Accessibility links

ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების შეწყვეტას


ირანის ელჩი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, ალი ასღარ სოლთანიე

ირანის ელჩი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, ალი ასღარ სოლთანიე

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ისევ ინტენსიურად მსჯელობს ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვენაში გაიმართა ამ სააგენტოს მმართველთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა, რომელსაც წინ უსწრებდა სააგენტოს ანგარიში, რომ ირანი მალე შეძლებს, აამუშავოს ურანის გასამდიდრებელი ახალი ცენტრიფუგები ფორდოვის მიწისქვეშა ობიექტზე.

ირანი აცხადებს, რომ სამხედრო თავდასხმა მას ვერ ააღებინებს ხელს ურანის გამდიდრებაზე. როგორც პარასკევს ვენაში ჟურნალისტებს უთხრა ირანის ელჩმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, ალი ასღარ სოლთანიემ, ირანი ისევ ააშენებდა თავდასხმის შედეგად განადგურებულ ცენტრიფუგებს.

სოლთანიემ ეს განცხადება გააკეთა ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. უფრო ადრე მან თქვა, რომ ირანი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსაგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. ალი ასღარ სოლთანიეს თქმით, თეირანმა უკვე უპასუხა ყველა შეკითხვას მის ბირთვულ პროგრამაზე. მისი თქმით, სააგენტოს არ უპოვია მტკიცებულებები და გამოძიების გაგრძელების მიმართ ინტერესი აქვთ მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოებს, უწინარეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებს.

სოლთანიეს ამ გამოსვლის შემდეგ საეჭვოა, შესაძლებელი იყოს ირანთან თანამშრომლობაზე შეთანხმება 13 დეკემბერს, როცა თეირანში ჩავა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ოფიციალური დელეგაცია. არადა, ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს, სოლთანიე ამბობდა, რომ ირანი მზად არის დეკემბერში ატომურ სააგენტოსთან შესათანხმებლად, თუ ეს სააგენტო შეასრულებს ირანის მთავარ მოთხოვნას: კერძოდ, წარმოადგენს დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებულ მასალებს, რომელთა საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამით შესაძლებელია იარაღის შექმნა.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისი სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსაგან აქვს მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია იმ პირობით, რომ ინფორმაციას დეტალურად არ გააცნობენ ირანს, ან ნებისმიერ სხვა მხარეს ატომური სააგენტოს სამდივნოს გარეთ ...

სოლთანიეს თქმით, „მთავარი სირთულეა ის, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ჯერ არ დათანხმებია მიუმხრობელთა მოძრაობისა და ირანის მოწოდებას, რომლითაც ისინი 10 წელია გამოდიან, რომ თუ ქვეყანას ადანაშაულებენ, სააგენტომ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს. გენერალური დირექტორი არ იზიარებს მოლაპარაკების სულისკვეთებას, რომელიც ამ ტექსტშია, რომ სააგენტომ უნდა წარმოადგინოს ირანის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ დოკუმენტები, რათა ირანმა თავი დაიცვას“, - აღნიშნავს ირანის ელჩი.

ატომური ენერგეტიკის სააგენტო მართლაც უარს ამბობს ირანისათვის მტკიცებულებების წარდგენაზე. ცნობილია ის, რომ სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია ეფუძნება დასავლეთის სადაზვერვო უწყებებისაგან მიღებულ მასალებს.

„ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისი სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსაგან აქვს მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია იმ პირობით, რომ ინფორმაციას დეტალურად არ გააცნობენ ირანს, ან ნებისმიერ სხვა მხარეს ატომური სააგენტოს სამდივნოს გარეთ“, - განმარტავს ბონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, "საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის" ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანამშრომელი, მარკ ჰიბსი.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია 13 დეკემბერს ეწვევა ირანს და შეეცდება, მიაღწიოს შეთანხმებას სისტემურ მიდგომაზე ირანის ბირთვული პროგრამის უცნობი დეტალების გასარკვევად. დელეგაცია ამ ვიზიტით ისარგებლებს იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ მოითხოვოს შესვლა ირანის სადავო, ფარჩინის სამხედრო ობიექტზე. ატომური ენერგეტიკის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ირანი შესაძლოა, ანადგურებდეს იქ ბირთვული პროგრამის ფარგლებში ადრე ჩატარებული სამუშაოს კვალს.

ექსპერტების ვარაუდით, ირანს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG