Accessibility links

logo-print
ლონდონში დაფუძნებული ჯეინის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი საქართველოს იმ ქვეყნებს შორის მოიხსენიებს, რომლებსაც განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ეს ფაქტორი აშშ-ის მტკიცე პარტნიორ ქვეყანას - საქართველოს - დასავლეთსა და ირანს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ეს მაშინ, როცა ანალიტიკოსები ირანის წინააღმდეგ ომის მოსალოდნელობაზე ლაპარაკობენ და ”ყველა შესაძლო ვარიანტისთვის” მზადყოფნის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრიც იუწყება? სად დგას ამ დროს საქართველო და რა ემუქრება მის უსაფრთხოებას?

ჯეინის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსის რიჩარდ ვაიცის თვალთახედვით, ცენტრალურ აზიასთან ერთად, ირანი აქტიურ მოთამაშედ რჩება სამხრეთ კავკასიაში, სადაც მას მეტად დაძაბული ურთიერთობები აქვს უპირატესად შიიტებით დასახლებულ აზერბაიჯანთან და მეტად კარგი ურთიერთობები აქვს უპირატესად ქრისტიანულ ქვეყნებთან - სომხეთთან და საქართველოსთან.
არც შეერთებული შტატები და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპირებს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება მისცეს...

ირანისა და საქართველოს კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე საუბრისას, ანალიტიკოსი ჩამოთვლის არაერთ ფაქტს, იქნება ორ ქვეყანას შორის გაუქმებული სავიზო რეჟიმი, მტკიცე სავაჭრო ურთიერთობები, ირანის განხორციელებული დაახლოებით ერთმილიონდოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში თუ თეირანის მიერ გამოხატული ნება, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტოროები. თუმცა იქვე მინიშნებულია, რომ კეთილგანწყობის სანაცვლოდ, თეირანი მოელის, რომ საქართველო არ დაეხმარება შეერთებულ შტატებს, თუკი ის სამხედრო ძალას გამოიყენებს ირანის წინააღმდეგ.

იმის გამო, რომ ბირთვული იარაღის დამზადებაში დადანაშაულებულ ირანს სულ უფრო უმწვავდება ურთიერთობა დასავლეთთან, ყოველი მომდევნო უშედეგო დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ ომის საფრთხეზე ლაპარაკობენ ანალიტიკოსები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შეერთებული შტატების პოზიციას ექცევა და ეს ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა 27 მაისს, როდესაც ABC-ის პროგრამა "This Week"-ში საუბრისას, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ ერთგვარი მინიშნება გააკეთა შესაძლო ომისთვის მზადყოფნის თემაზე:
ლეონ პანეტა

ლეონ პანეტა


”ძირითადი პრინციპი ის არის, რომ არც შეერთებული შტატები და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპირებს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება მისცეს. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ მას ამ იარაღის შექმნაში შევუშალოთ ხელი. ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია. ჩვენ მეტად მკაცრი სანქციები დავუწესეთ ირანს და მსოფლიოს ამ ნაწილში მზად ვართ ყველა შესაძლო ვარიანტისთვის. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამ საკითხების დოპლომატიური გზით მოგვარებას.”

თუმცა დიპლომატიური გზების მოსინჯვაში გასული დრო სასტიკად აღიზიანებს შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირეს - ისრაელს, რომელიც უკვე კარგა ხანია სამხედრო შეტევით ემუქრება ბირთვული იარაღის დამზადებით დაკავებულ ირანს. მართალია, შეერთებული შტატები ისრაელის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, თუკი ისრაელმა დაპირება შეასრულა, შეერთებული შტატები აუცილებლად დაუჭერს მას მხარს.

და სად დადგება ასეთ შემთხვევაში საქართველო?
საქართველოს დამოკიდებულება, ვთქვათ, პოლიტიკურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან არის ისეთივე, როგორიც მისი სტრატეგიული პარტნიორების, და ამ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მთავარია შეერთებული შტატები...

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ირანთან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობების მიუხედავად, საქართველოს არჩევანი საკმაოდ ნათელი და გარკვეულია:

”საქართველოს დამოკიდებულება, ვთქვათ, პოლიტიკურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან არის ისეთივე, როგორიც მისი სტრატეგიული პარტნიორების, და ამ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მთავარია შეერთებული შტატები.”

პოზიციის წინასწარ გამჟღავნებას საფრთხილოდ მიიჩნევს ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრი თეონა აქუბარდია. თუმცა ამგვარი წინაპირობის გათვალისწინებით, ანალიტიკოსი თვლის, რომ საქართველო გარკვეული ფორმით ჩაბმული აღმოჩნდება ირანთან შეერთებული შტატების შესაძლო ომში:

”არის სხვა ვალდებულებებიც, გარდა თუნდაც საჰაერო დარტყმებისა, რაც საქართველომ შეიძლება იკისროს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს იქნება კატასტროფა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. საფრთხე არის საკმაოდ დიდი, მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ ეს კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, არავის შეუძლია.”

თეონა აქუბარდია საკმაოდ რეალისტურად მიიჩნევს ჯეინის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსის მასალაში მოყვანილ სცენარსაც, რომ თუკი, ირანთან ომის შემთხვევაში, აზერბაიჯანი დროს იხელთებს და ტერიტორიების დასაბრუნებლად შეუტევს სომხეთს, შესაძლოა რუსეთმაც იხელთოს დრო და სომხეთის დახმარების მოტივით პირდაპირ ”გაჭრას” დერეფანი საქართველოს ტერიტორიის გავლით.
ძნელი სავარაუდოა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო გამოიყენოს პლაცდარმად, იმიტომ რომ მას უამრავი სხვა პლაცდარმი გააჩნია, რომელიც გაცილებით ახლოს არის ირანთან და უფრო უკეთ არის ამისთვის მომზადებული, იგივე - ერაყის ტერიტორია რომ ავიღოთ...

ასეთ ვერსიას ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დეკანი ბაკურ კვაშილავა. როგორც ანალიტიკოსი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, მართალია, ირანთან ომის შედეგები აუცილებლად შეეხება საქართველოსაც, - იგივე, ვთქვათ, ლტოლვილების დიდი ნაკადის სახით, - მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო სამხედრო დარტყმების ობიექტი გახდეს, მათ შორის, როგორც შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე:

”ძნელი სავარაუდოა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო გამოიყენოს პლაცდარმად, იმიტომ რომ მას უამრავი სხვა პლაცდარმი გააჩნია, რომელიც გაცილებით ახლოს არის ირანთან და უფრო უკეთ არის ამისთვის მომზადებული, იგივე - ერაყის ტერიტორია რომ ავიღოთ.”

ასეა თუ ისე, ბაკურ კვაშილავას მსგავსად, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები არ დაიწყებს ომს ირანის წინააღმდეგ. ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ ფაქტორად ამ კონტექსტში აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები სახელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG