Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს რამდენიმე თვე დასჭირდება ბირთვული პროგრამის შესაზღუდად


პარჩინის სამხედრო ობიექტი, რომელშიც სავარაუდოდ ირანის ბირთვულ იარაღზე მუშაობდნენ.
პარჩინის სამხედრო ობიექტი, რომელშიც სავარაუდოდ ირანის ბირთვულ იარაღზე მუშაობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ირანს რამდენიმე თვე დასჭირდება საიმისოდ, რომ შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა, როგორც ეს გათვალისწინებულია თეირანთან მიღწეული ისტორიული შეთანხმებით. ეს განცხადება ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს შეთანხმების მიღწევიდან ზუსტად 90 დღის შემდეგ, 18 ოქტომბერს. შეთანხმების თანახმად, ამ დღიდან უნდა დაიწყოს მისი პირობების შესრულება. ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კიდევ ხუთ სახელმწიფოს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ის მთავრობას განკარგულება გასცა, ზომები მიიღოს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოსახსნელად. სანქციების მოხსნა გათვალისწინებულია ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით, რომელსაც ივლისში მიაღწიეს თეირანმა და ექვსმა სახელმწიფომ.

ობამამ შესაბამისი მემორანდუმი გაუგზავნა აშშ-ის საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ფინანსთა სამინისტროებს. მან სახელმწიფო მდივან ჯონ კერის დაავალა, „ყველა სათანადო დამატებითი ზომა იქნეს მიღებული, რათა აშშ-მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“.

შეთანხმების მიხედვით, ირანს სანქციები ეტაპობრივად უნდა მოეხსნას მას შემდეგ, რაც ირანი შეზღუდავს ბირთვულ სფეროში საქმიანობას.

დასავლეთი ირანს ბრალს სდებს ბირთვული პროგრამის არამიზნობრივ გამოყენებასა და ატომურ იარაღზე მუშაობაში, რასაც თეირანი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფს. შეთანხმების თანახმად, ირანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს მიწისქვეშა ატომურ სადგურში, მძიმე წყლის რეაქტორებსა და ურანის მოპოვებაში.

აშშ-ში ასევე აცხადებენ, რომ ირანს სანქციები მხოლოდ მას შემდეგ მოეხსნება, რაც საერთაშორისო ბირთვული ენერგეტიკის სააგენტო შეამოწმებს ირანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულების პროცესს.

ფიქრობენ, რომ ეს პროცესი ირანის მიერ ნავარაუდევ ორთვიან პერიოდზე მეტ ხანს გაგრძელდება.

18 ოქტომბერს თეირანში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციები სავარაუდოდ იანვრამდე დარჩება უცვლელი და მსოფლიოს ქვეყნები დაელოდებიან, შეასრულებს თუ არა თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სფეროში მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებულია არაკის კვლევითი რეაქტორის გარდაქმნა, რათა მასში აღარ იყოს შესაძლებელი პლუტონიუმის წარმოება. არაკის რეაქტორის ბედი ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი იყო ხანგრძლივ მოლაპარაკებებში, რომელშიც ირანისა და აშშ-ის გარდა მონაწილეობდნენ საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

თავად ირანი წლის ბოლოსთვის ვარაუდობს თეირანსა და მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას. ამის თაობაზე ორშაბათს ვენაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, აბას არაქჩიმ განაცხადა.

რიგითი ირანელები სანქციების შემსუბუქების პერსპექტივებს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ.

„იმედი მაქვს, სანქციები გაუქმდება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად არ ვართ განწყობილი, ვინაიდან მუდამ სხვადასხვა მხრიდან ზეწოლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. მაგალითად, როცა მეგობრებთან ერთად ვარ და ვსაუბრობთ ომზე, რომლის მომსწრეები ლამის დაბადებიდან ვართ, ან მსგავს რამეებზე, რაც გვძულს. ჩვენი თაობა შიშის პირობებში გაიზარდა“, ფიქრობს თეირანის მცხოვრები სამანე.

უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი იმამ სადეღის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მოჰამად ჰასან ხანი:

„იმედიანად ვარ, ვინაიდან მე იმათ განვეკუთვნები, ვინც ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს მოლაპარაკებების ამ პროცესს. ჩემი აზრით, მოვიდა დრო, ერთგვარად მოვიმკათ მოლაპარაკებების შედეგი და დავრწმუნდეთ, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო და დიპლომატიამ გაამართლა. ეს კარგი ამბავია არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ რეგიონისთვისაც, და მეორე მხარისთვისაც, ანუ ხუთს პლუს ერთისთვის“.

ჯერჯერობით ირანმა რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა უკანასკნელი კვირების განმავლობაში. როგორც იტყობინებიან, ირანის შენაერთები იბრძვიან სირიაში. თეირანი აცხადებს, რომ იქ მხოლოდ მისი მრჩევლები იმყოფებიან. ახლახან ირანის რევოლუციურმა სასამართლომ გაასამართლა „უოშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი, რომელსაც სხვა ბრალდებებთან ერთად ჯაშუშობაშიც ედება ბრალი. ირანს არ წარმოუდგენია სასამართლოს განაჩენისა და მისი აღსრულების დეტალების შესახებ ინფორმაცია. ასევე, თეირანმა წარმატებით გამოცადა მართვადი შორი რადიუსის ბალისტიკური ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG