაკავშირებული კიდევ 2 პირის გამოუცხადებლობა დაასახელა. მამუკა ჭაბაშვილის სიტყვებით, მოსამართლეს ამ პირთა დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ამის შესახებ მან ადვოკატისგან შეიტყო და პროცესიც მაშინვე გადადო:
პოზიცია, რომელიც იყო წარდგენილი და დაფიქსირებული პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ, ამ ეტაპზე შენარჩუნებულია ...
არჩილ კბილაშვილი

”წესით და რიგით, როდესაც პირს აკავებენ, დამკავებელმა ორგანომ უნდა აცნობოს იმ ორგანოს, ვისი ძებნილიც არის ესა თუ ის პირი, ანუ პოლიციას უნდა ეცნობებინა სასამართლოსთვის მათი დაკავების შესახებ და მერე უკვე სასამართლო მიიღებდა ზომებს მათ წარმოდგენასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე. მოსამართლემ საერთოდ არ იცოდა აღნიშნული პირების დაკავების შესახებ”.

ირაკლი ოქრუშვილთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს, სხვა დაკავებული პირების ადვოკატი ლალი აფციაური აკონკრეტებს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით გაბრიელ პავლიაშვილისა და თამაზ ბეგიაშვილის დაკავების შესახებ:

”დღეს ვერ წარმოადგინეს 28 ნოემბერს დაკავებული გაბრიელ პავლიაშვილი, ანუ სასამართლომ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის წარმოდგენა და პროცესის გადადების მოტივაცია სწორედ ეს გარემოება გახდა”.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის მუხლით, 2011 წლის ზაფხულში აღძრა, თუმცა მანამადე ის 2007 წელს გამოძალვის, ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ამავე წლის ნოემბერში ის საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, თუმცა 2008 წლის გაზაფხულზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 11-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა. ის პოლიციამ თბილისის აეროპორტში დააკავა.
ახლა პროკურატურის შესაფასებელია, არარსებული მტკიცებულებების მხარდაჭერას გააგრძელებს ისევ თუ მოხსნის ბრალდებას, თუ დაელოდება, რაღაც ეტაპამდე საქმე წარიმართება და მერე ჩამოყალიბდებ ...
ზვიად კორძაძე

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S. -ისთვის მიცემული კომენტარის მიხედვით, არ არის გამორიცხული, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გადაისინჯოს. ამჯერად კი პროკურატურა ოქრუაშვილთან დაკავშირებით მიჰყვება და მხარს უჭერს ბრალდებას, რაზეც პროკურატურა წინა ხელისუფლების პერიოდში ლაპარაკობდა, უთხრა არჩილ კბილაშვილმა „რუსთვი 2“-ს. მისივე სიტყვებით, ”ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია საბოლოოა”:

”პოზიცია, რომელიც იყო წარდგენილი და დაფიქსირებული პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ, ამ ეტაპზე შენარჩუნებულია, თუმცა, ვიმეორებ, ეს არ არის საბოლოო პოზიცია და, შესაძლებელია, ის გადასინჯულ იქნეს”.

მთავარი პროკურორის ამ განცხადების შინაარსი, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როცა პროკურატურა სასამართლო პროცესზე საკუთარ ბრალდებას წარმოადგენს. ამ დრომდე, ზვიად კორძაძის თქმით, ახალ პროკურატურას ერთი სიტყვაც არ უთქვამს:

”ახლა პროკურატურის შესაფასებელია, არარსებული მტკიცებულებების მხარდაჭერას გააგრძელებს ისევ თუ მოხსნის ბრალდებას, თუ დაელოდება, რაღაც ეტაპამდე საქმე წარიმართება და მერე ჩამოყალიბდება. მოკლედ, ჩვენც გვაინტერესებს მაგ კითხვაზე პასუხი და ეგ პასუხი ვერ იქნება, თუ სხდომა არ დაიწყო და გაიხსნა. და სხდომა ჯერ ვერ დაიწყო იმიტომ, რომ იდება პროცედურული მომენტების გამო”.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს, ”ქართული პარტიის” წევრს თეო ტლაშაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს მიანიჭებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რომელმაც მუშაობა 19 ნოემბერს დაიწყო, ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსი კი მიანიჭა, მაგრამ მოგვიანებით კომიტეტის თავმჯომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს არ უნდა უშლიდეს. ახლა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოშია, მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსი აზრს კარგავს. ამასთან, ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ამბობს, რომ არასამთავრობოებს ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხი არ განუხილავთ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ჯერჯერობით უცნობია. ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატირობა აქვს მისჯილი 2008 წლის 28 მარტს გამოტანილი განაჩენით, რაც კომპანია „ჯეოსელის“ წილის საქმეს უკავშირდება. ამ განაჩენს ოქრუაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. სასამართლო პროცესი კი, სადაც ოქრუაშვილის მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმე განიხილება, 5 დეკემბერს არის ჩანიშნული.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG