Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიღწეულ იქნა შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეთრი ეშტონი (მარცხნიდან მესამე) ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან (მარცხნიდან მეოთხე) და ირანის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად. ჟენევა, 24 ნოემბერი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეთრი ეშტონი (მარცხნიდან მესამე) ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან (მარცხნიდან მეოთხე) და ირანის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად. ჟენევა, 24 ნოემბერი
ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ამ ქვეყნის და მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყნის (ეგრეთწოდებული 5+1) წარმომადგენლებმა თითქმის სამდღიანი მოლაპარაკების შედეგად.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, რომელიც მოლაპარაკებებზე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს და გერმანიას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ შეთანხმება ორივე მხარის დათმობებს ითვალისწინებს. მათი რეალიზების კონტროლი დაეკისრა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს.

შეთანხმებით, ირანი ვალდებულია, ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ელემენტი შეაჩეროს დასაწყისითვის ექვსი თვით, საპასუხოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციები შერბილდება.

აშშ-ის და სხვა სახელმწიფოთა ლიდერები ფრთხილად მიესალმნენ მოლაპარაკების ამ შედეგით დასრულებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ შეთანხმებას უწოდა „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დავის სრულად მოგვარებისკენ. დასავლეთში ეჭვი აქვთ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ესწრაფვის. თეირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა: ჟენევის „მოლაპარაკების შედეგი ისაა, რომ „ხუთი პლუს ერთმა“, ანუ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა, აღიარეს ირანის ბირთვული უფლებები“. როჰანი თვლის, რომ შეთანხმების ტექსტში ცხადად არის ფორმულირებული, რომ ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას. ამის გამოა, მიმართავს როჰანი ირანელებს, რომ ირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს, როგორც უწინ.

ზომიერ პოლიტიკოსად მიჩნეულმა პრეზიდენტმა როჰანიმ, რომლის წელს არჩევას მოჰყვა ეს შესაძლებლობა, განახლებულიყო მოლაპარაკება ბირთვული პროგრამის გარშემო, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი არ ესწრაფვის ბირთვულ იარაღს. „ერთწლიანი ფართო მოლაპარაკების, საბოლოო შეთანხმების შემდეგ, ვერავინ უნდა თქვას, ‘თავიდან ავიცილეთ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდაო’. ეს სასაცილო, ისტორიული ხუმრობაა. ირანი არასოდეს ესწრაფვოდა ბირთვულ იარაღს“, თქვა პრეზიდენტმა როჰანიმ.

ირანის რელიგიურმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეთანხმება მომავალი წინსვლის კარგი საფუძველია.

ჟენევაში მიღწეული შეთანხმების გამო ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ისტორიული მიღწევა კი არა, არამედ "ისტორიული შეცდომაა". ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის თქმით, შეთანხმების წარმატება-წარუმატებლობას შედეგი განსაზღვრავს და არა სიტყვები. „მსურს ვუთხრა ირანის ხალხს, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები, და ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები. ამ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება შესაძლებელია... უარყავით ტერორიზმი. შეაჩერეთ ბირთვული პროგრამა. შეწყვიტეთ შორი რადიუსის რაკეტების განვითარება. ისრაელი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები, დიპლომატიურ მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას,“ მიმართა ირანელებს ისრაელის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, „გრძელ და რთულ გზაზე“ გარღვევად შეაფასა ჟენევაში, ერთი მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას და, მეორე მხრივ, ირანს შორის მიღწეული შეთანხმება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუმარტა, რომ მიღწეული შეთანხმება ეფუძნება კონცეფციას, რომელიც თავის დროზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა და რომელიც განმტკიცდა მოსკოვის საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციაში. შეთანხმება, ლავროვის თქმით, ნიშნავს: „თანახმა ვართ, რომ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ირანის უფლება, იქონიოს მშვიდობიანი ატომური ენერგია, ურანის გამდირების უფლების ჩათვლით. და, ამავე დროს, გვესმის, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომლებიც არაა გარკვეული, უნდა გაირკვევს და თვითონ პროგრამა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ჩინეთის ტელევიზიით განაცხადა, რომ შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას და სტაბილურობას წაადგება. ის შესაძლებლობას აძლევს ყველა მხარეს, ნორმალური ურთიერთობა იქონიონ ირანთან. და ეს წინასწარი შეთანხმება, რა თქმა უნდა, წაადგება ირანის ხალხს, რათა უკეთესად იცხოვროსო, მიიჩნევს პეკინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG