Accessibility links

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 10 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა. ეს, რაც შეეხება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობის საქმეს. დღეს სააპელაციო სასამართლომ ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალი მოუხსნა ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. ჯეოსელის საქმეზე, რაც ფულის გამოძალვას გულისხმობდა. მიუხედავად საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებისა, ირაკლი ოქრუაშვილი მაინც პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი საქმის გამო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებული იოსებ გიგუაშვილი. ამავე საქმეზე ბრალდებული სხვა 4 პირი კი პატიმრობაში რჩება.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობისთვის ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად10 ათასლარიანი გირაოს დაკისრების თაობაზე. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი, იოსებ გიგუაშვილი, 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე ხათუნა ხარშილავას ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ტაში და ოვაციები მოჰყვა. ირაკლი ოქრუაშვილი კი, იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება. მისი ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს:
ქიტოშვილი იყო ერთადერთი პირდაპირი მოწმე, ვინც წინასწარ გამოძიებაში ასახელებდა ოქრუაშვილს და ვინაიდან აპელაციაში შეცვალა ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება არ დაგვრჩა ...

”ხვალ თუ სამსახურებრივ გულგრილობასთან დაკავშირებით დადგა ან გამამართლებელი განაჩენი, ან შეიცვალა გირაო, ან პროკურატურამ მოხსნა ბრალი, მაშინ, რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილი დატოვებს საპატიმროს, იმიტომ რომ ბოლო საქმეა, რომელზეც მას პატიმრობა აქვს მისჯილი”.

10 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს ჯეოსელის საქმეზე, რომლის გამოც მას 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ბრალი მოუხსნა და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. როგორც სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა რევაზ ბაღაშვილმა განაცხადა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი ქიტოშვილის შეცვლილი ჩვენების გამო მტკიცებულებები აღარ დარჩა:

”ფაქტობრივად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქიტოშვილი იყო ერთადერთი პირდაპირი მოწმე, ვინც წინასწარ გამოძიებაში ასახელებდა ოქრუაშვილს და ვინაიდან აპელაციაში შეცვალა ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება არ დაგვრჩა”.
სხვა აღარაფერი არ გვრჩება, ჩემი აზრით, რომ პროკურატურა მოვა შემდეგ სხდომაზე და ბრალზე უარს იტყვის, ან არადა, გამამართლებელი განაჩენით დამთავრდება ეს საქმე ...

10 იანვარს გამართული ორი - საქალაქო და სააპელაციო - სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ელის, რომ 11 იანვარს ჩანიშნული სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას და მეთაურობას შეეხება, ან პროკურატურა წარდგება შეცვლილი მოთხოვნით, ან სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. პროკურატურის მიერ მოთხოვნის შეცვლის იმედი აქვს მამუკა ჭაბაშვილს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამსახურებრივი გულრგილობის ბრალდებით აღძრულ საქმესთან დაკავშირებითაც და ვარაუდობს, რომ თუ მისი იმედი გამართლდა, ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროს დატოვებს. რაც შეეხება უკანონო შეიარაღებული ფორმირების საქმეს, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს:

”გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ სასამართლოში, აი, იმ 9 პირის ჩვენება, რომელიც კონკრეტულ ადგილებს მიუთითებდნენ და კონკრეტულ პირებს ასახელებდნენ და იმ გარემოებებს, თუ როგორ მიიღო გამოძიებამ მათი აღიარებითი ჩვენებები, ეს რომ მოვისმინეთ, სხვა აღარაფერი არ გვრჩება, ჩემი აზრით, რომ პროკურატურა მოვა შემდეგ სხდომაზე და ბრალზე უარს იტყვის, ან არადა, გამამართლებელი განაჩენით დამთავრდება ეს საქმე”.

იმის გამო, რომ 10 იანვრის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მასში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად 2 ათასლარიანი გირაო არ შეუფარდა, ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი არ წუხს, რადგან ელის, რომ სასამართლო 11 იანვარს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და პატიმრობაში მყოფი პირები ციხეს დატოვებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG