Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ემზადება ევროკავშირის ემბარგოსთან გასამკლავებლად


1 ივლისს სრულად ამოქმედდა მკაცრი სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა ირანის ნავთობის ექსპორტზე დააწესა.

სანქციები, რომლებიც მიზანში ირანის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სფეროს იღებს, წარმოადგენს ყველაზე მკაცრ ზომას, რომელსაც ევროკავშირმა მიმართა ირანის ბირთვული პროგრამის პასუხად. ეკონომისტების ვარაუდით, ამ ემბარგომ შესაძლოა ირანს ნავთობით მიღებული მოგება გაუნახევროს.
აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ, რომ ის უჩუმრად ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თავად ირანი კი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. აშშ, რომელსაც ასევე აქვს დაწესებული სანქციები, და მისი მოკავშირეები ცდილობენ ირანს წაართვან ნავთობისგან მიღებული მოგება და იმედი აქვთ, რომ ამ გზით შესაძლოა ირანი აიძულონ შეამციროს ბირთვული პროგრამა.

ევროკავშირის სანქციები, რომლებიც იანვრის ბოლოს დამტკიცდა, ბლოკის წევრებს უკრძალავს ირანის ნავთობპროდუქტების და ნედლი ნავთობის შესყიდვას. აკრძალულია იმ კონტეინერების დაზღვევაც, რომლებითაც ასეთი პროდუქტები გადააქვთ.

ამ ქვეყნებიდან ბევრს უკვე დაწყებული აქვს პროცესიდან გასვლა, დასრულებულიც კი - ნედლ ნავთობთან მიმართებით. საუბარია დღეში 600,000 ბარელზე ...
ჯეიმი ვებსტერი

ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ, რომლებზეც სანქციებამდე ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20 პროცენტი მოდიოდა, დაასწრეს 1 ივლისისთვის დაწესებულ ბოლო ვადას და შეზღუდვები უკვე მანამდე აამოქმედეს. ამან ირანის ისედაც პრობლემების მქონე ეკონომიკა კიდევ უფრო დააზარალა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტი მიმდინარე წელს 40 პროცენტით შემცირდა.

ჯეიმი ვებსტერი - გლობალური საკონსულტაციო ფირმის PFC Energy-ს წამყვანი ექსპერტი - შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს: „ამ ქვეყნებიდან ბევრს უკვე დაწყებული აქვს პროცესიდან გასვლა, დასრულებულიც კი - ნედლ ნავთობთან მიმართებით. საუბარია დღეში 600,000 ბარელზე. მანამდე - სანქციების ამ ბოლო რაუნდამდე - ირანი დღეში 2.2 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებდა. ამდენად, ამ მყიდველთან მიმართებით თუ ვსაუბრობთ, ეს მათზე გავლენას მართლაც ახდენს.“

ექსპერტების აზრით, ირანს ნავთობის ტანკერების დაზღვევაზე დაწესებული შეზღუდვებიც დააზარალებს, რადგან ეს აკრძალვა მის მსხვილ კლიენტებსაც შეეხება. ასე ფიქრობს დუბაიში მცხოვრები ეკონომისტი რობინ მილსი: „ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი დაზღვევის აკრძალვაა, რადგან ეს მხოლოდ ევროკავშირს კი არა, აზიის ქვეყნებსაც ეხება - იაპონიას, სამხრეთ კორეას და სხვებს.“

გავრცელებული ცნობებით, ირანის ნავთობის იმპორტი აზიის ქვეყნებმაც შეამცირეს - მათ შორის, სამხრეთმა კორეამ, იაპონიამ და ჩინეთმა.

ეკონომიკისთვის მიყენებული ძლიერი დარტყმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ირანის მმართველები არ აპირებენ კომპრომისზე წასვლას ბირთვულ სფეროში საქმიანობასთან მიმართებით. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონისთვის 28 ივნისს გაგზავნილ წერილში ბირთვულ საკითხებზე ირანის მთავარი მომლაპარაკებელი საეედ ჯალილი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „არაკონსტრუქციულმა ზომებმა“ შესაძლოა ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპრაკებას შეუქმნას წინაღობა.

ანალიტიკოსების აზრით, უცხოური რეზერვებისა და ნავთობისგან მიღებული მოგების დიდძალი რაოდენობა ირანს, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე თავის გადარჩენის საშუალებას მისცემს. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, დროის გასვლის პარალელურად სანქციების შედეგებთან ბრძოლა სულ უფრო რთული იქნება.
ირანის მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე უკვე მძიმედ აისახება მაღალი ინფლაცია და საკვები პროდუქტების გაძვირება. ახალი სანქციები კი მათ ყოფას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაართულებს.
XS
SM
MD
LG