Accessibility links

ირანში არჩევნების წინ მედიაში დაპირისპირება მწვავდება


ირანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ კამპანია ოფიციალურად იწყება, ქვეყნის ისედაც პოლიტიზებული მედია კი სულ უფრო მეტად პოლარიზებული ხდება. ამის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა გოლნაზ ესფანდიარიმ.

როცა 18 აპრილს ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვა წარმოთქვა, თეირანის სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში.

თუმცა თუკი თავად აჰმადინეჟადის ვებსაიტს ესტუმრებოდით, იქ ატვირთული კადრებიდან სრულიად განსხვავებულ დასკვნას გამოიტანდით. ამ ვიდეოზე ჩანდა, რომ 100,000 ადგილის მქონე სტადიონის ნახევარზე მეტი სავსე იყო. სხვა, ზომიერი შეხედულებებით გამორჩეული ვებსაიტების შეფასებით, თავყრილობას 60,000-დან 70,000-მდე პირი დაესწრო.

ეს შეუსაბამობა კარგად წარმოაჩენს გავლენისთვის ბრძოლას, რომელიც ირანის მედიაში 14 ივნისისთვის დანიშნული არჩევნების წინ გაჩაღდა.

კანდიდატების პირველადი რეგისტრაციის პროცესი 7-დან 11 მაისამდე მიმდინარეობს. შემდეგ ამ სიას გუშაგთა საბჭო შეისწავლის და შეამცირებს. კანდიდატების დამტკიცების საბოლოო უფლება სწორედ ამ საბჭოს აქვს.
და სწორედ მაშინ, როცა კანდიდატები პოლიტიკურ თამაშში იწყებენ ჩაბმას, მედიაგარემოს პოლარიზების ხარისხი მატულობს. მედია მიმავალ პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჟადს, უპირისპირებს ძლიერ მეტოქეებს, რომლებსაც უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან აქვთ კავშირები.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიის ნაწილი აჰმადინეჟადს არ წარმოაჩენს პოზიტიურად - ცდილობს აჩვენოს, თითქოს მან, გავლენის შენარჩუნების მიზნით, საკუთარი მარჯვენა ხელი, ესფანდიარ რაჰიმ მაშაეი შეარჩია თავის შემცვლელად. ირანის კონსტიტუციის თანახმად, აჰმადინეჟადს არ აქვს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება.

ირანის მედიას ყოველთვის ახლო კავშირები გამოარჩევდა პოლიტიკის სფეროსთან - ყველა პოლიტიკური ფრაქცია რამდენიმე მედიასაშუალებას აკონტროლებს.

სახელმწიფო მაუწყებლობა უშუალოდ ემორჩილება ხამენეის და მის მოკავშირეებს, ისევე როგორც რადიკალური ყოველდღიური გამოცემა „კეიჰანი“. აჰმადინეჟადი და მისი მთავრობა აკონტროლებენ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“, ყოველდღიურ გამოცემა „ირანს“ და რამდენიმე ვებსაიტს თუ ბლოგს. სხვა ფრაქციებს და ძალაუფლების ცენტრებს - ირანის რევოლუციის გუშაგების ჩათვლით - თავ-თავიანთი მედიასაშუალებები აქვთ.

ამ ჯგუფს ჰყავს მთავარი კანდიდატი და მისი რამდენიმე შემცვლელი. მთავარი კანდიდატი თუ დისკვალიფიცირებული იქნა, ეს ჯგუფი კრიზისს შექმნის...
14 ივნისის არჩევნების წინ მედიის ერთი ნაწილი აჰმადინეჟადს და მის ახლო მოკავშირეებს უარყოფითად ახასიათებს. პრეზიდენტი, თავის მხრივ, თავის კონტროლქვეშ არსებული მედიასაშუალებებით ცდილობს მოქალაქეები გააფრთხილოს, რომ ოფიციალური პირები საარჩევნო კამპანიაში არამართებული ფორმით მონაწილეობენ. ამასთან, აჰმადინეჟადმა მინიშნებაც გააკეთა იმის თაობაზე, რომ ირანის ოფიციალური პირების შესახებ კომპრომატების შემცველ დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების მთავარ პლატფორმად კი იქცა სახელმწიფო ტელევიზია, რომელსაც მილიონობით ირანელი უყურებს. აჰმადინეჟადს აკრიტიკებენ ეკონომიკური პოლიტიკისთვის, არასწორი მართვისთვის. მაგალითად, მარტში გადაცემული სიუჟეტი მას სახელით არ მოიხსენიებს, თუმცა მის საწინააღმდეგო სულისკვეთებას კარგად გამოხატავს:

სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში აღარ აშუქებს აჰმადინეჟადის ვიზიტებს პროვინციებში და მისი ღონისძიებების შესახებ აჩვენებს ჩანაწერებს, სადაც ცარიელი სტადიონები და მოედნებია ასახული...
„ზოგიერთი პირი თავად არაა კანდიდატი. კანონის თანახმად, მათ ამ ჯერზე კანდიდატურის წამოყენება არ შეუძლიათ. თუმცა არსებობს ცნობები, რომ მათ გარკვეული გეგმები აქვთ არჩევნებთან მიმართებით. ამ ჯგუფს ჰყავს მთავარი კანდიდატი და მისი რამდენიმე შემცვლელი. მთავარი კანდიდატი თუ დისკვალიფიცირებული იქნა, ეს ჯგუფი კრიზისს შექმნის“.

ირანის საკითხებზე ორიენტირებული ვიდეოპორტალის, „ლენზირანის“ მთავარი რედაქტორი მანუჩეჰრ ჰონარმანდი ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებს. ისიც ადასტურებს, რომ სამაუწყებლო პოლიტიკა აშკარად აჰმადინეჟადის წინააღმდეგაა მიმართული - წინააღმდეგ ოდესღაც ხამენეის პროტეჟესი, რომელსაც უზენაეს ლიდერთან ურთიერთობა ძალაუფლებისთვის ბრძოლამ გაუფუჭა:

„სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში აღარ აშუქებს აჰმადინეჟადის ვიზიტებს პროვინციებში და მისი ღონისძიებების შესახებ აჩვენებს ჩანაწერებს, სადაც ცარიელი სტადიონები და მოედნებია ასახული. ამის პასუხად აჰმადინეჟადის გუნდი მის ვებსაიტზე აქვეყნებს მის მიერ პროვინციებში წარმოთქმული სიტყვების ვიდეოებს“.

ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ მედიაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, რასაც, შესაძლოა, ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება მოჰყვეს, რომელიც სხვა შემთხვევაში საჯარო არ გახდებოდა. მაგალითად, არსებობს ვარაუდი, რომ აჰმადინეჟადი ფლობს აუდიოჩანაწერს, რომელშიც საუბარია 2009 წლის არჩევნებზე გაყალბების შესახებ. კერძოდ, ამ ცნობების თანახმად, ესაა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი: აჰმადინეჟადს მაღალჩინოსნები ელაპარაკებიან და აცნობებენ, რომ მან, სინამდვილეში, ბევრად ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდა.

პრეზიდენტის ოფისი ჩანაწერის არსებობის შესახებ ცნობებს უსაფუძვლოს უწოდებს.
XS
SM
MD
LG