Accessibility links

logo-print
სოციალურმა ქსელმა - „ფეისბუკმა“ - თავისი როლი ითამაშა ირანში ჯერ კიდევ 2009 წელს, არჩევნების შემდგომ საპროტესტო გამოსვლებში. ამას მოჰყვა „ფეისბუკის“ მომხმარებელთა აქტიურობა უკვე ტუნისსა და ეგვიპტეში. ამ ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლებმა შედეგიც გამოიღო. ახლა, ირანში 11 აგვისტოს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, „ფეისბუკმა“ ახალი ფუნქცია შეიძინა: ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება. ირანის ხელისუფლებს მწარედ ახსოვთ 2009 წლის გაკვეთილი, როცა „ფეისბუკი“ საპროტესტო მოძრაობისთვის ინფორმაციის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად იქცა. იმდენად სახიფათო შეიქნა „ფეისბუკი“ მოლების რეჟიმისთვის, რომ მას თეირანი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული „უიარაღო ომის“ ნაწილად მიიჩნევს. სამი წელი გავიდა მას შემდეგ და ირანში „ფეისბუკი“ კვლავაც იფილტრება, მის მომხმარებელს უწევს შემოვლით გზებს მიმართოს, რათა „ფეისბუკზე“ მოხვდეს გასართობად თუ სხვა მიზნისთვის. ამ ეტაპზე, 11 აგვიტოს შემდეგ, „ფეისბუკი“ მართლაც სასიცოცხლო დანიშნულების იარაღად იქცა მათთვის, ვინც ცდილობს დახმარება გაუწიოს ირანის ჩრდილოეთში შაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთ. მიწისძვრას 300 ადამიანი შეეწირა. ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ჟურნალისტებმა, რომლებიც ირანში მუშაობენ, „ფეისბუკში“ საგანგებო ჯგუფი შექმნეს. მისი წევრები ჩავიდნენ მიწისძვრის რეგიონში და იქიდან ავრცელებენ ინფორმაციას სოციალური ქსლის მეშვეობით.

მეტიც, ჯგუფმა, სახელწოდებით „მამრობითი უდრის მდედრობითს“, - ის „ფეისბუკში“ 140 ათასმა ადამიანმა მოიწონა, - მობილიზება გაუკეთა სისხლის დონორებს, რომლებიც ირანის სხვადასხვა არეალში არსებულ სისხლის გადასხმის სადგურებში მივიდნენ და სისხლი ჩააბარეს. საქმე ისიცაა, რომ ახლა, როცა მაჰმადიანებს წმინდა თვე - რამადანი - უდგათ, როცა ბევრი მორწმუნე მარხულობს, დონორის სისხლი დეფიციტია. „ფეისბუკით“ გავრცელებული ცნობებით, ასეულობით ადამიანი მივიდა სისხლის გადასხმის სადგურებში უკვე კვირას და შუაღამემდე რიგში გაატარა, რათა სისხლი ჩაებარებინა.
სანქციების გამო საჭირო ხდება ვინმეს მოძებნა, ვინც ირანში მიემგზავრება და მისთვის (სოციალური ქსლით შეგროვებული) ფულის გატანება. სანქციების გამო საბანკო გადარიცხვა შეუძლებელია ...

„ფეისბუკში“ შექმნილი კიდევ ერთი ჯგუფი ცდილობს გადარჩენილებს დაეხმაროს. ვისაც ადრინდელი მიწისძვრების დროს დაგროვილი გამოცდილება აქვს, სხვებს - მოხალისეებს - აძლევს რჩევას. „ფეისბუკში“ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს კოორდინაციას. ესენი უმეტესად ირანსგარეთ მცხოვრები ადამიანები არიან, თუმცა მათ სირთულე ექმნებათ სანქციებით. მართალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა, ორშაბათს განაცხადა, რომ გარკვეული ფინანსური ტრანსაქციები შესაძლებელია ამერიკელთათვის, რომლებსაც სურთ დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულებს, არის იმის ნიშნები, რომ დაბრკოლების გადალახვა ადგილებზე შეუძლებელია.

იტალიაში მცხოვრებმა უფლებადამცავმა, ამირ რაშიდიმ, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს განუცხადა, ადრე ირანში ფულის გადარიცხვა შესაძლებელი იყო, ახლა კი, სანქციების გამო, ეს აკრძალულიაო.

„სანქციების გამო საჭირო ხდება ვინმეს მოძებნა, ვინც ირანში მიემგზავრება და მისთვის (სოციალური ქსლით შეგროვებული) ფულის გატანება. სანქციების გამო საბანკო გადარიცხვა შეუძლებელია. ამასთან, ფულის წაღებაც ყველას არ სურს და ამას ის ემატება, რომ ირანში უცხოური ვალუტის გადახურდავება იოლი არ არის“, ამბობს რაშიდი.

ამ პრობლემის მიუხედავად, „ფეისბუკის“ არაერთი ჯგუფი ფულის შეგროვებას განაგრძობს მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში და სხვაგან. ამას გარდა, ჰუმანიტარული დახმარება და ფული გროვდება ირანშიც. ეს აქცია ამირ რაშიდის აფიქრებინებს, რომ მცდარია აზრი, თითქოს „ფეისბუკი“ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „სლაკტივიზმს“ - ზარმაც აქტიურობას - უწყობდეს ხელს:

„პრობლემა თუ არ არის ან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქსელი ვირტუალური შეხვედრის გასართობი ადგილია. მაგრამ ზოგჯერ, როგორც ახლა, მიწისძვრის შემდეგ, ის მნიშვნელოვანია და მას შეუძლია განსაკუთრებული როლი ითამაშოს“, ამბობს იტალიაში მცხოვრები უფლებადამცავი ამირ რაშიდი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG