Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ეგვიპტეში


მაჰმუდ აჰმადინეჟადი (მარცხნივ) და მუჰამად მურსი
მაჰმუდ აჰმადინეჟადი (მარცხნივ) და მუჰამად მურსი
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ეგვიპტეს ეწვია, რაც მიჩნეულია ისტორიულ ვიზიტად, რადგან პირველია მას შემდეგ, რაც ირანში 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა.

ასე რომ, ეგვიპტეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ პირველად ეწვია ირანის პრეზიდენტი. 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუციისა და ისრაელთან ეგვიპტის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კაიროსა და თეირანს შორის ურთიერთობა მრავალი წელი იყო შეწყვეტილი. ირანი, როგორც ცნობილია, არ აღიარებს ებრაელთა სახელმწიფოს.

კაიროსთან ირანის ურთიერთობა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა მანამ, სანამ ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში რჩებოდა ჰოსნი მუბარაქი. მისმა მმართველობამ კი 30-მდე წელი გასტანა. ვითარება შეცვალა ეგვიპტეში 2011 წლის მოვლენებმა - მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობამ. ამის შემდეგ შეუდგა თეირანი კაიროსთან ურთიერთობის აღდგენაზე ზრუნვას, მიესალმა საპრეზიდენტო არჩევნებში მუჰამად მურსის გამარჯვებას.

შარშან ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამად მურსი ეწვია ირანს მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. და, აი, 5 თებერვალს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ჩავიდა ეგვიპტეში...

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, როგორ ხვდება აჰმადინეჟადს კაიროს აეროპორტში მისი მასპინძელი პრეზიდენტი. ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „მენა“ იუწყება, რომ ორმხრივი შეხვედრა დაიწყო მალევე მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადი კაიროში ჩაფრინდა და რომ საუბარი შეეხო სირიაში კონფლიქტის მოგვარებას, სამხედრო ინტერვენციის გარეშე.

სირია რთული საკითხია. ირანი, სადაც შიიტი მუსლიმები დომინირებენ, მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, მაშინ როცა ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამად მურსი (სუნიტების ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ მოკავშირე) სირიის პრეზიდენტის ყველაზე აქტიური ოპონენტების რიგში დგას. მისი მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას.

ასე რომ, სირიის კონფლიქტი უთანხმოებას იწვევს ირანისა და ეგვიპტის ურთიერთობაში, რომელიც მოგვარებულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჯერაც არ აღდგენილა.

მოსალოდნელია, რომ სირია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ოთხშაბათს იწყება კაიროში და რომელსაც ირანის პრეზიდენტიც დაესწრება.
XS
SM
MD
LG