Accessibility links

ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფი” ავრცელებს ორგანიზაცია World Value Survey-ის გამოკვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა 17 მაისს - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. რას წერენ გამოკვლევაში საქართველოზე და რატომ მოხვდა ის ჰომოფობიური ქვეყნების მოწინავე სამეულში - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ორგანიზაცია ”იდენტობის” აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი ვაჭარაძეს გაესაუბრა.


რადიო თავისუფლება: ორგანიზაცია World Value Survey-ის გამოკვლევის შედეგების თანახმად, საქართველო ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. ამ გამოკითხვაში ერთ-ერთი კითხვა ასე იყო დასმული: მოსახლეობის რამდენი პროცენტი არ ისურვებდა მეზობლად ჰომოსექსუალს? ამ კითხვას უარყოფითად საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 92, 1%-მა უპასუხა. რა დაგანახვათ ამ მონაცემმა და თუ ელოდით ამხელა პროცენტს?

ირაკლი ვაჭარაძე: პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს გამოკვლევა არ არის მხოლოდ ჰომოფობიის შესახებ. ამ კითხვით - ვის არ ისურვებდით მეზობლად, ჩამოთვლილია ხოლმე სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები, ბოშები და ა.შ. უბრალოდ, მედიაში უფრო აქტუალური ჰომოფობიის ნაწილი გახდა. ასეთი კვლევა საქართველოში ადრეც ჩატარებულა, მაგრამ ასეთი ცუდი შედეგი არ უჩვენებია. ამ გამოკვლევის მიხედვით, საქართველო, ირანისა და იორდანიის შემდეგ, მესამე ადგილზეა. ირანი არის თეოკრატიული, ისლამური სახელმწიფო, იორდანია არის მონარქია, ასევე ისლამური სახელმწიფო. ანუ გამოდის, რომ, თანამედროვე ცივილიზებულ, დემოკრატიულ, ქრისტიანულ და სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტი ან ნაკლები ჰომოსექსუალია, ვიდრე საფრანგეთში, ამერიკასა თუ ირანში. ყველა ქვეყანაში ერთნაირი მონაცემებია, მაგრამ მდგომარეობა, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება, არის განსხვავებული და ეს გამოკვლევაც სწორედ იმას უჩვენებს, რომ ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების იგივე რაოდენობა, რაც ინგლისსა თუ ირანშია, აქ ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება და მათი უფლებები ირღვევა. რაც შეეხება იმას, მოველოდი თუ არა ასეთ მაღალ უარყოფით მაჩვენებელს, არა, არ მოველოდი, რადგან 17 მაისი, ჩემი აზრით, იყო არა ზოგადად მოსახლეობის ნების გამოხატვა, არამედ ეკლესიის მიერ აგრესიულად მობილიზებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც აგრესიულად მოუწოდებდნენ, მთელი ეს წლები, რაც თქვენ მარხულობდით და ლოცულობდით, არაფერია, თუ ახლა არ გამოხვალთ და სამშობლოს არ დაიცავთო. რაღაც ნაცისტურ პროპაგანდას ჰგავდა, როცა ადამიანს ეუბნები სხვების მისამართით, შენ არ ხარ მორწმუნე, თუ არ წახვალ და მათ არ ჩაქოლავო. მაგრამ პრობლემა კიდევ სხვა რამეა - ეს გამოკვლევა, რომელიც 17 მაისამდე ჩატარდა, ასახავს ერთ ტენდენციას: საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება არც იზიარებდეს ზოგადად სიძულვილს, საჯაროდ მაინც ეშინია თავისი არამოძულე დამოკიდებულება გამოხატოს და არჩევს დააფიქსიროს თავისი უარყოფითი განწყობა. მან შესაძლოა არასოდეს იძალადოს სხვაზე, მაგრამ თავისი სიჩუმით ხელი შეუწყოს ამ ადამიანებზე ძალადობას.

რადიო თავისუფლება: გამოკვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ყველაზე ნაკლები ტოლერანტულობით საფრანგეთი გამოირჩევა: 28, 8% გამოკითხული ადამიანებისა არ ისურვებდა, რომ ჰყავდეს ჰომოსექსუალი მეზობელი. საფრანგეთია სწორედ ის ქვეყანა, სადაც ათასობით ადამიანმა ახლახან გააპროტესტა კანონი, რომლითაც დაშვებულია ერთსქესიანი ადამიანების ქორწინება და საფრანგეთის მაგალითი 17 მაისის აქციაზეც ბევრს მოჰყავდა. შვეციაში, მაგალითად, მხოლოდ 3,6%-ს პასუხობს კვლევის კითხვაზე უარყოფითად...

ირაკლი ვაჭარაძე: საფრანგეთის მაგალითი მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა. პოლიტიკის ცვლილებას და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს და ნებისმიერი თემა, რომელიც მრავალფეროვნებას, განსხვავებულობის აღიარებას და პატივისცემას ეხება, ბოლო წლებში სულ ხდებოდა დაპირისპირების საგანი. გარკვეულწილად, რელიგიური უმცირესობებისა და ჰომოსექსუალების თემაც საფრანგეთში პოლიტიზებული იყო. ამას დაემთხვა ახალი პრეზიდენტის დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა კანონს ერთსქესიანი ქორწინების თაობაზე. ამან, ცხადია, პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია და აჟიტირებული ადამიანების რაოდენობაც დიდი იყო. ეს აისახა კიდეც გამოკვლევაში. სხვათა შორის, დასკვნის სახით ამ გამოკვლევაში წერია, რომ ის ქვეყნები, სადაც ადამიანები ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობენ, სადაც ბიზნესი არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, სადაც სოციალური კეთილდღეობა და თანასწორობა სახელმწიფოს ზრუნვის მთავარი საგანია, იქ ჰომოფობიაც ნაკლებია და ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანები, ერთმანეთის გაძლიერების ნაცვლად, ერთმანეთის ჩასაქოლად არიან მომართულნი, სადაც ერთი მეორეს ჩაგრავს, მეორე მესამეს, რომ თავად უკეთ იგრძნოს თავი, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვს, სიღარიბესა და გაუნათლებლობაში იღუპებიან თაობები. აქ ბედნიერება არ არის ის, რასაც საზოგადოება მიელტვის. აქედან გამომდინარე, ალბათ, ძალიანაც ლოგიკურია, რომ ყველა, ვინც კი გვერდზე გაიხედავს და განსხვავებულს დაინახავს, ჰგონია, რომ პრობლემა მასშია - აბა, მეტს ვის დააბრალოს თავისი გაჭირვება? და ამას ემატება, ცხადია, გაუნათლებლობა, რადგან, აი, თუნდაც 17 მაისს ძალიან მარტივად დაიჯერა ბევრმა, რომ ”იდენტობას” ათობით თუ ასობით შიშველი გეი ჰყავდა უკრაინიდან ჩამოყვანილი... ეს აღარ არის უკვე ლგბტ უფლებების პრობლემა.

რადიო თავისუფლება: საერთოდ, რამდენად სანდოა ეს გამოკვლევა ან რა მეთოდს მიმართავდნენ, ყველა ქვეყანა გამოიკითხა თუ არა? საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, საქართველო არ შეიძლება იყოს მესამე ადგილზე, როგორც ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანა, და რომ ეს გადაჭარბებულია.

ირაკლი ვაჭარაძე: ასეთი ტიპის კვლევები არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ის იძლევა გრძელვადიანი შედარების შესაძლებლობას. უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ ეს კვლევა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ ჩატარებულა. რა ქვეყანაშიც ჩატარდა, იქაური ვითარება შეფასდა. ადრეც ჩატარებულა ასეთი კვლევა. უბრალოდ, წელს საქართველოსთვის უარესი მონაცემები მივიღეთ. რადგან ყველას ყურამდე არ მიდის ძალადობის შემთხვევები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ ხდება. და ისიც ძალიან დიდი ტყუილია, რომ ჩვენ ტოლერანტი ხალხი ვართ.

რადიო თავისუფლება: ჩვენს რეალობაში, ვისაც ქამინგ აუთი გაკეთებული აქვს, რამდენად დაძაბულია მისი ”სამეზობლო ურთიერთობები”, რამდენად უჭირთ ლგბტ ადამიანებს ინტეგრაცია?

ირაკლი ვაჭარაძე: როდესაც იმალები და შენზე რაღაც ეჭვი აქვთ, თუნდაც, აი, მე, სანამ ქამინგ აუთს გავაკეთებდი, სახლში სულ იყო დაძაბული ურთიერთობა ჩემსა და დედას შორის. როგორც კი ვთქვი ეს ხმამაღლა, იმ წუთიდან გაქრა ეს დაძაბულობა და დღეს გვაქვს ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობები. ტყუილი არ იმალება. მე 33 წლის ვარ. დაახლოებით 13 წელია, რაც აქტივისტი ვარ და ღიად ვლაპარაკობ სექსუალობის თემაზე და არ მქონია არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმესთან მესაუბრა ამის შესახებ და უარყოფითი რეაქცია მიმეღო. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ ქუჩაში გავდივარ და ადამიანებს ვაჩერებ და ვეუბნები, გაჩერდი, ახლა რაღაც უნდა გითხრა-მეთქი, თუმცა ბევრ ადამიანს ვხვდები და ამაზე ველაპარაკები. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა, თუმცა ყველა კვლევა ადასტურებს, რომ როცა ადამიანი თავის ღირსებას იცავს და თავად აქვს გაცნობიერებული, რომ ის არავისზე მეტი ან ნაკლები არ არის, ეს ეს ავტომატურად ხსნის სტრესს.

რადიო თავისუფლება: 17 მაისის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდებოდა თქვენი ორგანიზაციის, ზოგადად ლგბტ თემის წევრების და, უბრალოდ, ქუჩაში შემხვედრი განსხვავებული გარეგნობის ადამიანების შეურაცხყოფა. ამ ბოლო დროს ეს თითქოს მინელდა. თქვენ აგროვებდით ასეთ ფაქტებს. რა ვითარებაა დღეს? იკლო აგრესიამ თუ პირიქით?
და საინტერესოა, თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატური იყო და, რაც მთავარია, საკმარისი სახელმწიფოს რეაგირება მომხდარზე? დღეს როგორ აფასებთ ყველაფერს?

ირაკლი ვაჭარაძე: ძალადობის შემთხვევები ისევ ხდება, თუმცა თითქოს ხალხის ყური მიეჩვია ამას. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, როცა ძალადობა ნორმა ხდება. ყველაზე ბოლო ფაქტს გეტყვით. ჩვენი თანამშრომელი ქალი, რომელიც არის ჰეტეროსექსუალი, ჰყავს საქმრო და არის ლგბტ ადამიანთა უფლებების დამცველი, არ არის ლესბოსელი, არც განსხვავებულად იცვამს. მხოლოდ იმის გამო, რომ მედიიდან მისი სახე ეცნოთ როგორც უფლებადამცველის, აღმაშენებელზე თავს დაესხა ორი კაცი. გააჩერეს და სცადეს, სასქესო ორგანოზე დაედებინებინათ ხელი და ეუბნებოდნენ, რომ მან ნამდვილი კაცის გემო არ იცის თუ რაღაც ასეთი. ეს საღამოს ექვს საათზე მოხდა. იქ იყო ბევრი ადამიანი, მაგრამ არავინ დაეხმარა. ამას გარდა, ძალადობის, სულ მცირე, 24 შემთხვევა აქვს დოკუმენტირებული სახალხო დამცველს. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არის ნული. რამდენიმე ადამიანი დააკავეს არასერიოზული ბრალდებით და გაათავისუფლეს. რაც შეეხება დამნაშავე მღვდლებს, ჯერჯერობით არანაირი სასჯელი მათთვის არ დაუკისრებიათ. გამოდის, რომ სახელმწიფო მხოლოდ დროს წელავს, რადგან ეს არ არის ის შემთხვევა, როცა განსაკუთებული გამოძიებაა ჩასატარებელი - დანაშაული ხდებოდა მთელი მსოფლიოს თვალწინ პირდაპირ ეთერში, მათ სახეებს ყველა ხედავდა და როცა ასეთ რამეს არ იძიებ, დანარჩენ ადამიანებსაც უჩნდებათ ცდუნება თავს დაესხან სხვა ადამიანებს, რომლებიც, უბრალოდ, არ მოსწონთ ან შეიძლება თავისი ქართველობა თუ რაღაც უნდა დაამტკიცონ, არ ვიცი. და მერე ამას მოჰყვა ის, რომ დანაშაული არის ნორმა და ჩვენ უკვე გვაქვს პრეცედენტი, როცა ჰომოფობიური დანაშაული გახდა ნორმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG